ევროპარლამენტმა Amazon-ის ლობისტებს სამკერდე ნიშნები გაუუქმა
ევროპარლამენტმა Amazon-ის ლობისტებს სამკერდე ნიშნები გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა ვეღარ მიიღებენ.
ევროპარლამენტმა Amazon-ის ლობისტებს სამკერდე ნიშნები გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა ვეღარ მიიღებენ.
ნაბიჯი ევროკავშირის დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოთხოვნას მოჰყვა — მისმა თავმჯდომარემ Amazon «ძირითადი უფლებების» დარღვევების გამოძიებების დაბლოკვაში დაადანაშაულა.
Amazon-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით, რომელიც 14 თანამშრომელს შეეხო, «ძალიან იმედგაცრუებული დარჩა».
განცხადებაში კომპანია ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის დასაქმებისა და სოციალური საკითხების კომიტეტის წევრებთან თანამშრომლობის სურვილი არაერთხელ გამოხატა.
«როგორც კომპანია, რომელიც ევროკავშირში 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობს და აქ 150 000-ზე მეტი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელსა და მთელს ევროპაში სერიოზულად ვუყურებთ». — ნათქვამია განცხადებაში.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, კომიტეტის თავმჯდომარე, დრაგოშ პისლარუ Amazon-ს არ დაეთანხმა.
განცხადებაში მან დასძინა, რომ 2021 წლიდან მისი კომიტეტი ევროკავშირში Amazon-ის თანამშრომლების სამუშაო პირობების გამოძიებას ცდილობდა.
მისი თქმით, Amazon-ის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ მოსმენებში მონაწილეობა მიეღოთ და კომპანიაში კომიტეტის წევრების ვიზიტი დაეშვათ, თუმცა უშედეგოდ.
«მათი მიდგომა ევროპარლამენტისა და ზოგადად ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ არასწორი და უპატივცემულო იყო». — ნათქვამია განცხადებაში.
თავისმხრივ, Amazon-მა განაცხადა, რომ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ის «აშკარად ცალმხრივი იყო და კონსტრუქციული დებატების წახალისებას არ ემსახურებოდა».
კომპანია ამტკიცებს, რომ თავის ობიექტებში კომიტეტის წევრებს ვერ უმასპინძლა, რადგან შემოთავაზებული თარიღი შობამდე ცოტა ხნით ადრე იყო, რა დროსაც Amazon-ში «საცალო ვაჭრობის პიკია».
ევროკავშირსა და გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის უთანხმოება ხშირია. მაგალითად, Google-სა და Meta-ს, ისევე როგორც თავად Amazon-ს, ევროპული კანონმდებლობის დარღვევისთვის მილიარდობით ფუნტის ჯარიმა დაეკისრათ.
ევროკავშირმა ასევე ცოტა ხნის წინ ციფრული სერვისების აქტი (DSA) მიიღო, რომელმაც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი პასუხისმგებლობა დააკისრა.