პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
ციფრული სამყაროს ერთ-ერთ მთავარ დანაშაულებრივ გამოწვევას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და/ან ამით შანტაჟი წარმოადგენს. ეს დანაშაული საფრთხეს უქმნის ადამიანს და აყენებს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შანტაჟთან და მანიპულაციასთან გამკლავება უწევს. მსხვერპლთა დიდი ნაწილი ქალი ან არასრულწლოვანი გოგოა.
33 წლის ქალმა, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა, dev.ge-სთან თავის გამოცდილებაზე ისაუბრა. მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ. ეს 13 წლის წინ ხდებოდა, როცა მსხვერპლი 20 წლის იყო. ის თავის სურათებს თავის პარტნიორს და საუკეთესო მეგობარს უგზავნიდა.
ყვება, რომ ერთხელ, სამსახურში ყოფნის დროს, ანგარიშისგან, რომელზეც არანაირი ინფორმაცია დატანილი არ იყო, მიიღო შეტყობინება, რომელიც ეუბნებოდა, რომ მისი სურათები ჰქონდა. თუმცა, მისგან არაფერს არ ითხოვდა. მოგვიანებით, ის ფოტოებიც გაუგზავნა.
დაიწყო ფიქრი, ვინ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე და შესაბამისად, პოლიციას მიაკითხა. თუმცა, მისთვის უსაფრთხო გარემო არც იქ აღმოჩნდა. პოლიციელებმა მას თავისი Facebook-ის ანგარიშის დეტალები სთხოვეს.
განყოფილებიდან წამოსვლის შემდეგ მალევე გამომძიებელმა დაურეკა, რომელიც უკან დაბრუნებას და ერთ-ერთ საბუთზე ხელის მოწერას სთხოვდა. თუმცა, განყოფილებაში დაბრუნებულს სულ სხვა ვითარება დახვდა.
გამომძიებელი მსხვერპლს მტკიცებულების გარეშე არწმუნებდა, რომ დამნაშავე მისი პარტნიორი იქნებოდა, სთხოვდა, დაშორებოდა და მასთან დარჩენილიყო.
მას შემდეგ, რაც განყოფილებაში მივიდა, იმას, ვინც აშანტაჟებდა, მისწერა, რომ საქმე პოლიციამდე მიიტანა. ანგარიში და შეტყობინებები გაქრა. თუმცა, ახალი საფრთხე — პოლიციელი ადგილზე რჩებოდა.
ამის შემდეგ, მსხვერპლმა ქალმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა, სადაც პოლიციელის ქმედებების შესახებ განაცხადა. ორგანიზაციაში ურჩიეს, გენერალურ ინსპექციაში ეჩივლა. გამოცდილებიდან გამომდინარე, დაზარალებულს შსს-ს სხვა წარმომადგენლებთან შეხება აღარ სურდა, ამიტომ გენინსპექციისთვის არ მიუმართავს, თუმცა, პოლიციელს შეატყობინა, რომ საიასაც მიმართა და ჩივილსაც აპირებდა. პოლიციელი გაქრა.
ის, თუ როგორ ჩაუვარდა შეტყობინებების ავტორს მისი ფოტოები ხელში, დღემდე უცნობია.
ქალი გვიყვება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ 6 წლის განმავლობაში გამუდმებულ შიშში ცხოვრება უწევდა. ჰყავდა კარგი პარტნიორი, ჰქონდა კარგი სამსახური. თუმცა, შფოთვა რჩებოდა. ამბობს, რომ ეშინოდა სამსახურის დაკარგვის, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სადმე მოულოდნელად გამოაქვეყნებდნენ.
ის ახლა საქართველოში არ ცხოვრობს. გვეუბნება, რომ ქვეყნის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ეს შემთხვევაც გახდა.
ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია «საფარის» იურისტი, თამარ ლუკავა dev.ge-ს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დანაშაულის სამართლებრივ ნაწილზე ესაუბრა.
მისი თქმით, საფარს არაერთი საქმე აქვს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პირადი საიდუმლოს გავრცელებას შეეხება. ამ საქმეების შესახებ ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ატყობინებს, რომელიც გამოძიებას იწყებს.
საგამოძიებო სამსახურის ჩართვასთან ერთად, საქმეების გამოძიება დაჩქარებული წესით იწყება და სასამართლოშიც ბევრად მალე იგზავნება.
თამარ ლუკავას თქმით:
დანაშაულის მსხვერპლმა, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მათ არ იციან, რა გააკეთონ.
მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა უნდა შეაგროვოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
ეს საჭირო ხდება დამნაშავეების ქმედების გამო — გამოძიების დაწყების საფრთხის შემთხვევაში ისინი ინფორმაციას შლიან და დანაშაულის დამტკიცება რთულდება.
ამის შემდეგ, დაზარალებულმა უნდა მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც მათ გამოკითხავენ, ამოიღებენ მტკიცებულებებს და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში — დამნაშავეს ბრალს წარუდგენენ.
ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომელიც მსხვერპლებს ხშირად უშლის ხელს, საჭირო ნაბიჯები გადადგან, კონფიდენციალურობის დაცვაა.
მართალია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, შესაძლოა, გავრცელებული იყოს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში. თუმცა, დაზარალებულებს გამომძიებლებთან პირისპირ საუბრისას უჩნდებათ კითხვა — რამდენად დაიცავს ის მათ კონფიცენციალურობას.
თამარ ლუკავა გვეუბნება, რომ ახალი გამოძიების ფარგლებში კონფიდენციალურობის დაცვა მაქსიმალურად ხდება — არ გამოიკითხებიან პირები, რომლებსაც საქმესთან შემხებლობა არ აქვთ. თუ საქმის რომელიმე მონაკვეთში მესამე პირი გამოჩნდა, მასთან საუბარი ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილზე ხდება, რომელზე წვდომაც აქვს.
კონფიდენციალურობა შენარჩუნებულია არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში.
იურისტის თქმით, «საფარს» ხშირად მიმართავენ არასრულწლოვანები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი, მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ გაიგონ.
«ასეთ დროს არასრულწლოვანს შეუძლია ჰყავდეს სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული პირი, რომელიც დაესწრება ყველა საგამოძიებო მოქმედებას. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინფორმაცია მშობლისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს». — გვეუბნება თამარ ლუკავა.
აღსანიშნავია ნდობის ფაქტორიც. თამარ ლუკავას თქმით, ურთიერთობაში ყოფნისას ადამიანებს ავიწყდებათ, რომ შეიძლება ეს ნდობა მუდმივი არ იყოს.
დანაშაულის თითქმის ყველა შემთხვევაში ზარალდებიან არასრულწლოვანი გოგონები და ქალები, რადგან, როგორც წესი, სწორედ მათ აშანტაჟებენ.
«საფარის» განხილულ საქმეებში არის შემთხვევები, სადაც მოქმედი ან ყოფილი პარტნიორები ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდნენ და ამის ფონზე თანხას სძალავდნენ. ასეთი ტიპის საქმეები გამოძიების ფარგლებში დასჯადად განიხილება.
თამარ ლუკავას თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიაზროს რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო კამპანიების ჩატარება. ასევე, მნიშვნელოვანია საქმეში ჩართული კადრების, სპეციალისტების, მოსამართლეების, გამომძიებლებისა და ადვოკატების გადამზადება, როგორც სამართლებრივი, ასევე მგრძნობელობის გაზრდის მიმართულებით.
ასევე, გასათვალისწინებელია:
ციფრულ სამყაროში არ არსებობს ბერკეტები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისგან დაგვიცავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გაქრობადი მესიჯების საშუალებით იგზავნება, შესაძლოა მეორე მხარემ მოასწროს სქრინშოთის გადაღება ან გადმოწერა. შესაბამისად, კადრები ინახება.
მსხვერპლი ხშირად ვერც კი იგებს, რომ მისი კადრები შენახულია. მსგავს შეტყობინებას, მაგალითად, Facebook არ აგზავნის.
თუმცა, ამჟამად იდგმება გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ ციფრულ სივრცეში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს.
2022 წელს Facebook-მა დააანონსა «ციფრული ანაბეჭდების» შექმნა უხამსი მასალისთვის, რომელიც წინასწარ იყო გაზიარებული Facebook-ის უსაფრთხოების გუნდისთვის.
პროცესი შემდეგნაირად წარიმართება:
პირი, რომელიც წუხს იმის გამო, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ვრცელდება, ავსებს ფორმას eSafety commissioner-ის ვებსაიტზე.
ამის შემდეგ მომხმარებელი უგზავნის საკუთარ ფოტო(ებ)ს საკუთარ თავს ფეისბუკ მესენჯერში.
ამ პროცესის განმავლობაში eSafery commissioner-ის ოფისი აცნობებს Facebook-ს წარდგენილი განცხადების შესახებ.
Facebook-ის საზოგადოებრივი ოპერაციების გუნდი იყენებს «გამოსახულების დამთხვევის ტექნოლოგიას», რათა თავიდან აიცილოს სურათის ონლაინ ატვირთვა ან გაზიარებას. მინიმუმ ერთი «სპეციალურად გაწვრთნილი წარმომადგენელი» განიხილავს თქვენს სურათებს მათ ჰეშირებამდე.
სურათის ჰეშირება გარდაქმნის მას ციფრულ ანაბეჭდად- რიცხვების სერიად- რომელიც გამოიყენება Facebook-ის პლატფორმაზე სურათის ატვირთვის მცდელობის დასაბლოკად.
ამის შემდეგ, მომხმარებელს Facebook სთხოვს, რომ წაშალოს გაგზავნილი გამოსახულება.
ამის შემდეგ Facebook ინახავს ჰეშს, რომელიც «ქმნის ადამიანისთვის წაუკითხავ ციფრულ თითის ანაბეჭდს» და არა თავად ფოტოს. ეს ხელს უწყობს მომავალში ფოტოს ხელახლა ატვირთვის თავიდან აცილებას.
თუმცა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაზიარება მხოლოდ ფეისბუქით და ფეისბუქზე არ ხდება. სხვა პლატფორმების მხრიდან კი ჯერჯერობით მსგავსი ინიციატივაც არ ყოფილა.
ამიტომ, კადრების გაზიარებამდე სასურველია დაფიქრება და ზემოთ ნახსენები რჩევების გათვალისწინება.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
როგორ მოვიქცეთ, თუ ინტიმური მასალების გავრცელებით გვემუქრებიან ან თუ ეს უკვე გააკეთეს?
რამდენიმე თვის წინ TikTok-ის ქართველმა მომხმარებელმა გოგომ საჯაროდ თქვა, რომ მისი რეალური ფოტო მონტაჟით «გააშივლეს» და Discord-ის ერთ-ერთ არხზე გაავრცელეს. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არხი უმეტესად მსგავს შინაარსს ეთმობოდა — გოგოების ყალბ შიშველ ფოტოებს და «მოთხოვნებით მუშაობდა» — არხზე რომელიმე მომხმარებელი ამა თუ იმ გოგოს ფოტოებს აქვეყნებდა წარწერით: «ამისიც გამიკეთეთ», შემდეგ კი სხვა მომხმარებელი მას «აშიშვლებდა». თუმცა, ზოგიერთი ფოტო და ვიდეო რეალურიც იყო.
dev.ge-მ მაშინ მასალის მომზადება სცადა, თუმცა, უშედეგოდ — რესპონდენტმა მედიასთან ლაპარაკი გადაიფიქრა. თუმცა, მანამდე გვითხრა, რომ საგამოძიებო უწყებას მიმართა, ასევე თქვა, რომ «არასრულწლოვანი გოგოები სასოწარკვეთილები არიან».
Discord-ის ის კონკრეტული არხი მალევე წაიშალა. თუმცა, არ წაშლილა და გამქრალა პრობლემა — ქალები და გოგოები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც, ხშირად ხდებიან პირადი ცხოვრების გავრცელებით მუქარის ან უშუალოდ გავრცელების მსხვერპლები.
„ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური ფოტო-ვიდეომასალა" — დაკავებულია 43 წლის კაცი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 43 წლის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა ქალების ინტიმურ ფოტო და ვიდეომასალებს. აღმოჩნდა, რომ ჯამში მან 200 ქალის 5000-მდე ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალა შეგროვა.