ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებასოციალური მედია
7 სექტემბერი 2023, 08:00
2023-09-07
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძის ციფრული მარკეტინგის ფეისბუქ ჯგუფი 10 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. მათი უმეტესობა სწორედ ციფრული მარკეტერია, ისევე, როგორც ალექსანდრე. ისინი სვამენ კითხვებს, აზიარებენ თავიანთ ცოდნას ან პრობლემებს და სხვებს მათ გადაჭრაში ეხმარებიან. ალექსანდრე, რომელმაც თავი პროფესიონალებს მოუყარა, ამბობს, რომ მიზანი ამ სფეროში არსებული არასწორი მიდგომების გამოსწორება იყო.
dev.ge-მ მას საქართველოს დიჯითალ საზოგადოებაში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ ჰკითხა.
ამ სფეროში 2008 წლიდან ჩავერთე, მაშინ 14 წლის ვიყავი და სკოლაში ვსწავლობდი. მქონდა წიგნი «მომავლის პროფესიები», რომელიც ციფრულ ინდუსტრიას შეეხებოდა. პირდაპირ არ ეწერა, თუმცა, საუბარი იყო ციფრულ მარკეტინგზე, ინფლუენსერებზე და ა.შ და 10 წლის შემდეგ ზუსტად ის მოხდა, რაც იმ წიგნში წავიკითხე. 2012 წლიდან ოფიციალურად დავსაქმდი, როგორც ფეისბუქ ედვერთაიზერი. 2019 წელს ლინკდინის მეშვეობით ფეისბუქის თანამშრომლები დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს. ფეისბუქში სარეკლამო სისტემის განახლება მიმდინარეობდა და 3-თვიანი სტაჟირება გავიარე — დავალაგეთ Ads Manager. სტაჟირების განმავლობაში ანაზღაურება არ მქონია, მონაწილეებს სიმბოლურად $100 გადაგვიხადეს. ეს იყო უდიდესი გამოცდილება და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ამ სფეროში.
ამ სფეროში მუშაობა როდის დაიწყეთ?
სკოლის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სეუ-ში მოვხვდი, ტურიზმის ფაკულტეტზე, ბიზნესის მართვის კუთხით. უნივერსიტეტში ძალიან გამიმართლა, რადგან შემხვდნენ ისეთი ლექტორები, რომლებმაც ჩემი აზროვნება და ხედვა სრულიად შეცვალეს. ტურიზმის სფეროში არასდროს არ მიმუშავია, იმის მიუხედავად, რომ გამიკეთებია საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და მარკეტინგი. ლექტორები რჩევებს მაძლევდნენ საერთაშორისო კუთხით და ეს დამეხმარა უცხოეთში დასაქმებაში. დღემდე ვაგრძელებ მუშაობას რამდენიმე კომპანიაში.
ახლა რომელი კომპანიებისთვის მუშაობთ?
საქართველოში m² -ში ვმუშაობ, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ვარ და ეს არის ჩემი მთავარი სამსახური საქართველოში. ამასთან, უცხოეთში დისტანციურად 3 კომპანიაში ვმუშაობ. ჯამში ალბათ 24 კომპანიაში მიმუშავია. თითოში მინიმუმ 6 თვე გავჩერებულვარ. ყოველ 3 წელიწადში ვცდილობ, ახალი კომპანია მოვძებნო და ყველაფერი ერთგვარად დავარეფრეშო. ჩემი ძირითადი დასაქმების სფერო ედვერთაიზინგი და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაა. პარალელურად ჩემი კურსები მაქვს, ფასიანი კურსებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება, ვეხმარებით სტარტაპებსაც. ჯგუფში ასევე ტარდება სრულიად უფასო კურსები.
თქვენ ძალიან აქტიური ფეისბუქ ჯგუფი გაქვთ, სადაც თავს ციფრული მარკეტერები იყრიან, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ და სხვა. როდის და რატომ გააკეთეთ ეს ჯგუფი?
2019 წელს ჩემმა მეგობარმა, მთხოვა, რომ იქნებ ხალხს დაეხმარო ციფრული მარკეტინგის კუთხითო და ჯგუფებში დამამატა. ამ ჯგუფებში ხალხი ერთმანეთს ატყუებდა და ძირითადად ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებული. საქართველოს ბაზარი ძირითადად მხოლოდ ეს იყო. ამ ჯგუფებში დავიწყე ბლოგებისა და ვიდეოების ჩაწერა, მაგრამ აბსურდული მიზეზების გამო ამ ჯგუფებიდან წამშალეს. ამის გამო ჩემი საკუთარი ჯგუფი გავაკეთე, სადაც რეალურად ყველაფერი სწორად კეთდება და დღემდე აქტიური ჯგუფია.
როგორ ცვლის სოციალური ქსელების განვითარება ბიზნესს?
ბევრი რამე იცვლება, ბევრ რამეში პრობლემას ქმნის ევროკავშირი. ისინი იცავენ მომხმარებლებს მაგრამ, ურთულებენ საქმეს კომპანიებს, რომლებიც ინფორმაციის გაცვლას ცდილობენ. ჩვენთვის ეს კარგია, რადგან უფრო იკლებს ფეიქ ნიუსების რაოდენობა, მაგრამ ბიზნესებისთვის საქმიანობა კიდევ უფრო რთულდება.
ცვლილებების კუთხით გარდამტეხი 2020 წელი და პანდემია იყო. Meta-მ ამ დროს იმხელა დატა ინფორმაცია მიიღო, რის მიღებასაც 5 წელიწადში პროგნოზირებდა. ამ მონაცემების საშუალებით ყველაფერი უფრო განვითარდა და სარბიელზე ხელოვნური ინტელექტები გამოჩნდა.
რაც შეეხება საქართველოს — როგორ აისახა ცვლილებები ჩვენს ბაზარზე?
2020-მა წელმა გამოაჩინა, რომ საქართველოში ბევრმა ვერ მოახერხა ნორმალური ვებსაიტის აწყობა, მაგალითად, ონლაინ გაყიდვებისთვის.
კარგმა ციფრულმა მარკეტოლოგმა მინიმალური ვებ პროგრამირების პრინციპები უნდა იცოდეს. ამაზე მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება, ჩვენს ქვეყანას კი ალბათ ძალიან გაუჭირდება — საქართველოში ბიზნესების მხოლოდ 13%-ს აქვს ვებსაიტი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არც ისეთი კარგი წინსვლა გვაქვს, როგორიც უნდა გვქონდეს.
როგორ ვითარდება საქართველოში ციფრული მარკეტერის პროფესია?
არიან კადრები რომლმებიც, 300-დან 600-ლარამდე ანაზღაურებით აკეთებენ საერთოდ ყველაფერს. ასევე, არიან პროფესიონალი კადრები, რომლებითაც დიდი კომპანიები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ მათი დეფიციტია. კარგი ედვერთაიზერი მინიმუმ 3000-ლარიანი ხელფასით იწყებს, თუ სწორად და კარგად იცის რეკლამის გაშვება. პატარა კომპანიამ უნდა გაზარდოს გუნდი და გახდეს დიდი კომპანია ზუსტად სწორი თანამშრომლების შერჩევით. მათ მაღალი ანაზღაურება დასჭირდებათ, მაგრამ შედეგს აუცილებლად მოიტანენ. დიდი კომპანიები სანთლით ეძებენ კარგ კადრებს.
საქართველოში რატომ არის პოპულარული ფეისბუქი და არა მაგალითად ტვიტერი?
ერთ-ერთი მიზეზი ტვიტერზე სიმბოლოების შეზღუდული რაოდენობა მგონია. ტვიტერზე ქართველი მომხმარებლების რიცხვი 1,3%-დან 0,3%-მდე ჩამოვიდა. მე ვიყენებ და ძალიან მიყვარს ეს ქსელი, მაგრამ ჩვენთან ფეისბუქი, ინსტაგრამი და ტიკტოკი მოსწონთ. ლინკდინზე 75 000 აქტიურ მომხმარებელს გავცდით და წინ ასე თუ ისე მდორედ მივდივართ. საბოლოო ჯამში, გვყავს სოციალური ქსელის ძალიან ბევრი მომხმარებელი, მაგრამ ხარისხი გვაქვს ძალიან დაბალი. ტრენდებს ვყვებით, მაგრამ იმ ხარისხს ვერ ვინარჩუნებთ, რაც უკვე უცხოეთშია.
რა უნარები სჭირდება კარგ ციფრულ მარკეტერს აუცილებლად?
ციფრული მარკეტერს უნდა შეეძლოს სოციალურ ქსელებთან სრულყოფილად ქსელთან მუშაობა, სწორი ედვერთაიზინგი და ტარგეტირება. რეკლამის გაშვება ყველას შეუძლია, მთავარია სწორ ადამიანზე მორგება. ძალიან კარგი იქნება, თუ ვებ პროგრამირება ნაწილობრივ მაინც თუ ეცოდინება. ასევე, ანალიტიკური აზროვნება და რაც ყველაზე მთავარია — რბილი უნარები. უნდა იცოდნენ, როგორ იურთიერთონ დამკვეთთან.
რას ურჩევთ იმ ხალხს ვინც ახლა აპირებს ციფრული მარკტინგის სწავლის დაწყებას?
ყველას ვურჩევ, ფული არაფერში გადაიხადონ. ყოველთვის ჯობია, დამწყები დონის კურსები გაიარონ და ყველაფერი გატესტონ. კურსს რომ გაივლიან, შემდეგ კურსზე კი არ გადავიდნენ, უკვე ნასწავლი განამტკიცონ და ამის შემდეგ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
ხოლო მას შემდეგ, რაც Meta-ს პლატფორმებზე, გვერდების შექმნა და რეკლამის გაშვება შეეძლებათ — აიღონ თუნდაც ძვირადღირებული კურსები ან აიყვანონ მენტორი.
მე მაშინ განვვითარდი, როცა ნასწავლის გამოცდა დავიწყე. ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან ბევრი ფული დახარჯა, თუმცა, ცოდნა არ დატესტა და შესაბამისად, წინ არ წასულა.
რას ურჩევთ ციფრულ მარკეტერებს?
არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, არასდროს გაჩერდეთ. აუცილებელია მუდმივი განვითარება, სიახლეების გაცნობა და ამ ყველაფრის გამოცდა. თუ შენ შეგიძლია შენი ნასწავლი, სხვას აუხსნა და გაუზიარო, მაშინ შენი საქმე უკვე კარგად იცი.
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: სოციალური მედიის სტატისტიკა საქართველოში 2023 წელს
2023 წლის იანვარში საქართველოში სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებს 3,05 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა — ამის შესახებ DataReportal-ის 2023 წლის ანგარიშში წერია.