Technovation Girls Sakartvelo 2023 — რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები.
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები.
ბანაკს 150 გოგო დაესწრო — 75 ჯუნიორი, 75 — უფროსი. თითოეულ ნაკადს 15 მენტორი ჰყავდა.
ბანაკში არ წასულა ყველა, ვინც Technovation Girls-ში მონაწილეობა მიიღო — 2023 წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები 249 გოგომ შექმნა.
ბანაკის მონაწილე გოგოებმა მოისმინეს ლექციები ხელოვნურ ინტელექტზე, აზროვნების დიზაინზე, კლიმატის ტექნოლოგიებზე, მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, ასევე, იყო ვორქშოფები პითონის, კიბერუსაფრთხოების, arduino-სა და ვიზუალური პროგრამირების შესახებ.
ბანაკის მონაწილეებმა შექმნეს STEM თამაშები, ასევე, მოიძიეს ტენოლოგიებთან დაკავშირებული საინტერესო თემები და გააკეთეს პრეზენტაციები. ასევე, ჰქონდათ სპორტული აქტივობები.
ფოტო: თეა ხუროშვილი, Facebook
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს 60 ქვეყნის 100 000 გოგო მონაწილეობს. პროგრამის ფარგლებში ისინი პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას სწავლობენ — მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე.
Technovation Girls საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2023 წელს კი პროექტის საერთაშორისო ხელმძღვანელობამ პროექტის განხორციელება ალტე უნივერსიტეტს და მისი ციფრული ტრანსფრომაციის ხელმძღვანელს, ნანა დიხამინჯიას მიანდო.
ნანა dev.ge-ს პროექტის მნიშვნელობაზე ელაპარაკა.
ნანა დიხამინჯია
«Technovation girls ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმისთვის, რომ გოგოებმა თავიანთ თემში პრობლემების აღმოჩენა ისწავლონ და მათი ტექნოლოგიური გზით გადაჭრაზე იფიქრონ. პროცესში ისინი სწავლობენ იდეების გენერირებას, ბიზნეს გეგმის შედგენას, კვლევის საფუძვლებს — როგორ უნდა გამოიკითხონ თანატოლები ან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტა იპოვონ».
მისივე თქმით, Technovation Girls-ის პირველ ნაკადაში, რომელიც 2023 წლის მაისში გაიმართა, ერთ-ერთი პროექტი მესტიაში მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის კონტროლს ეხებოდა. იდეა ხაიშსა და ცაგერში მცხოვრებ გოგოებს ეკუთვნით. პროექტმა ჯუნიორ კატეგორიაში ევროპის მასშტაბით გაიმარჯვა კიდეც.
ნანა დიხამინჯია
«მათ შექმნეს პატარა მოწყობილობა და თანდართული აპლიკაცია Smart Light, რათა მესტიაში მოსახლეობამ შეძლოს ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლი. მესტიაში ელექტროენერგია უფასოა, ამიტომ ის ძალიან უყაირათოდ იხარჯება. გოგოებმა თავიანთი კვლევა სწორედ ამაზე მიმართეს».
Technovation Girls მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ გოგოებმა ერთმანეთი გაიცნონ, კავშირები დაამყარონ, ახალ იდეებზე იმუშაონ და სხვადასხვა პროექტში ჩაერთონ.
ნანა დიხამინჯია
«ვხედავთ, როგორ მეგობრდებიან ბავშვები სხვადასხვა რეგიონიდან, როგორ იწყებენ თანამშრომლობას ჰაკათონებსა და სხვა პროექტებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ თაობისთვის — სწავლობენ საფუძვლებს, რომელთა განვითარებაც თავად შეუძლიათ, სწავლობენ, როგორ აღმოაჩინონ და გადაწყვიტონ პრობლემები».
ნანა ამბობს, რომ შემდეგი ნაკადზე მიღება ოქტომბერში გამოცხადდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მათ, ვინც ამ პროექტში უკვე ჩართულია, ისე მათაც, ვინც ამას მომავალში გადაწყვეტს.
მისი აზრით, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება — პროექტში ჩართვის სურვილი ბევრმა მოხალისემ და მასწავლებელმაც გამოთქვა.
ნანა დიხამინჯია
«ამ მხრივ ისედაც კარგი შედეგები გვქონდა — დასრულებული პროექტების რაოდენობით საქართველო გავიდა მე-10 ადგილზე მსოფლიოში. 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს და 9 ქვეყანა, რომელიც გვისწრებს — თითო მინიმუმ 20-მილიონიანია». — ამბობს ნანა დიხამინჯია.
ბანაკს ფინანსური მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია. გოგოებს კაჭრეთის საზოგადოებრიმა კოლეჯმა «აისი» უმასპინძლა.
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია.
გეოგრაფიიდან თიბისის სისტემების ინჟინრობამდე — 29 წლის ასაკში შეცვლილი პროფესია
33 წლის ქეთი ტუღუში უკვე 4 წელია, თიბისის სისტემების ინჟინერია. მრავალფეროვანი სამუშაო, გუნდი და კომპანია ქეთის ბედნიერებას ანიჭებს. თუმცა, სისტემები მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა — ამ სფეროში ქეთიმ გეოგრაფიიდან გადმოინაცვლა, თანაც, 2 აკადემიური დიპლომისა და 8-წლიანი კარიერის შემდეგ და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევა იწყება
ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში — ბანაკი, რომელსაც ფორსეტი Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, სწორედ ამ თემას შეეხება. პროგრამის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა. პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები მიიღებენ გრანტს: 6000 ლარის ოდენობით.