ამ ეტაპზე Twitter-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილი სოციალურ მედია Mastodon-ზე გადადის.
Mastodon ამბობს, რომ მას უკვე 655 000 მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 230.000 მომხმარებელი Mastodon-ს გასული ერთი კვირის მანძილზე შეუერთდა.
პლატფორმა უკვე ექვსი წელია არსებობს და ახლა მომხმარებელთა გაზრდილ რიცხვთან გამკლავებას ცდილობს.
დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი
ერთი შეხედვით, Mastodon Twitter-ს ჰგავს. მომხმარებლები წერენ პოსტებს, რომლებსაც toot-ები ჰქვიათ. მომხმარებელს აქვს პოსტზე დაკომენტარების და გაზიარების ფუნქცია. ასევე, შეუძლიათ ერთმანეთის გამოწერა. Twitter-გან განსხვავებით, Mastodon არ სთავაზობს მომხმარებელს ისეთი პროფილების გამოწერას, რომლებიც შესაძლოა მათთვის საინტერესო იყოს.
მიუხედავად ამისა, Mastodon განსხვავებულად მუშაობს.
ის არ არის პლატფორმა, რომელსაც კონკრეტული პირი ან კომპანია ფლობს.
Mastodon არის დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, რომელიც სხვადასხვა სერვერებიდან იმართება.
შესაბამისად, სოციალურ ქსელს არ ჰყავს ერთი კონკრეტული მმართველი, რომელსაც შეუძლია მისი ყიდვა ან გაყიდვა.
ნებისმიერს, ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეუძლია სერვერის შექმნა. თუმცა, საინტერესოა, რომ არ არის აუცილებელი მომხმარებლები ერთსა და იმავე სერვერზე იყვნენ, რომ ერთმანეთი გამოიწერონ.
ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელთა მცირე ჯგუფებს, შექმნან საკუთარი წესები და ამასთან, კონტაქტი ჰქონდეთ ფართო მასებთან.
დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის მთავარ პრობლემა ისაა, რომ კონკრეტული სერვერის მფლობელმა, შესაძლოა, უარი თქვას მასზე. შესაბამისად, მომხმარებლის პროფილებს გაქრობის საფრთხე ემუქრება. Mastodon სერვერების მფლობელებს სთხოვს, დახურვის შემთხვევაში მომხმარებლები სამი თვით ადრე გააფრთხილონ.
სერვერებზე მოთხოვნების გაზრდიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი შეფერხებით მუშაობს.
ამ დროისთვის, Mastodon-ის ყველა სერვერს დამოუკიდებელი მოდერაციის წესები აქვს. ზოგიერთ მათგანზე წესებს საერთოდ ვერ შევხვდებით. ზოგიერთი სერვერი ირჩევს, არ დაუკავშირდეს დანარჩენ სერვერებს. არის სერვერების ნაწილი, რომლებზეც აქტიურად შევხვდებით ბოტებს, სიძულვილის ენის გამოყენებას.
სიძულვილის შემცველი პოსტების დარეპორტება და სერვერის მფლობელისთვის შეტყობინება შესაძლებელია. თუმცა, სერვერის მფლობელის მიერ პოსტის წაშლა არ ქმნის გარანტიას, რომ ის ყველგან გაქრება.
ეს საკმაოდ დიდ პრობლემას შექმნის პლატფორმის ზრდის შემთხვევაში.
BBC-მ უკვე აღმოაჩინა საიტზე ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩაგვრის შემთხვევები.
რეკლამის განთავსება და სოციალური ქსელის საფასური
ამ ეტაპზე რეკლამას Mastodon-ზე ვერ შევხვდებით. თუმცა, არ არსებობს რაიმე წესი, რომელიც აკრძალავს სოციალურ ქსელში კომპანიის ან პროდუქტის რეკლამას.
Mastodon მომხმარებელს არ სთავაზობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორაა შესაძლებელი სასურველი პოსტების ნახვა. მომხმარებელი ხედავ იმას, რასაც მათ მიერ გამოწერილი პროფილები კონკრეტულ მომენტში პოსტავენ.
პლატფორმის ზოგიერთი სერვერი ითხოვს დონაციებს მოხმარებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ უხდიან თანხას. მიუხედავად ამისა, Mastodon-ის ძირითადი ნაწილი უფასოა.
როგორ ვიპოვოთ ადამიანები Mastodon-ზე?
სერვერი, რომელსაც ირჩევთ, თქვენი მომხმარებლის სახელის ნაწილი ხდება. მაგალითისთვის, თუ თქვენ UK სერვერზე დარეგისტრირდებით, მაშინ თქვენს მომხმარებლის სახელს მიეთითება mastodonapp.uk.
თუ კი თქვენ და თქვენთვის სასურველი მომხმარებლები ერთსა და იმავე სერვერზე ხართ, საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის სახელის მითითება. სხვადასხვა სერვერის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ სერვერის დასახელებაც.
თუ კი გაქვთ სურვილი, რომ მოძებნოთ ის მომხმარებლები, რომლებიც აქამდე Twitter-ზე გყავდათ გამოწერილი, რამდენიმე გზას შეგიძლიათ მიმართოთ.
მოძებნეთ პროფილები Twitter-ზე
Twitter-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილი Mastodon-ის პროფილს Twitter-ს უკავშირებს. Twitter-ის საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ «Mastodon», ხოლო შემდეგ, აპლიკაციაში არსებული ფილტრებით ნახოთ სიტყვასთან დაკავშირებული ტვიტები, რომლებიც თქვენმა გამოწერილმა პროფილებმა გააკეთეს.
დიდი ალბათობით, აქ შეხვდებით იმ მომხმარებლის სახელებსა და პროფილის ლინკებს, რომლებიც თქვენმა სასურველმა მომხმარებლებმა Mastodon-ზე გამოიყენეს.
სერვისები, რომლებსაც შეუძლიათ პროფილების პოვნა
Twitodon სპეციალური სივრცეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეხვიდეთ Twitter-ისა და Mastodon-ის პროფილების გამოყენებით. ის შეამოწმებს თქვენიTwitter-ის ფოლოვერებს და გაჩვენებთ ყველას, ვისაც Mastodon-ის პროფილი აქვს.
Fedifinder დაგეხმარებათ იპოვოთ ისეთი მომხმარებლები, რომლებმაც Twitter-ის Bio-ში მიუთითეს ახალი პროფილები.
აღმოაჩინეთ ახალი საინტერესო ადამიანები გამოსაწერად
Twitter-ის მომხმარებელთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვთ Mastodon-ის პროფილები. მანამ სანამ ისინი ახალ პლატფორმაზე გადაინაცვლებენ, შეგიძლიათ ახალ და საინტერესო პროფილებს მიაგნოთ.
@[email protected] გაგიმარტივებთ ძებნის პროცესს, რადგან ეს პროფილი ყოველდღიურად გთავაზობთ ახალ ადამიანს გამოსაწერად.
***
რაიან ვაილდმა, რომელიც Mastodon-ის UK სერვერის მფლობელია აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში სერვერზე 6,000 ახალი მომხმარებელი გამოჩნდა, რის გამოც მას რეგისტრაციის შეჩერება მოუწია.
აღსანიშნავია, რომ Twitter-ის ყოფილი მფლობელი ჯეკ დორსი მუშაობს ახალ სოციალურ ქსელზე სახელად BlueSky, რომელიც Mastodon-ის მსგავსად დეცენტრალიზებული იქნება.