ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
30 იანვარი 2023, 22:00
2023-01-30
Calen AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი
სამყაროში, რომელშიც ითვლება, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ადამიანებს სხვადასხვა კომპანიებისგან მომსახურების დეტალებზე პასუხის მისაღებად ლოდინი საშუალოდ 15 საათი უწევთ.
სწორედ ამ პრობლების აღმოსაფხვრელად შექმნა Calen AI-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას უფრო სწრაფსა და ხარისხიანს ხდის.
2022 წლის დეკემბერში Calen AI GITA-ს 150 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ასევე Touch Summit-ის სტარტაპ კონკურსიც მოიგო და Kettari Foundation-ის მიერ დაწესებული პრიზი, 5 000 ევრო გადაეცა.
რა არის და როგორ მუშაობს Calen AI?
Calen AI პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტია. კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება და სთავაზობს პლატფორმას, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული, უკვე გაწვრთნილი AI ასისტენტის დახმარებით მომხმარებელთან კომუნიკაციას უფრო სწრაფს, ხარისხიანსა და იაფს ხდის.
Calen AI-ის დახმარებით შესაძლებელია, მაგალითად, საავადმყოფოში ვიზიტის უმოკლეს დროში დაჯავშნა. AI ასისტენტს პასუხის გაცემა ყველა იმ მარტივ და ამავდროულად, საჭირო კითხვაზე შეუძლია, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად სვამენ. მაგალითად, სად არის თქვენი მისამართი?, ფასდაკლება ხომ არ გაქვთ?, პარკინგი გაქვთ?, რომელ საათებში მუშაობთ? და ა.შ.
Calen AI-ის გუნდი 7 ადამიანისგან შედგება, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვთ. თავად კომპანიამ კი ასისტენტების შექმნა 2019 წლიდან დაიწყო და მცირე და საშუალო ბიზნესებს ამერიკასა და ავსტრალიაში ემსახურებოდა.
Calen AI-ის დამფუძნებელი, ირაკლი ბესელიძე dev.ge-სთან ამბობს, რომ გამოცდილებისა და წარმატების დაგროვების შემდეგ პლატფრომის საქართველოში შემოტანაც გადაწყვიტეს.
მისი თქმით, მომსახურების პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც დიდია.
Calen AI რამდენიმე ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს. პირველ ეტაპს ხმის ამოცნობის პროგრამა უზრუნველყოფს, რომელიც audio-ს, ადამიანის ნათქვამს ტექსტად გარდაქმნის, ხოლო შემდეგი ეტაპი — ბუნებრივი ენის დამუშავების (nlp) პროგრამაა, რომელიც ადამიანის ნათქვამს კომპიუტერის ბრძანებად აქცევს.
სტანდარტული ასისტენტი უკვე მზად არის, მომხმარებელთან საუბრების 80%-მდე ავტომატიზაცია მოახდინოს. კომპანიებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რათა ასისტენტს შესაბამისი პასუხები მიაწოდონ, რაც მცირე ბიზნესისთვის 300 ლარი ღირს.
კონკურენტები და სირთულეები
Calen AI-ის მსგავსი პროდუქტი საქართველოში არ არსებობს, თუმცა გლობალურ ასპარეზზე არიან სტარტაპები მრავალმილიონიანი ინვესტიციებით, რომლებიც ბიზნესს მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ.
ირაკლი ბესელიძე იმედოვნებს, რომ პირდაპირი კონკურენტები საქართველოშიც მალე გამოჩნდებიან. კონკურენტული გარემო კი Calen AI-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების ბაზრის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.
«ჩვენს ასისტენტს, როგორც ქართული ასოებით, ისე ლათინური ასეობით დაწერილი ქართულის აღქმა შეუძლია, რაც საქართველოში არსებული სხვა chat ასისტენტებისგან გამოგვარჩევს, ხოლო, ჩვენი ხმოვანი ასისტენტის ალტერნატივა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს». -ამბობს ირაკლი ბესელიძე.
Calen AI-ის დამფუძნებლის თქმით, მის კომპანიას დიდი კონკურენცია არც გლობალურ ბაზარზე არსებულ ინგლისურენოვან პლატფორმებთან აქვს, რადგან, მაგალითად, მხოლოდ აშშ-ში მათი მომსახურება დაახლოებით 2.3 მილიონ კომპანიას სჭირდება.
Calen AI-სთვის მთავარ სირთულეს სწორედ კომპანიების დარწმუნება წარმოადგენს, ეს უახლესი და ინოვაციური ტექნოლოგია გამოიყენონ. ბესელიძის თქმით კი, პირიქით, მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებას კომპანიებისთვის ისეთი პრობლემის გადაჭრაც კი შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად, თანამშრომლების დაქირავება. ამიტომ, ორგანიზაციებს სიახლის არ უნდა ეშინოდეთ.
«პიკის საათებში, 15-20 წუთიანი ლოდინის შემდეგ მომხმარებელი აგრესიული და გაღიზიანებული ხდება და ამ დროს მთელი ემოციური დატვირთვა ქოლ-ცენტრის თანამშრომელზე მიდის. ამიტომ, კომპანიებს ამ პოზიციაზე თანამშრომბლების დაქირავება უჭირთ. სტრესული სამსახურიდან ისინი 3-4 თვის შემდეგ მიდიან, კომპანიებს ახლიდან დაქირავება უწევთ, რაც მათ დროსა და შემოსავალს აკარგვინებს. ჩვენს AI ასისტენტს კი ამ პრობლემის მოგვარებაც შეუძლია». — ამბობს ირაკლი ბესელიძე.
Calen AI-ის მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ კლიენტების პრობლემების აღმოფხვრა და მოგვარება, არამედ საგანმანათლებლო მოღვაწეობაცაა — კომპანიებს უნდა აუხსნან, როგორ მუშაობს AI, რატომ არის ცვლილება მნიშვნელოვანი. გააგებინონ, რომ ორგანიზაციის სრული ციფრული ტრანსფორმაციისთვის მათი სერვისის გამოყენება უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ბესელიძე გამოწვევად მაღალი სტანდარტების შენარჩუნებასაც მიიჩნევს, რაც ენის ნაკლები პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რთულია.
Calen AI 2023 წელს 300 ქართული კომპანიის მოზიდვასა და სერვისის მაღალ ხარისხში მათ დარწმუნებას აპირებს. დამფუძნებლებს სურთ, რომ საქართველოში Conversational AI ინდუსტრია ჩამოაყალიბონ და 2024 წლისთვის საკუთარი AI ასისტენტი ყველა ბიზნესს ჰქონდეს.
მთავარი მიზანი კი 2024 წელს ამერიკულ ბაზარზე უკვე მოკრებილი ძალებით დაბრუნება და ინვესტიციის გაზრდაა.
საბოლოოდ, Calen AI ნამდვილად ინოვაციური და მნიშვნელოვანი სტარტაპია, რომლის სწორად განვითარებაც მომხმარებლებისა და კომპანიების დროს, ენერგიასა და შემოსავალს დაზოგავს. ამ დროისთვის მათ ჰყავთ 100-ზე მეტი კლიენტი კომპანია უცხოეთში და პირველი დამკვეთი საქართველოში — ლოჯისტიკური კომპანია Space Cargo.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT