უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
რუსეთის შეჭრამ უკრაინა ციფრული ომის ეპიცენტრადაც აქცია. თუმცა, ანალიტიკოსების გასაკვირად, გასული წლის განმავლობაში, კიბერშეტევებს განვითარებულ მოვლენებზე დიდი გავლენა არ ჰქონიათ.
რუსეთის შეჭრამ უკრაინა ციფრული ომის ეპიცენტრადაც აქცია. თუმცა, ანალიტიკოსების გასაკვირად, გასული წლის განმავლობაში, კიბერშეტევებს განვითარებულ მოვლენებზე დიდი გავლენა არ ჰქონიათ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე კიბერშეტევები გააქტიურდა. 2022 წლის 15 თებერვალს რუსმა ჰაკერებმა უკრაინის ისტორიაში ყველაზე ძლიერი DDoS შეტევა განახორციელეს. სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ერთი დღით ადრე კი, რამდენიმე სამთავრობო და საბანკო ვებსაიტს კიდევ ერთხელ დაარტყეს.
თუმცა, მომდევნო თვეებში დიდი კიბერშეტევების შესახებ ცნობები შემცირდა.
«კიბერშეტევა ფიზიკურ შეტევამდე ტაქტიკური ნაბიჯია… ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც სამიზნის შესუსტებისთვის გამოიყენება იქამდე, სანამ ომი უშუალოდ დაიწყება». — ამბობს EMEA უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი და ნატოს რეგულარული მრჩეველი ზაქარი უორენი.
უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ ომის მიმდინარეობისას, უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთის მიზნები შეიცვალა.
2023 წლის იანვრის ანგარიშში უსაფრთხოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიბერშეტევები თავდაპირველად უკრაინის კომუნიკაციების დეპარტამენტისკენ იყო მიმართული და ამის მიზანი სამხედრო და სამთავრობო ოპერაციების ჩაშლა იყო. მაგრამ ფრონტზე რუსეთის პირველი მარცხის შემდეგ, აქცენტი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე გაკეთდა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ყველა თავდასხმა აქამდე ნაცნობი ტექნიკით ხორციელდებოდა.
«რუსეთის მიერ გამოყენებული თავდასხმები ჩვენ დიდი ხნის წინ გავშიფრეთ. თუმცა, ზიანი მაინც მოგვაყენა». — აცხადებენ მოხსენების ავტორები.
ბევრი ანალიტიკოსი ელოდა, რომ კიბერშეტევები უფრო ფართომასშტაბიანი და გამანადგურებელი იქნებოდა. უსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-ის დაზვერვის ხელმძღვანელი, ადამ მაიერსი ამბობს, რომ რუსეთი სწრაფ გამარჯვებას ელოდა. ამიტომ, შესაძლოა კრემლმა დესტრუქციული კიბერშეტევები თავიდან აიცილა, რადგან მას უკრაინის ინფრასტრუქტურა «მეგობრული მთავრობის» გასამყარებლად სჭირდებოდა.
«იქიდან გამომდინარე, რომ რუსებმა კიევი ვერ აიღეს და ვერ შეძლეს ისე სწრაფად წინსვლა, როგორც ელოდნენ, უფრო მეტი ტაქტიკური კიბეროპერაციის განხორციელება მოუწიათ. ფართო თავდასხმები დასავლეთის წინააღმდეგ არ ყოფილა — ჩვენ ყველანი ამისთვის ვემზადებოდით». — თქვა მაიერსმა.
იანვარში, უკრაინის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს მაღალჩინოსანმა, ვიქტორ ჟორამ განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში კიბერშეტევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.
ჟორას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს და დაისაჯოს.
თავდასხმის მიუხედავად, უკრაინის ქსელები ძალიან გამძლეა. ანალიტიკოსები ამას უკრაინის სარემონტო ეკიპაჟებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქსელებთან ფართო კავშირსა და ინტერნეტის გაცვლის პუნქტების დიდ რაოდენობას მიაწერენ.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ციფრული ომი უბრალოდ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე — ფიზიკური, ზოგიც კი თვლის, რომ რუსეთის შესაძლებლობები უბრალოდ გადაჭარბებული იყო.
რუსეთთან ხანგრძლივმა კონფლიქტმა უკრაინაში კიბერშეტევების შერბილების უზარმაზარი გამოცდილება შექმნა.
«ამან გაგვაძლიერა. ამ კიბერ აგრესიისგან ბევრი ვისწავლეთ». — თქვა ჟორამ გასულ წელს.
წინ კიდევ ბევრი გაკვეთილია, მაგრამ უკრაინას უკვე თამამად შეუძლია, მოკავშირეებს კიბერ შეტევებისგან თავდაცვის კურსები ჩაუტაროს.