ახალგაზრდა ამერიკელი გოგო, ელისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ვიდეო ჩათის ვებსაიტზე, Omegle-ზე დარეგისტრირდა, სრულიად შემთხვევით კი პლატფორმამ პედოფილთან დააკავშირა, რომელმაც ელისი ციფრული სექსის მონად აქცია. თითქმის 10 წლის შემდეგ ახალგაზრდა ამერიკელი Omegle-ს უჩივის. ამან შეიძლება გზა სხვა სოციალური პლატფორმების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების ახალ ტალღას გაუხსნას.
უმნიშვნელო დეტალებიც კი ელისს იმ ძალადობის ახსენებს, რომელსაც სულ რაღაც 11 წლის ასაკში შეეჩეხა.
მოძალადეს განსაკუთრებით აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ელისი ვიდეოებში და აიძულებდა, თმა ყოველთვის მარცხენა მხარეს შეეკრა.
«მე მხოლოდ 11 წლის ვიყავი, მოძალადეს კი სურდა, რაც შეიძლება ზრდასრული გამოვჩენილიყავი». — ამბობს ელისი.
ახლაც კი, თუ ელისის თმა მარცხენა მხარეს გადაიწევა, ეს მის ძლიერ კანკალს იწვევს.
21 წლის ელისს უკვე შეყვარებულიც ჰყავს და მასთან ჰარმონიული ურთიერთობაც აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ძალადობისგან გამოწვეული პრობლემები ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.
როდესაც ელისმა Omegle პირველად გამოსცადა, პლატფორმა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
«მე და ჩემი მეგობრები Omegle-ზე ძილის წინ დავრეგისტრირდით. სკოლაში პლატფორმის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ, ცხადია, საფრთხეებს ვერავინ იაზრებდა» — ამბობს ელისი.
დღეს ვებსაიტს თვეში დაახლოებით 73 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, ძირითადად, ინდოეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, მექსიკიდან და ავსტრალიიდან. ზოგიერთი თინეიჯერისთვის Omegle ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილია.
პლატფორმაზე მეგობრებთან ერთად შესვლის შემდეგ ელისი Omegle-ს მარტო ეწვია. სწორედ მაშინ შეხვდა კანადელ პედოფილს, რაიან ფორდაისს.
ელისი იმ დროს ადრეულ თინეიჯერულ შფოთვებს ებრძოდა, ფორდაისმა კი მას თავი უკეთესად აგრძნობინა. პირველი ვიდეო ჩათის დროს დაარწმუნა, მისთვის პირადი მიმოწერის დეტალები გაეზიარებინა.
«მან ჩემით მანიპულირება შეძლო. ძალიან მოხერხებულად მაიძულებდა ისეთი რამის გაკეთებას, რასაც ბავშვები წესით არ უნდა აკეთებდნენ». — ამბობს ელისი.
მას შემდეგ, რაც ფორდაისმა ელისს ინტიმური სურათები გააგაზვნინა, დაარწმუნა, რომ ის ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალის შექმნასა და გაზიარებაში მონაწილეობდა. დაპატიმრების შიშით კი 10 წლის გოგომ ოჯახსა და მეგობრებს ყველაფერი დაუმალა.
«ჩემი ბავშობის დიდი ნაწილი იმ ადამიანის ზარის მოლოდინში გავატარე, რომელსაც ჩემთვის მხოლოდ ცუდის გაკეთება უნდოდა». — თქვა ელისმა.
ასე სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლოს კი ფორდაისმა ინტერესი დაკარგა და კომუნიკაციაც შეწყდა.
კიბერ რეპორტიორი, ჯო ტიდი ელისსა და მის იურიდიულ გუნდს ესაუბრა. ისინი ერთად მოამზადებენ Omegle-ს წინააღმდეგ საქმეს, რომელმაც შესაძლოა სოციალური მედიის კომპანიებზე დიდი გავლენა იქონიოს.
ელისი საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე შენახვას აპირებდა, მაგრამ კანადის პოლიციამ შეამჩნია, რომ ვიღაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალებს ინტერნეტით აზიარებდა.
კანადელმა პოლიციელმა, პემ კლასენმა რაიან ფორდაისის სახლს IP მისამართის გამოყენებით მიაგნო და ჩხრეკის ორდერიც მოიპოვა.
2018 წლის 12 იანვარს კლასენი ფორდაისის საცხოვრებელს ეწვია. თავად მოძალადე იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. პოლიციელმა მის კომპიუტერში შეღწევა მოახერხა და სექსუალური ძალადობის სურათებისა და ვიდეოების საზარელ კოლექციას წააწყდა. კანადელი პედოფილი სახლში სადილისთვის დაბრუნდა, რა დროსაც დააკავეს.
«ის გაოცდა, ცოლმა კი იფიქრა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პოლიციის შეცდომა იყო» — ამბობს პემ კლასენი.
პოლიციამ კომპიუტერში შვიდი საქაღალდე იპოვა, თითოეულს სხვადასხვა გოგოს სახელი ჰქონდა. ერთ-ერთი 11-დან 14 წლამდე ასაკის ალისის 220 სურათსა და ვიდეოს შეიცავდა, სადაც მოძალადე მას მასტურბაციასა და მოშარდვას აიძულებდა.
38 წლის ფორდაისს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ბრალი დაუმტკიცდა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ელისი Omegle-ს წინააღმდეგ
ფორდაისის გისოსებს მიღმა ყოფნის შემდეგ, ელისი Omegle-ის წინააღმდეგ საქმეს, რომელსაც მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, უფრო მშვიდად მიჰყვება. ეს შეიძლება პირველი შემთხვევა იყოს, როცა ტექნოლოგიურ პლატფორმას პრობლემები მისი აგებულების გამო შეექმნება.
გასულ წელს, მსგავს საქმეებს ისეთი პლატფორმების წინააღმდეგ შევხვდით, როგორიცაა Instagram და Snapchat, მაგრამ, ელისი Omegle-ს წინააღმდეგ, სავარაუდოდ, მათ შორის ლიდერი იქნება.
«შეერთებულ შტატებში ჩვენ კომუნიკაციების აქტის 230-ე მუხლი გვაქვს, რომელიც ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას წარმოუდგენლად ართულებს», — განმარტავს ალისის ადვოკატი, კერი გოლდბერგი.
იურიდიული გუნდი ამტკიცებს, რომ Omegle-მ შეძლო «მტაცებლების სანადირო ადგილი» გამხდარიყო, ასაკის გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ძლიერი საშუალებების არქონის გამო.
ფიქრობენ და იმედოვნებენ, რომ ელისი მილიონობით დოლარის კომპენსაციას მიიღებს, ხოლო Omegle მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.
უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
რუსეთის შეჭრამ უკრაინა ციფრული ომის ეპიცენტრადაც აქცია. თუმცა, ანალიტიკოსების გასაკვირად, გასული წლის განმავლობაში, კიბერშეტევებს განვითარებულ მოვლენებზე დიდი გავლენა არ ჰქონიათ.