ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
15 თებერვალი 2024, 13:04
2024-02-15
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
სად არის ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი კიბერუსაფრთხოებაში? რა არის ყველაზე მოთხოვნადი უნარები? სამართლიან ხელფასს ვიღებ? ეს იმ ტიპის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემაშიც StationX-ის უახლესი, კიბერუსაფრთხოების სტატისტიკა დაგეხმარებათ.
ახალი ტენდენციები — მაგალითად, ღრუბლოვანი გამოთვლები, დისტანციური მუშაობა და ხელოვნური ინტელექტი — განსხვავებულ კიბერ საფრთხეებს იწვევს და დამსაქმებლებისგან ახალ უნარებს მოითხოვს. თვალი ადევნეთ უახლეს ტენდენციებს და აითვისეთ ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.
გლობალური მუშახელის ზომა და ზრდა
2023 წელს კიბერუსაფრთხოებაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვმა 5.5 მილიონს მიაღწია, რაც 2022 წლის შედეგზე დაახლოებით 440 000-ით მეტია — ზრდა 8,7%-ია.
2023 წელს კიბერ მუშახელის მოცულობის წლიური ზრდა ყველა რეგიონში დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი ზრდა ახლო აღმოსავლეთის/აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში მივიღეთ, სადაც სამუშაო ძალა 11,7%-ით გაიზარდა.
StationX-ის ცნობით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური მუშახელი ჰყავს და მათი რაოდენობა 1,33 მილიონს შეადგენს.
აშშ-ის კიბერ მუშახელის რაოდენობა 2010 წლიდან 59%-ით გაიზარდა.
დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე ბრაზილია (749 000), ხოლო მესამე ადგილზე მექსიკაა (536 000). საქართველოში Linkedin-ის მონაცემებით, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით 1500-1700 ადამიანია დასაქმებული.
გლობალური ბაზრის ზომა და ზრდა
კიბერუსაფრთხოების გლობალური ბაზრის ზომა 2021 წელს 197 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ის 657 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს — შესაბამისად ბაზრის დაახლოებით 3-ჯერ ზრდა არის ნავარაუდები.
საშუალოდ, ბიზნესი უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტის 38%-ს პერსონალსა და კომპენსაციაზე ხარჯავს.
ბიზნესები, რომლებიც მთლიანად ღრუბლოვან სისტემაზე მუშაობენ, თავიანთი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს (47%) პერსონალზე ხარჯავენ.
2023 წელს ფართო ეკონომიკური წნეხის გამო ბევრმა კომპანიამ ტექნიკური ხარჯები შეამცირა, ამის მიუხედავად, კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტი კვლავ იზრდებოდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით უფრო ნელი ტემპით.
როგორც ცნობილია, 2023 წელს კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტი საშუალოდ, 6%-ით გაიზარდა.
ხელფასის ტენდენციები კიბერუსაფრთხოებაში
კიბერ პოზიციებზე ხელფასები კვლავ იზრდება. ყველაზე მაღალი ხელფასები ჩრდილოეთ ამერიკაშია. თუმცა, კიბერუსაფრთხოების სამუშაო სტატისტიკა აჩვენებს, რომ საუკეთესო ხელფასის მქონე ქვეყნების ათეულში რვა ევროპულია.
ანაზღაურების სტატისტიკა როლების მიხედვით ასე გამოიყურება:
დაცვის უფროსი — 245,000
ინფორმაციის უსაფრთხოების ოფიცერი — 202,250
ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი — 202,000
Detection Engineer — 193,500
უსაფრთხოების ოპერაციების ინჟინერი — 180,000
2023 წელს ფინანსურმა ვებგვერდმა, Insider Monkey-მა კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებზე ყველაზე დიდი მოთხოვნილების მქონე ქვეყნები გამოავლინა — პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, მეორე ადგილზე ლუქსემბურგი გავიდა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებზე — გაერთიანებული სამეფო და დანია.
მიწოდება და მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების დასაქმებაში
2023 წელს დამსაქმებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დაახლოებით 4 მილიონი დამატებითი თანამშრომელი იყო საჭირო. ეს შრომითი სხვაობა 2022 წელთან შედარებით 12,6%-ით გაიზარდა.
მსოფლიოში ორგანიზაციების 67% პერსონალის დეფიციტს განიცდის, რაც ხელს უშლით, თავიდან აიცილონ და მოაგვარონ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
კიბერ შრომის დეფიციტი ყველაზე შესამჩნევი განათლებისა და სამთავრობო სექტორებშია. ამ სექტორებში არსებული ორგანიზაციების 78% კიბერუსაფრთხოების პერსონალის ნაკლებობას აცხადებს.
Fortinet-ის 2023 წლის კიბერუსაფრთხოების უნარების ანგარიში ვარაუდობს, რომ ორგანიზაციების 56% დაქირავებაზე, ხოლო 54% კიბერ ნიჭის შესანარჩუნებაზეა კონცენტრირებული.
უსაფრთხოების ლიდერების 90%-ს მიაჩნია, რომ უნარების ნაკლებობამ მათ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში ხელი შეუშალა.
საგანმანათლებლო და სერტიფიცირების ტენდენციები
კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკის მიხედვით, დამსაქმებლები ყველაზე დიდ ყურადღებას უნარებსა და ხარისხს აქცევენ. ბევრი ბიზნესისთვის, კოლეჯის ხარისხი აღარ არის აუცილებელი — თუმცა სერთიფიკატები უფრო მოთხოვნადი ხდება, ვიდრე ოდესმე.
გლობალურად, დაქირავების მენეჯერების 45% ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია განათლებასა და უნივერსიტეტის დიპლომს ეყრდნობა, როდესაც კიბერუსაფრთხოების პროფესიონალს ეძებს.
საწყისი დონის კიბერუსაფრთხოების როლზე დაქირავებისას, უსაფრთხოების ლიდერების 70% ამბობს, რომ ისინი უფრო მეტად გამოცდილებაზე (1-3 წელი) არიან ორიენტირებულნი, ვიდრე საწყისი დონის განათლებაზე.
საინტერესოა, რომ 2022 წელს ლიდერების 90%-ს სერთიფიკატების მქონე ადამიანების დაქირავება სურდათ, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 81% იყო.
ლიდერების 72%-მა განაცხადა, რომ სერტიფიცირებული ადამიანების დაქირავებამ ორგანიზაციაში უსაფრთხოება და ინფორმირებულობა გაზარდა.
ცვლილებები კიბერუსაფრთხოების სამუშაო ბაზარზე
COVID-19-მა ბევრ ორგანიზაციას უბიძგა, თავიანთი სამუშაო პრაქტიკა შეეცვალათ — დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო მოდელების გამრავლებით და ღრუბელზე მეტი დამოკიდებულებით.
2023 წელს უსაფრთხოების ლიდერების 45% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ კიბერუსაფრთხოების ინვესტიციების მოპოვება უფრო ადვილი პანდემიის შემდეგ გახდა.
ISC2-მა აღმოაჩინა, რომ პანდემიის პიკში, კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების დაახლოებით 44% დისტანციურად მუშაობდა. ეს მაჩვენებელი 2022 წელს 33%-მდე შემცირდა.
ეკონომიკური გაურკვევლობა და გავლენა კიბერუსაფრთხოების სამუშაო ბაზარზე
გლობალურად, 2023 წელს ტექნოლოგიურ სექტორში სამსახურიდან დაახლოებით 240,000 ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა კიბერუსაფრთხოების სექტორს ეს ნაკლებად შეეხო
კიბერუსაფრთხოების სფეროში 38% თანამდებობიდან გათავისუფლებას მომდევნო 12 თვის განმავლობაში ელის.
დაქირავების მენეჯერების 52% ეთანხმება, რომ სხვა ტექ სექტორებში გათავისუფლება ქმნის შესაძლებლობას, რომ კიბერუსაფრთხოებაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.
საბოლოოდ, ბევრი პროფესიონალისთვის ბოლო რამდენიმე წელი შემაშფოთებელი აღმოჩნდა. რთული ეკონომიკური კლიმატის გამო, ბიზნესი იძულებული გახდა ტექნიკური ხარჯები შეემცირებინა, რაც ბიუჯეტის შემცირებას გულისხმობდა — ხშირ შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლებით.
კიბერუსაფრთხოება ამისგან სრულიად დაცული არ არის, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო ბაზარი ამ სფეროში საოცრად აქტიური რჩება.
კიბერ უნარების ხარვეზების მუდმივი არსებობა — ახალ და განვითარებად საფრთხეებთან ერთად — ნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოების ბაზარი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ძლიერი დარჩება.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება საკუთარი პირობებით? წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა იქნება ისეთ მოქნილ სფეროში მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ყოველ წუთს განიჭებთ — აღმოაჩენთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს, იგრძნობთ კავშირს ბუნებასთან და გაეცნობით ახალ კულტურას.