ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

"მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების მუშაობა უნივერსიტეტებთან" — ინტერვიუ დავით ჩეჩელაშვილთან

— ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია სპეციალურად dev.ge-სთვის 

ვისაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემასთან რამე შეხება ჰქონია, დავით ჩეჩელაშვილს ყველა იცნობს, იმიტომ, რომ უამრავი სასარგებლო საქმე აქვს წამოწყებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის:  ატარებს ლექციებს, მართავს პროექტებს, არის ბევრი მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი და ინვესტორი. გარდა ამისა, დათო კომპანიის XPAND Vision უფროსი ვიცე-პრეზიდენტია ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

დათო ჩეჩელაშვილი საქართველოში 2015 წელს დაბრუნდა, მანამდე კი რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდა ამერიკაში, სადაც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე მუშაობა დაიწყო.

დათოს ლას ვეგასში შევხვდით, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე, რომელსაც უკვე ოცდამერვედ ესწრება, რადგან მისი კომპანია კონფერენციის დამაარსებელი ორგანიზაციის — სამომხმარებლო ელექტრონიკის ასოციაციის — დიდი ხნის წევრია. 

ამიტომაც არის საინტერესო მისი გამოცდილება და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ — როგორ განვითარდა ამ წლებში სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარი და როდის გახდება საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიური სივრცის ნაწილი. 

კომენტარის დატოვება
"მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების მუშაობა უნივერსიტეტებთან" — ინტერვიუ დავით ჩეჩელაშვილთან

— ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია სპეციალურად dev.ge-სთვის 

ვისაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემასთან რამე შეხება ჰქონია, დავით ჩეჩელაშვილს ყველა იცნობს, იმიტომ, რომ უამრავი სასარგებლო საქმე აქვს წამოწყებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის:  ატარებს ლექციებს, მართავს პროექტებს, არის ბევრი მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი და ინვესტორი. გარდა ამისა, დათო კომპანიის XPAND Vision უფროსი ვიცე-პრეზიდენტია ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

დათო ჩეჩელაშვილი საქართველოში 2015 წელს დაბრუნდა, მანამდე კი რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდა ამერიკაში, სადაც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე მუშაობა დაიწყო.

დათოს ლას ვეგასში შევხვდით, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე, რომელსაც უკვე ოცდამერვედ ესწრება, რადგან მისი კომპანია კონფერენციის დამაარსებელი ორგანიზაციის — სამომხმარებლო ელექტრონიკის ასოციაციის — დიდი ხნის წევრია. 

ამიტომაც არის საინტერესო მისი გამოცდილება და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ — როგორ განვითარდა ამ წლებში სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარი და როდის გახდება საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიური სივრცის ნაწილი. 

ნანა დიხამინჯია: დათო, ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც 28 წელია, მუდმივად ესწრება ამ გამოფენას. როგორ შეიცვალა გამოფენა ამ დროში?  

დავით ჩეჩელაშვილი: პირველად სამომხმარებლო ელექტრონიკის კონფერენციაზე 1996 წელს მოვხვდი. მაშინ მას 30 000 ადამიანი ესწრებოდა, ლას ვეგასის საკონფერენციო ცენტრის ერთ დარბაზში ეტეოდა ყველა კომპანია. პანდემიამდე კი — 2019 წელს, 180 000 ადამიანზე ავიდა.

თავიდან დიდი და ცნობილი კომპანიები წარადგენდნენ თავიანთ უახლეს პროდუქტებს. დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო სტარტაპების პროტოტიპების წარდგენა. ეს გამოფენა, ძირითადად, აპარატურულ უზრუნველყოფას, მოწყობილობებს ეთმობოდა, სტარტაპებისთვის კი ელექტრონიკის პროტოტიპების შექმნა ძვირი ჯდებოდა.

2010 წლიდან სენსორები და ელექტრონული ნაწილები გაიაფდა, სამგანზომილებიანი პრინტერები გაჩნდა, რაც სწრაფი და იაფი პროტოტიპირების საშუალებას იძლეოდა. სწორედ მაშინ გაიზარდა ამ გამოფენაზე სტარტაპების რაოდენობა და მათი სივრცე ბევრად უფრო საინტერესო გახდა, ვიდრე დიდი კომპანიების სივრცეები. თუ მანამდე დროის 90%-ს დიდი კომპანიების პროდუქტების თვალიერებას ვუთმობდი, 2014 წლიდან ძირითად დროს ახალბედა კომპანიების სივრცეში ვატარებ. ზოგადად ცნობილია, რომ დიდ კომპანიებს ე.წ. ინკრემენტალური ინოვაციები აქვთ, სტარტაპებს კი — რადიკალური. ამიტომ მათი იდეები, პროტოტიპები უფრო საინტერესოა და კარგად აჩენს შემდეგი წლების ტენდენციებს. 

ნანა დიხამინჯია: წელს ცნობილმა კომპანიებმა თუ წარმოადგინეს რამე ისეთი, რამაც შენი ყურადღება მიიქცია? 

დავით ჩეჩელაშვილი: ჩემი სფერო სათვალეები და ეკრანებია, ამიტომ ძირითადად ამას მივაქციე ყურადღება. ძალიან საინტერესო იყო ACER-ის და ASUS-ის 3D ლეპტოპები, რომლებშიც მიაღწიეს მაღალი ხარისხის სამგანზომილებიან ეფექტს სათვალეების გამოყენების გარეშე. მნიშვნელოვანია სამგანზომილებიანი ეფექტის მიღწევა ეკრანებზე, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც მეტავერსს, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას უკავშირდება, დღეს მოითხოვს ვირტუალური რეალობის სათვალეებს, რაც არც ისე მოხერხებულია. ეკრანების ხარისხის გაზრდა ამ ტექნოლოგიების მასობრივ გავრცელებას შეუწყობს ხელს. 

ნანა დიხამინჯია: ახლაც ბევრი სხვადასხვა ტიპის სათვალე იყო წარმოდგენილი, ზოგი ვირტუალური რეალობისთვის, ზოგი უბრალოდ, როგორც ეკრანი, ზოგი ჭკვიანი სათვალე, რომელსაც ამდენი წელია, ველოდებით, მაგრამ გამართული და მუშა ვერსია ჯერ მაინც არ არსებობს. რა არის ამის მიზეზი? 

დავით ჩეჩელაშვილი: სწორედ იმიტომ, რომ ის ხარისხი და მოხერხებულობა აკლია, რაც მასიურს გახდის. ამიტომაც ჯერჯერობით რჩება პროტოტიპების დონეზე. 

ნანა დიხამინჯია: დათო, შენი კომპანიის პირველი მნიშვნელოვანი პროდუქტიც 3D სათვალეები იყო მაღალი დონის კინოთეატრებისთვის. როგორ მოხვდი პირველად ამერიკაში? 

დავით ჩეჩელაშვილი: თავიდან ამერიკაში წამოვედი ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამით, მინეაოპოლისის უნივერსიტეტში MBA-ზე ვსწავლობდი. საქართველოში კიბერნეტიკის ფაკულტეტის დავამთავრე და პროგრამირება კარგად ვიცოდი, ბიზნეს უნარები კი მაკლდა, სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს პროგრამა.

პროგრამა აფინანსებდა კონფერენციებში მონაწილეობასაც და ორი კონფერენცია შევარჩიე. ერთ-ერთი სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა იყო და ასე მოვხვდი აქ პირველად 1996 წელს. 2011 წელს კი ამავე გამოფენაზე ჩვენმა კომპანიამ წარადგინა ინოვაციური, უნივერსალური 3D სათვალე, რომელსაც ნებისმიერ ტელევიზორთან შეეძლო დაკავშირება და ამისთვის დისნეიმ CES-ის საუკეთესო პროდუქტებში შეარჩია.   

ნანა დიხამინჯია: სხვათაშორის, მოვძებნე და მაშინ ყველა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გამოცემა წერდა ამ სათვალეზე — Wired, CNET, ZDnet, რამდენიმე გამოცემა პირდაპირ შენს ციტატებს იყენებდა, ყველა მათგანი საუბრობდა XPAND-ის აქტიურ კოლაბორაციაზე ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან. ინოვაციების შეჯიბრი ამ კონფერენციაზე ყველაზე მიმზიდველია, იმიტომ, რომ მთელი კონფერენციიდან ყველაზე გამორჩეული პროდუქტები მონაწილეობს. იყო თუ არა რამე განსაკუთრებული, რამაც ინოვაციებსა და სტარტაპებში შენი ყურადღება მიიპყრო? 

დავით ჩეჩელაშვილი: ინოვაციებს რაც შეეხება, მე უფრო ვუყურებ ხოლმე ფუნდამენტურ ინოვაციებს. მაგალითად, Qualcomm-ის Snapdragon-ს გაუმჯობესებული პლატფორმა აქვს წარმოდგენილი. საინტერესოა ვირტუალური რეალობის სათვალეების მიმართულება — სათვალეები მინიდისპლეით, ან Vuzix-ის გაფართოებული რეალობის სათვალეები. ასევე, გაიზარდა ინოვაციების რაოდენობა ციფრული ჯანდაცვის და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში. გარდა ამისა, ყურადღება მიიქცია სონის და ჰონდას კოლაბორაციით შექმნილმა მანქანამ. თვითმართვად ან ნახევრად თვითმართვად მანქანებზე ბევრი კომპანია მუშაობს, თუმცა ტესლას ყველა ჩამორჩება და თუ ვინმეს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს, ალბათ სონის და ჰონდას კოლაბორაცია იქნება. 

ნანა დიხამინჯია: ზოგადად, თვითმართვად მანქანებზე სხვადასხვა ფორმით ბევრი კომპანია მუშაობს — ზოგს აპლიკაციები და მართვის სისტემები აქვს აქ ნაჩვენები, ზოგს სენსორები. იმავე დროს, ამ გამოფენაზე ვხედავთ, რომ მასიურად არის წარმოდგენილი ჭკვიანი სახლების სისტემები და თითქოს მანქანა და სახლი უახლოვდება ერთმანეთს კომფორტით. 

დავით ჩეჩელაშვილი: თვითმართვადი მანქანა ხდება უფრო მოხერხებული, უფრო კომფორტულად მოწყობილი და მასში ყოფნის დროც გაიზრდება, რადგან ადამიანი არ დაიღლება ტარებით. იმავე დროს, მანქანების განვითარებას თან მიყვება მთელი ინდუსტრიები, რადგან საჭიროა ბატარეების გაუმჯობესება, ფიზიკური და კიბერუსაფრთხოების დაცვა. აი, მაგალითად, ქართულმა სტარტაპმა «ელვინ ტექნოლოჯის» შეიძლება თქვას თავისი სიტყვა უსაფრთხოების კუთხით, რადგან ახლა მუშაობს ბატარეების შეფუთვის ცეცხლგამძლე მასალის შექმნაზე.  

ნანა დიხამინჯია: კარგია, რომ «ელვინი» ახსენე, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, «ელვინს» და კიდევ რამდენიმე ქართულ სტარტაპს ამ გამოფენაზე ღირსეულად შეეძლოთ საკუთარი პროდუქტების ჩვენება. აქ ბევრ ქვეყანას აქვს სტენდი და ეხმარება საკუთარ კომპანიებს და სტარტაპებს მონაწილეობის მიღებაში. მაგალითად, დღეს უკრაინულ კომპანიებს ვესაუბრე, რომლებიც უკრაინიდან საკმაოდ გრძელი გზით მოხვდნენ აქ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დახმარებით. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ საქართველოს სტენდიც იყოს? 

დავით ჩეჩელაშვილი: დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება ამ ტიპის დიდ გამოფენებში და კონფერენციებში მონაწილეობა. როდესაც ასიათასობით ადამიანი ეცნობა შენს პროდუქციას, ეს მაშინვე ზრდის ინვესტორების ინტერესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს შევძლებთ ქართული კომპანიების წარმოდგენას და ისინიც მიიღებენ ინოვაციების კონკურსში მონაწილეობას. 

ნანა დიხამინჯია: ეკრანებს რომ დავუბრუნდეთ, ამ გამოფენაზე ვნახეთ უამრავი სხვადასხვა მაღალი გამოსახულების ეკრანი. მე უკვე, მაგალითად, ვეღარ ვარჩევ მათ ხარისხს. კი, მომეწონა პორტატული ეკრანები, რომელთა მარტივი გადატანა, ერთმანეთთან მიერთება და დამონტაჟებაა შესაძლებელი სასურველ ადგილას, მაგრამ ზოგადად, რაღა უნდა გაუმჯობესდეს, საით მიდის ეკრანების განვითარება, იმიტომ, რომ უკვე ძალიან თხელია, ძალიან რეალისტურია გამოსახულება.  

დავით ჩეჩელაშვილი და ნანა დიხამინჯია ლას-ვეგასში,  სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე

დავით ჩეჩელაშვილი: ზოგადად, ამ გამოფენისთვის ტელევიზორი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა უფრო ნაკლებად, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო მთავარი თემა სამომხმარებლო ელექტრონიკაში. ისინი სულ ეძებენ სიახლეს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გამოჩნდა სამგანზომილებიანი გამოსახულება, ეს იყო — სიახლე უნდოდათ, აღმოაჩინეს, რომ 3D შესაძლებელი იყო და ბაზარმა აიტაცა. ახლაც სულ ძიებაში არიან და ყოველ წელს რომ ჩამოვდივარ, ვხედავ, რომ რაღაც ემატება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და გამრღვევი უკვე ვეღარ. ერთი მომენტია — შეიძლება ტელევიზორებთან არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ სამსუნგმა და სონიმ გამოუშვეს დიდი ONYX (14-მეტრიანი სამსუნგის LED ეკრანი) და SONY CLED (Crystal LED) Micro LED ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეკრანი, რომელთაც დიდი შანსი აქვთ, შეცვალონ კინოთეატრების არსებული მოდელები. კიდევ რაც შეიძლება ეკრანებს დაემართოს, არის ის, რომ გახდეს ბევრად უფრო თხელი, დაკეცვადი, მოქნილი, პირდაპირ კედელზე გასაკრავი. 

ნანა დიხამინჯია: შეიძლება კიდევ უფრო გაიაფდეს თაჩსქრინები, ან უფრო განვითარდეს ჰოლოგრამის ტექნოლოგია. 

დავით ჩეჩელაშვილი: ჰოლოგრამა ჯერ საკმაოდ დაბალი ხარისხისაა, მაგრამ მისი განვითარება საინტერესო იქნება. აი, ქეივი თუ გინახავთ, ძალიან ძვირადღირებული პროექტორებით, რომლებიც ქმნიან ვირტუალური რეალობის სივრცეს VR სათვალეების გარეშე. ამ ქეივებს კომპანიები იყენებენ ვირტუალური ინჟინერიისთვის, აი. მაგალითად ბოინგი რომ აკეთებს საინჟინრო მოდელირებას. ინჟინრები სხედან ამ გამოქვაბულში და ვირტუალურ პროტოტიპებზე მუშაობენ. აქვთ თავიანთი 3D სათვალეები — ჩვენი კომპანიის მომხმარებლები არიან. ახლა ამას ვირტუალური რეალობის სათვალეებიც რომ დაემატა, ინჟინერთა ნაწილს დისტანციურადაც შეუძლია ჩართვა და დიზაინში მონაწილეობა. ასეთი რაღაც, უფრო ხელმისაწვდომი, სახლისთვის შეიძლება იყოს მომავალი, იმიტომ, რომ ძალიან რეალისტურია. მაგალითად, მე აღმოვაჩინე ასეთ გამოქვაბულში, რომ სიმაღლის მეშინია. იგივე მქონდა ნანახი ვირტუალური რეალობის სათვალეებით და არ შემშინებია, მაგრამ ამ გამოქვაბულში გამოსახულების ხარისხი არის საოცარი, ოთხი პროექტორი ჰქონდათ, ჯამში 2 მილიონი დოლარის. სანამ ვირტუალური რეალობის სათვალეები შეიქმნებოდა, სწორედ ამას ერქვა ვირტუალური გარემო — Computer Assisted Virtual Environment. 

ნანა დიხამინჯია: გამოფენაზე ვნახეთ სუნის, ანუ არომატის დიფუზერები, რომლებიც თამაშთან ან ვიდეოჩანაწერთან ინტეგრირდება. მათი დამატებით ვირტუალური რეალობის ილუზია კიდევ უფრო მარტივი გახდება, უფრო იოლად მოტყუვდება ტვინი. პარალელურად, მგრძნობიარე, Haptic ტანსაცმელი ჩნდება, რომელსაც შეუძლია ტყვიის მოხვედრის ან რამე მოქმედების გადმოცემა მოთამაშის სხეულზე და ეს კიდევ უფრო გაააძლიერებს ილუზიას. მაგალითად, აქ ვნახე ხელთათმანი, რომელსაც კუნთზე დაწოლით შეუძლია, სიმძიმის იმიტაცია შექმნას და გამოსადეგია ვირტუალური ვარჯიშისთვის. 

დავით ჩეჩელაშვილი: ჰოდა, სწორედ ესაა —  ადრე IMAX-ს ჰქონდა გაკეთებული VR  Experience სივრცეები, დიდი ინვესტიცია ჩადეს, შიგნით დადიოდი, თამაშობდი, მაგრამ არ გაამართლა, იმიტომ, რომ ადამიანი ამაში ფულს მხოლოდ მაშინ გადაიხდის, თუ გამოსახულება და შეგრძნება მაქსიმალურად დაახლოებულია რეალობასთან, იქ კი ეს მაინც არ იყო საკმარისად. სავარაუდოდ, ხარისხის გაძლიერება იქნება გადამწყვეტი ამ მიმართულებით. ცხადია, სახლში ამ ხარისხის მიღწევა ძალიან რთული იქნება, ამიტომ კინოთეატრების მომავალი შეიძლება ასეთი, მაქსიმალურად რეალისტური ინტერაქტიური სივრცეები იყოს. 

ნანა დიხამინჯია: ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესო იყო საუნივერსიტეტო ინოვაციების სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ან უნივერსიტეტების და კომპანიების კოლაბორაცია, ან საუნივერსიტეტო კვლევების საფუძველზე დაფუძნებული სპინოფები, სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის საფუძველზე შექმნილი კომერციული პროდუქტები. ამ თემაზე მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ, რადგან კვლევების კომერციალიზაცია ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. რას ურჩევდი საქართველოს, როგორ მივაღწიოთ მსგავს შედეგს საუნივერსიტეტო ინოვაციებში? 

დავით ჩეჩელაშვილი: სხვა ქვეყნებში ასეთი ინოვაციური თანამშრომლებების მთავარი საფუძველი არის ჰარდვეარის, აპარატურული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც კომპანიები თანამშრომლობენ უნივერსიტეტებთან, არის ტალანტის მოზიდვა, იმიტომ, რომ დღეს ინჟინრებზე არის დიდი კონკურენცია. საქართველოში ამის კეთებას მაშინ დაიწყებენ, როცა პრობლემა დიდ კომპანიებს დაუდგებათ. ამბობენ ხოლმე, რომ ტექნოლოგიების კომერციალიზაციაა ძირითადი მიზეზი, მაგრამ, სინამდვილეში ეს ნაკლებადაა. 

ნანა დიხამინჯია: თუმცა, მეორე მომენტი, რასაც მე პირადად ჩემს სფეროში ვხედავ, არის ის, რომ კომპანიების პირველადი, საპილოტე კვლევები ტარდება უნივერსიტეტებში და ეს ძალიან იაფი უჯდება კომპანიას. მაგალითად, ამერიკულ საუნივერსიტეტო კონსორციუმში თუ კომპანია ერთ პროექტში იხდის წელიწადში 60000$-ს, მას ერთი ინჟინერი სამჯერ მეტი უღირს. შეიძლება, რომ საქართველოში უბრალოდ არ გვყავს კომპანიები, ვისაც ასეთი საინჟინრო კვლევები სჭირდება? 

დავით ჩეჩელაშვილი: კი, იმიტომ რომ საქართველოში კომპანიების დიდი ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულ პლატფორმებზე მუშაობს და ამისთვის მის ინჟინერს კვლევით გამოცდილება, ახლის შექმნის გამოცდილება არ სჭირდება.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოური კომპანიები მოვიზიდოთ ქართულ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციისთვის. ასევე, კვლევის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების სივრცე სტანდარტების შემუშავებისთვის. მაგალითად, როდესაც ჩვენ  2010 წელს ამ გამოფენაზე ინოვაციური სათვალე გავიტანეთ, ყველას უნდოდა 3D სათვალეები და კომპანიები მიხვდნენ, რომ სათვალეებისა და მათი ტელევიზორებთან დაკავშირების სტანდარტი არ არსებობდა.

2012-ში ჩვენმა კომპანიამ და პანასონიკმა დაიწყო Full HD 3D სტანდარტზე მუშაობა, შემდეგ წელს სონი და სამსუნგი შემოგვიერთდნენ და მერე ყველა დანარჩენი, LG-ს გარდა, რომელსაც მხოლოდ პასიური ტექნოლოგიის 3D ეკრანები ჰქონდა.

სტანდარტს როცა ქმნი, გჭირდება შესაბამისი ლაბორატორია და როდესაც რამდენიმე კომპანია მონაწილეობს სტანდარტის შექმნაში, არ არის მოსახერხებელი კონკურენტი კომპანიის სივრცის გამოყენება. მაგალითად, იმ სტანდარტის შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის სივრცეში შეიქმნა R&D ლაბორატორია და სხვები ამას იყენებდნენ, მაგრამ ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება.

ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ სტანდარტის შემუშავება უნივერსიტეტის ბაზაზე ხდებოდეს.

მსგავსი პრობლემა ელექტრონულ გადაწყვეტილებებზე მომუშავე ბევრ ინოვაციურ მიმართულებას აქვს და აქ არის აუცილებელი უნივერსიტეტებთან კოლაბორაცია. 

ნანა დიხამინჯია: დათო, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის და სამომხმარებლო ელექტრონიკის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე მასპინძლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს აქ ვიხილავთ როგორც საქართველოს სტენდს, ისე ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს.  

ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
თემის მიხედვით
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში


ასევე წაიკითხეთ
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. 
16 მარტს „ალტეში
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები. 
Technovation Girls-ის გლობალური 15 ფინალისტისა და რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
Technovation Girls-ის გლობალური 15 ფინალისტისა და რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
Technovation Girls-ის გლობალური 15 ფინალისტისა და რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.