ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
15 თებერვალი 2023, 16:42
2023-02-15
უცხოური გავლენის აგენტი — შეეხება თუ არა IT სექტორს "ხალხის ძალის" კანონპროექტი
2022 წლის 14 თებერვალს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ჯგუფმა, «ხალხის ძალამ» განაცხადა, რომ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც «უცხოური გავლენებს» ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ჩაითვლება:
ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტული ფედერაცია და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა — არ იგულისხმება სარეკლამო შემოსავლები.
მაუწყებლები/ტელევიზიები, რომლთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა — არ იგულისხმება სარეკლამო შემოსავლები.
ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას, ან ფლობს და იყენებს ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს — ანუ ონლაინ მედიას, და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა — არ იგულისხმება სარეკლამო შემოსავლები.
შემოსავალში იგულისხმება როგორც ფული, ისე — უძრავი და მოძრავი ქონება.
კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა − მონიტორინგი.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
ყველა, ვინც «უცხოური გავლენის აგენტად» მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, ყოველწლიურად შეავსონ ფინანსური დეკლარაცია.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება 25 ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადის არ შევსების ან/და დოკუმენტში ხარვეზების დროულად არ გამოსწორების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარია. სამართალდარღვევის ერთი თვის ვადაში ხელახალი ჩადენა კი 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
კანონპროექტი პარლამენტის ვებსაიტზე, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის, შესაბისად, მედიისთვის ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია განმარტებითი ბარათი, რომლითაც მისი მიზნები ან სხვა დეტალები გახდებოდა ცნობილი.
თუმცა, ამ ჩანაწერების მიხედვით, უცხო გავლენის აგენტებად შესაძლოა მიჩნეულ იყვნენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და მუშაობენ, მაგალითად: Viber, Epam, Exadel. თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.
უცხო ქვეყნის აგენტის სიაში ჩაწერა მოუწევს dev.ge-ს.
ჩვენ ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, იქნება თუ არა უცხო ქვეყნის აგენტი კერძო პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, რომელიმე საერთაშორისო კომპანიისთვის, მაგალითად, Google-ისთვის მუშაობს და შემოსავალსაც იქიდან იღებს.
ასევე, არ ვიცით, ვრცელდება თუ არა კანონი ფრილანსერებზე, რომლებსაც აქვთ ინდ მეწარმის სტატუსი.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.