საქართველოს ხედვა და გეგმები ტექნოლოგიური განვითარების კუთხით
ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივა, მიზნები და გეგმები ჩვენს თანამედროვეობაში ფართოდ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობას და მის მდებარეობას მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე. dev.ge შეეცადა, გაერკვია, რა ეტაპზეა საქართველო, როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როგორია გეგმები და მოლოდინები.
საქართველოში რიგი ნაბიჯები იდგმება ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. მაგალითად, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დამტკიცდა, 2020 წლიდან კი — ამოქმედდა. მის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისეთი პროგრამები და სერვისები, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები.
საქართველოს «ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა» ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულაციების გატარების საკითხებზეა ორიენტირებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით.
ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამდენად ეფექტიანად შეიძლება მისი გამოყენება საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიების სფეროში მეტი სპეციალისტის გამოჩენისა და დასაქმებისთვის. სად დგას ამ სურათში სტარტაპ კულტურა და როგორია პერსპექტივები.
2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დააანონსა 5000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა, შესაძლოა ენერგეტიკა და ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება გახდეს.
თუმცა, არც მას და არც მთავრობის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რა დგას ამ განცხადების მიღმა — რა პროექტზე საუბრობს პრემიერმინისტრი, რა თანხის დახარჯვა დაიგეგმა, ან რატომ შეირჩა რიცხვი 5000.
ასევე, არ ვიცით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული 5000 IT სპეციალისტი მოიაზრებს თუ არა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამას 3000 სპეციალისტის გადამზადების შესახებ — პროგრამა 2020 წლიდან მოქმედებს და GITA-ს თანახმად, ამ დრომდე 1383 IT სპეციალისტი გადამზადდა, მათგან 574 — საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია.
ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, პასუხები მივიღოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან. თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
dev.ge-მ გამოარკვია, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რომელიც საქართველოში ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების ფართო სურათს განსაზღვრავს.
თუმცა, 2014 წლიდან არსებობს GITA, რომლის მისიაც არის საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.
არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა
საქართველოს ტექნოლოგიურ რეალობასა და პერსპექტივებზე Startup Georgia-ს თანადამფუძნებელს, ლაშა გორგოშიძეს ვესაუბრეთ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი რესურსი და შესაძლებლობაა, ქვეყანა პოზიციონირებდეს არა როგორც მომხმარებელი, არამედ — როგორც მიმწოდებელი.
Startup Georgia-ს თანადამფუძნებელი საქართველოში მიმდინარე პროგრამებიდან გამოარჩევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და კერძო სექტორის ერთობლივ მუშაობას სტარტაპების განვითარების კუთხით. ეს პროექტი მოიაზრებს ინოვაციური ციფრული პროდუქტების რომელთა მოხმარებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი.
2022 წლის 12 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობა ტექნოლოგიური ჰაბი გახდება. თუმცა, დეტალები არც ამის შესახებ ვიცით.
ლაშა გორგოშიძე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტექნოლოგიური განვითარების კუთხით თანმიმდევრულობის პრობლემა დგას.
მისივე თქმით, Startup Georgia საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუშაობს, რათა «სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი მიდგომა და სტრატეგია ინფორმაციული ტექნოლოგიების და სტარტაპების განვითარების კუთხით».
გორგოშიძე იმედოვნებს, რომ 2023 წლის შემოდგომაზე კონკრეტული შედეგები გამოჩნდება.
იმისთვის, რომ ეს წარმატებით განხორციელდეს, Startup Georgia-ს ხელმძღვანელი სამ ძირითად ასპექტს გამოყოფს:
საკანონმდებლო და საგადასახადო ფორმატის შემუშავება, რომელიც გრძელვადიანი იქნება და ჩართულ მხარეებს საშუალებას მისცემს, შეძლონ პროგნოზირება და IT სექტორი აღიქვან სტაბილურად სექტორად საქართველოში.
ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, რაც ძალიან დაეხმარება ინტერნეტ და ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებას. ლაშა გორგოშიძე ამბობს, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ყოველთვის საჭიროებს დიდძალ ინვესტიციებს, შესაბამისად, რაც არ უნდა კარგი გარემო არსებობდეს საქართველოში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ინვესტორებისთვის მიმზიდველი კანონმდებლობის გარეშე ძალიან გაჭირდება ამ ინფრასტრუქტურის და რესურსების გამოყენება. შესაბამისად, საქართველოში ამ კუთხითაც უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო.
ხილვადობის გაზრდა საერთაშორისო არენაზე — ქვეყნის პროგრესი, ახალგაზრდების ძალისხმევა და შრომა, ჩადებული ინვესტიციები და წარმატებული პროექტები უფრო ხილვადი უნდა გახდეს საერთაშორისო ფონდებისთვის, ინვესტორებისა და რეიტინგის შემდგენელი ორგანიზაციებისთვის, რათა საქართველომ მოახერხოს პოზიციონირება.
ლაშა გორგოშიძე ამბობს, რომ Startup Georgia-ს ხედვაა მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც კონკრეტული მაჩვენებლების საფუძველზე გაიზომებოდა ტექნოლოგიური სექტორის წარმატება.
მისი თქმით, დღეს არ არსებობს ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო, საინვესტიციო ფონდები, ან ნებისმიერი სხვა იხელმძღვანელებდა ქართული ინოვაციური ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების შესაფასებლად.