Twitter-ის დამფუძნებლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელი Bluesky App Store-ში გამოჩნდა
Twitter-ის სავარაუდო კონკურენტი Bluesky, რომელსაც მხარს Twitter-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი უჭერს, App Store-ში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ ბეტა ვერსიით მუშაობს, მისი App Store-ში დამატება იმაზე მიუთითებს, რომ საჯარო გაშვება ნელ-ნელა ახლოვდება.
Bluesky-ის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. 2022 წლის ოქტომბრში იდეის ავტორებმა ბლოგი გამოაქვეყნეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი სოციალური პროტოკოლის სტატუსი, რომელიც აპლიკაციის გაძლიერებას ემსახურებოდა.
AT (ADX, ან «Authenticated Transfer Protocol») Bluesky-ის მთავარი გასაღებია. ActivityPub პროტოკოლის მსგავსად, რომელიც Twitter-ის კიდევ ერთ კონკურენტს, Mastodon-ს აძლიერებს, AT-იც ფედერაციული და დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა.
პროექტის მიმართ გარკვეული კრიტიკა, განსაკუთრებით Mastodon-ისა და სხვა დეველოპერებისგან წამოვიდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ActivityPub ურთიერთდაკავშირებული სერვერების დიდ და მზარდ Fediverse-ს უკვე უზრუნველყოფს.
Fediverse ფედერაციული, ანუ ურთიერთდაკავშირებული სერვერების ნაკრებია, რომლებიც ვებ გამოქვეყნებისთვის (მაგ. სოციალური ქსელები, მიკრობლოგები, ბლოგინგი ან ვებსაიტები) და ფაილების ჰოსტინგისთვის გამოიყენება.
Fediverse პოპულარული ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ გახდა, როცა მომხმარებლებმა ის დეცენტრალიზებული ალტერნატივის, Mastodon-ის გამოსაცდელად დატოვეს.
ActivityPub სტანდარტის მიღება სხვა კომპანიებმაც განიხილეს, მათ შორის Flipboard-მა, რომელმაც თავისი გეგმების შესახებ დღეს ისაუბრა, ასევე Medium-მა, Tumblr-მა და შესაძლოა Flickr-მაც. ეს Bluesky-ის მომავალს ბუნდოვანს ხდის.
Bluesky თავდაპირველად Twitter-ში იყო ინკუბირებული, კერძოდ 2019 წლიდან, როდესაც ჯეკ დორსი კერ კიდევ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. Twitter ასევე წლების განმავლობაში Bluesky-ის ფინანსურადაც ეხმარებოდა. ილონ მასკის მიერ პლატფორმის შეძენის შემდეგ კი დორსი მთლიანად Bluesky-ზე გადაერთო.
დორსი მასკს უხსნიდა, რომ ახალი პლატფორმის საჭიროება არსებობდა.
«ამიტომაც დავტოვე Twitter». — 2021 წლის ნოემბერში დორსიმ სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, მაგრამ 2022 წლის მაისამდე Twitter-ის საბჭოში დარჩა.
აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დატოვების შემდეგ, დორსიმ Twitter-ზე Bluesky-ისთან დაკავშირებით საჯაროდ ისაუბრა და მას საუკეთესო დეცენტრალიზებული პლატფორმა უწოდა.
დისკუსია იმ დროს დაიწყო, როდესაც დორსი Twitter-ზე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბლოკვასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებდა. მას სჯეროდა, რომ Bluesky დიდ, ცენტრალიზებულ პლატფორმებს, როგორიცაა Twitter, სოლიდურ კონკურენციას გაუწევდა.
მაგრამ ახლა Twitter-ის სათავეში ილონ მასკია, ამიტომ გაურკვეველია, დარჩება თუ არა ეს ორი პროექტი ერთმანეთთან დაკავშირებული. Bluesky-იმ გასულ წელს განაცხადა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის 13 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ასევე გაასაჯაროვა, რომ ჯეკ დორსი პლატფორმის საბჭოს ერთ-ერთი წევრი იყო.
ასევე ნათქვამია, რომ Twitter-ის მიერ Bluesky-ის დაფინანსება არანაირ პირობას არ ექვემდებარება, გარდა ერთისა: რომ Bluesky-ს უნდა შეესწავლა და შეემუშავებინა ტექნოლოგიები, რომლებიც ღია და დეცენტრალიზებულ საჯარო საუბარს უზრუნველყოფენ.
დღეს Twitter თავის ხარჯებს მკვეთრად ამცირებს, მათ შორის რეორგანიზაციის, აუქციონის, ოფისების დახურვისა და გადასახადების შემცირების გზით. გასაკვირი იქნება, თუ Bluesky-ის მსგავსი პროექტი მათთვის პრიორიტეტად დარჩება.
Bluesky-ის აპლიკაცია საჯაროდ გამოვიდა და ზოგიერთი მომხმარებელი მას უკვე ტესტავს. აპლიკაციებზე დამკვირვებელი კომპანიის, data.ai-ს თანახმად, Bluesky iOS აპის დებიუტი 2023 წლის 17 თებერვალს შედგა და მას უკვე 4000 ინსტალაცია აქვს. ის ბეტა რეჟიმში მუშაობს, ამიტომ აშშ-ის არცერთ საუკეთესო ჩარტში არ მოხვედრილა და არც Google Play-ზეა ხელმისაწვდომი.
მომხმარებლები, რომლებმაც აპლიკაცია უკვე გამოსცადეს, ფიქრობენ, რომ Bluesky-ის Twitter-ის კონკურენტობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა პოტენციალი აშკარაა.
«ჯერ კიდევ ბერვია სამუშაო, თუმცა Twitter-ის უაზრო ტვიტებისგან შორს ყოფნა, გარკვეულწილად, სასიამოვნოა. მაგალითად, კრიპტო თაღლითობებისა და სახიფათო პოსტებისგან». — წერს Bluesky-ის ერთ-ერთი პოტენციური მომხმარებელი.
Bluesky-ის გეგმები ბეტა ვერსიის გაშვების შესახებ პირველად ოქტომბერში გამოცხადდა, მაგრამ თავად აპლიკაცია იმ დროს საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო. უცნობია, როდის იქნება აპლიკაცია სრულყოფილი — Bluesky-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.