DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
ევროკავშირმა არაკონკურენტული პრაქტიკის გამო მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის გამოძიება დაიწყო.
ევროკავშირმა არაკონკურენტული პრაქტიკის გამო მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის გამოძიება დაიწყო.
Meta, Apple და Alphabet ციფრული ბაზრის აქტის (DMA) პოტენციური დარღვევის გამო მარეგულირებლებისა და კანონმდებლების დაკვირვების ობიექტები გახდნენ. აღნიშნული კანონი ევროკავშირში 2022 წელს შემოიღეს.
თუ აღმოჩნდება, რომ მათ წესები დაარღვიეს, კომპანიებს, დიდი ალბათობით, უზარმაზარი ჯარიმები დაეკისრებათ — მათი წლიური ბრუნვის 10%-მდე.
ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სტრუქტურების უფროსმა, მარგარეტ ვესტაგერმა და ევროკომისიაში შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელმა, ტიერი ბრეტონმა გამოძიება 25 მარტს დაიწყეს.
DMA-ის ფარგლებში ვალდებულებები მხოლოდ ექვს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას გააჩნია: Alphabet, Apple, Meta, Amazon, Microsoft და ByteDance.
საინტერესოა, რომ არც ერთი კომპანია ევროპაში დაფუძნებული არ არის — ხუთი აშშ-შია, ხოლო ByteDance-ს სათავო ოფისი პეკინში აქვს.
ეს სამი კვირის შემდეგ მოხდა, რაც მუსიკის სტრიმინგის კონკურენციის კანონების დარღვევისთვის ევროკავშირმა Apple 1,8 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.
ამავდროულად, გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა Apple-ი სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულა.
Apple-ის სპიკერი ამბობს, რომ კომპანია გამოძიებაში კონსტრუქციულად ჩაერთვება და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გეგმა ციფრული ბაზრების აქტს შეესაბამება.
Apple-მა დაამატა, რომ მათმა გუნდებმა ევროკავშირის საეტაპო კანონმდებლობის შესასრულებლად სხვადასხვა მექანიზმები შეიმუშავეს, მათ შორის ევროკავშირის მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის.
«ჩვენ ევროკომისიისა და დეველოპერების წინაშე მოქნილობა და პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ, მათ უკუკავშირს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ». — აცხადებენ კომპანიაში.
ამავდროულად, Meta-ს სპიკერმა თქვა, რომ კომპანიის მიერ გამოწერების (subscriptions) რეკლამის ალტერნატივად გამოყენება «მრავალ ინდუსტრიაში კარგად დამკვიდრებული ბიზნეს მოდელია».
«ჩვენ გამოწერის ფუნქცია რეკლამების გასაქრობად გამოვიყენეთ, რათა რამდენიმე მარეგულირებელი ვალდებულება შევასრულოთ, მათ შორის DMA. ჩვენ კომისიასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გავაგრძელებთ». — თქვეს მათ.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ აქტის ფარგლებში, ხუთ სხვადასხვა შესაძლო დარღვევას გამოიძიებს:
1 და 2 — აძლევენ თუ არა Apple და Alphabet აპლიკაციებს უფლებას მომხმარებლებს, თავისუფლად დაუკავშირდნენ და მათთან კონტრაქტები გააფორმონ.
3 — აძლევს თუ არა Apple მომხმარებლებს საკმარის არჩევანს.
4 — უსამართლოდ ითხოვს თუ არა Meta მომხმარებლებისგან გადახდას, რათა რეკლამებს თავი აარიდონ.
5 — ანიჭებს თუ არა Google საკუთარ საქონელსა და მომსახურებას ძიების შედეგებში უპირატესობას.
ვესტაგერის თქმით, გამოძიებას დაახლოებით 12 თვე დასჭირდება — თუმცა, ბრეტონმა მოგვიანებით განმარტა, რომ პროცესს შეიძლება ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს.
«ჩვენ ვეჭვობთ, რომ სამი კომპანიის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებული გადაწყვეტილებებიც DMA-ს სრულად არ შეესაბამება. ჩვენ საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ვსაუბროთ და არ შეგვიძლია უბრალოდ ვისხდეთ და რამეს ველოდოთ». — თქვა ტიერი ბრეტონმა.