X-ის ვერიფიკაციის პოლიტიკა დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს
მას შემდეგ, რაც X, ყოფილი Twitter, 2006 წელს ამოქმედდა, ჟურნალისტები პლატფორმას მიმდევრებთან ურთიერთობისთვისა და კომუნიკაციისთვის იყენებდნენ.
მას შემდეგ, რაც X, ყოფილი Twitter, 2006 წელს ამოქმედდა, ჟურნალისტები პლატფორმას მიმდევრებთან ურთიერთობისთვისა და კომუნიკაციისთვის იყენებდნენ.
თუმცა, როდესაც აპრილში პლატფორმამ ვერიფიკაციის ნიშნები ფასიან სერვისად გადააქცია (აღარ ითვალისწინებენ მომხმარებლების აქტივობას, ცნობადობას ან ავთენტურობას) სანდო წყაროების იმიტატორებისგან გარჩევა მნიშვნელოვნად გართულდა. Twitter Blue — ამ ფასიანი გამოწერის სერვისს დღეს X Premium ჰქვია.
«X დაუმოწმებელი მომხმარებლებისთვის გადამოწმებული ადგილი ხდება». — თქვა ნიგერიელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, ევუჯი პრისუსმა. — «ზოგჯერ, ადამიანებს იმ ჟურნალისტების უფრო სჯერათ, რომლებიც ლურჯი ნიშნით სარგებლობენ (მიუხედავად იმისა, რას აქვეყნებენ), ვიდრე არავერიფიცირებული პროფესიონალების».
აი, რა უნდა იცოდნენ ჟურნალისტებმა ახალი პოლიტიკის შესახებ — როგორ უწყობს ხელს ის დეზინფორმაციის გავრცელებას.
წარსულში X-ის მომხმარებლები ლურჯ ნიშანს სრულიად უფასოდ, დადასტურების მოთხოვნის პროცესის გავლით იღებდნენ. პლატფორმის ერთადერთი მოთხოვნა იყო, ანგარიში ავთენტური, შესამჩნევი და აქტიური ყოფილიყო. ყველაზე ხშირად ლურჯ ნიშანს სახელმწიფო მოხელეები, ცნობილი სახეები, აქტივისტები, საინფორმაციო ორგანიზაციები და ჟურნალისტები იღებდნენ.
«ადრე ვერიფიკაცია იმის ნიშანი იყო, რომ ესენი დამოწმებული მომხმარებლები არიან და, შესაბამისად, მათი ნდობა შეიძლება». — თქვა ფაქტების შემმოწმებელმა და Stage Media-ის თანადამფუძნებელმა ლიბერიაში, ბეტი მბაიომ. დღეს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თვეში 8 დოლარი გადაიხადოს და ვერიფიცირებული გახდეს.
ცვლილებების შემდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრეცედენტები საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის, Quant Lab-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ X Premium-ის აბონენტების უკრაინასთან, ვაქცინასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტვიტების 25%-ზე მეტი ცრუ ინფორმაციას შეიცავდა.
ამასთან ერთად, სუდანში კონფლიქტის დროს, ქვეყნის მთავარი გასამხედროებული ძალის, სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) ვერიფიკაცია გაუქმდა. ამ დროს პლატფრომაზე ლურჯი ნიშნით ყალბი ანგარიში გამოჩნდა, რომელიც RSF-ის ლიდერის, მოჰამედ დაგალოს გარდაცვალებას ამტკიცებდა. ტვიტმა მოკლე დროში 1,7 მილიონი ნახვა დააგროვა. ყალბი ანგარიში მოგვიანებით გააუქმეს.
«X-ის ალგორითმი უპირატესობას იმ ანგარიშების ტვიტებს ანიჭებს, რომლებიც X Premium-ს იყენებენ. ეს მდგომარეობას გარკვეულწილად ართულებს». — თქვა ნიგერიული გაზეთის, PUNCH-ის ჟურნალისტმა, ალფრედ ოლუფემიმ.
ჟურნალისტებმა ინფორმაციის გავცელებამდე ფაქტები რამდენჯერმე უნდა გადაამოწმონ.
«ჟურნალისტებმა აქტივიზმში ჩართვას და მიკერძოებას თავი უნდა აარიდონ, რადგან ამან შეიძლება მათი სანდოობა დაარღვიოს». — თქვა ფაქტების შემმოწმებელმა, ლოის უგბედემ.
უგბედემ ჟურნალისტებს მოუწოდა, «გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ», რათა სხვა მომხმარებლების ნდობა შეინარჩუნონ და დეზინფორმაციის გავრცელება თავიდან აიცილონ.
«ხალხი ტვიტებს აზიარებს, რადგან გრძნობენ, რომ ტვიტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება». — თქვა მან.
ჟურნალისტებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Spoonbill, Pipl.com, AI Detector და სხვა, რათა გადაამოწმონ X-ზე ინფორმაციის ავთენტურობა, თქვა ბუსოლა აჯიბოლამ, ჟურნალისტური ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის ჟურნალისტური პროგრამის დირექტორის მოადგილემ.
ჟურნალისტებს შეუძლიათ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა Spoonbill, Pipl.com, AI Detector და სხვა, რათა X-ზე ინფორმაციის ავთენტურობა გადაამოწმონ.
«ეს ხელსაწყოები ხელს უწყობს მომხმარებლების მიერ გარკვეული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და უმეტეს შემთხვევაში ის გვეხმარება იმის გამოვლენაში, თუ ვინ დგას ტვიტების უკან და რამდენად ავთენტურია ანგარიში» — თქვა ჟურნალისტური ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის მოადგილემ, ბუსოლა აჯიბოლამ.