ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
18 მარტი 2023, 10:00
2023-03-18
Amazon-მა შესაძლოა, ახალი ბრაუზერი შექმნას
ამაზონს ახალი პროექტების წამოწყების აქტიური ტენდენცია აქვს — ახლაც, შესაძლოა, კომპანიამ ახალი ვებ ბრაუზერი შექმნა. მომხმარებლებმა მიიღეს ელექტრონული შეტყობინებები, რომლებიც მოიცავს გამოკითხვას ბრაუზერების შეფასების შესახებ.
Amazon-ის თანახმად, გამოკითხვა წარმოადგენს გზას მომხმარებლების მიერ არსებული ბრაუზერების მომსახურებით კმაყოფილების შესაფასებლად. კომპანიას ასევე სურს, დაადგინოს, რას გააუმჯობესებდნენ მომხმარებლები ბრაუზერებში.
გამოკითხვა 19 მარტამდე იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ აღნიშნა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობით მომხმარებლები საკუთარ წვლილს შეიტანენ ინოვაციებში, რომლებიც ბრაუზერის მოხმარების გაუმჯობესებას ემსახურება.
გამოკითხვის დასაწყისში რესპონდენტს ეკითხებიან, რომელ დესკტოპს ან ლეპტოპს იყენებენ უფრო ხშირად. შემდეგი შეკითხვა ყველაზე ხშირად არჩეულ ბრაუზერებს ეხება. ჩამოთვლილი ბრაუზერები მოიცავს: Google Chrome, Safari, Microsoft Edge, Opera-ს და სხვ. ასევე, რამდენ საათს ატარებენ მომხმარებლები თავიანთ მოწყობილობებთან ყოველდღიურად. მესამე გვერდზე ჩნდება უფრო მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც, დიდი ალბათობით, Amazon-ს საკუთარი ბრაუზერის შექმნაში დაეხმარება.
მაგალითად, რა დაარწმუნებთ მომხმარებლებს, რომ მათი ფავორიტი ბრაუზერი ახლით შეცვალონ. პასუხებს შორის იყო: «უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უფრო ძლიერი დაცვა» და «AI-ის დანამატი, საძიებო ისტორია და სანიშნეების მართვა».
ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ბრაუზერის უნარი, შეინახოს პაროლები, სანიშნეები და სხვა. ამის შემდეგ გვხვდება ზოგადი შეკითხვები, როგორიცაა, რამდენად ხშირად აწყდებიან პრობლემებს და რისთვის იყენებენ მომხმარებლები ბრაუზერებს.
Amazon Silk
Amazon ბრაუზერზე პირველად არ მუშაობს. კომპანიის პირველი ბრაუზერი 2011 წელს გამოვიდა და მხოლოდ ამაზონის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი, როგორიცაა Fire Tablets, Fire Tv, Echo Show. Silk Chromium Projec-ზე აშენდა და სხვა ბრაუზერების მსგავსად მუშაობს.
Fire Tablet-ისთვის Silk გამოიყენება ინტერნეტში ახალი საკითხავი მასალების მოსაძებნად. მომხმარებლებს ინტერნეტში ვაჭრობა და უახლეს ახალ ამბებთან და ტენდენციებთან გაცნობაც შეუძლიათ. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომია Kindle მოწყობილობებზეც.
Fire TV-ის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ბრაუზერზე წვდომა ულიმიტო კონტენტის ნახვისთვის. მისი მართვა Alexa-ს ან Fire TV-ის დისტანციური მართვის გამოყენებითაა შესაძლებელი. ბრაუზერის მომხმარებლებს შეუძლიათ გადავიდნენ სტრიმინგ ვებსაიტებზე პირდაპირი ეთერის, ვიდეოების და სხვა კონტენტის სანახავად.
რაც შეეხება Echo Show-ს — მას ასევე შეუძლია Amazon Silk-თან წვდომა ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა ინტერნეტში რეცეპტების, რჩევებისა და ხრიკების ძებნა პროექტებისა და სხვადასხვა გატაცებებისთვის.