ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის? ტიმ კუკმა პოდკასტში, რომელსაც დუა ლიპამ უმასპინძლა, იმ მახასიათებლებზე ისაუბრა, რომლებსაც Apple-ში ახალი თანამშრომლის დაქირავებისას დიდ ყურადღებას აქცევენ.
რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის? ტიმ კუკმა პოდკასტში, რომელსაც დუა ლიპამ უმასპინძლა, იმ მახასიათებლებზე ისაუბრა, რომლებსაც Apple-ში ახალი თანამშრომლის დაქირავებისას დიდ ყურადღებას აქცევენ.
ინტერვიუს დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ კუკმა თქვა, რომ ყველას, ვინც Apple-ში მუშაობს, სჯერა, რომ «ერთს პლუს ერთი უდრის სამს». ცუდი მათემატიკური უნარები ტოპ-ტექნოლოგიური კომპანიის მუშაკებისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანი არ არის, მაგრამ კუკმა იდეალურად ახსნა, თუ რას გულისხმობდა.
«წარმოუდგენელი გრძნობაა იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც შენს საუკეთესო ვერსიას აღვიძებენ. ფუნდამენტურად, ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ერთს პლუს ერთი უდრის სამს». — თქვა კუკმა. «თქვენი იდეა პლუს ჩემი იდეა უკეთესია, ვიდრე ცალკეული იდეები».
კუკმა ინტერვიუში თქვა, რომ Apple «ყველას» ქირაობს — მათ შორის კოლეჯის ხარისხის მქონესაც და იმასაც, ვისაც უმაღლესი განათლება არასდროს მიუღია. მან ასევე რამდენიმე სხვა თვისება ჩამოთვალა, რომლებიც ადამიანს კომპანიაში წარმატების მიღწევაში ეხმარება.
«ვფიქრობ, ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელსაც ადამიანებში ვეძებ, კოლაბორაციის უნარია». — თქვა კუკმა. «მართლა შეუძლიათ თანამშრომლობა? ღრმად სჯერათ, რომ 1-ს პლუს 1 უდრის სამს? ამის გარკვევას მუდმივად ვცდილობ».
კუკმა თქვა, რომ ის ასევე ეძებს თანამშრომლებს, რომლებიც ცნობისმოყვარეები არიან და კითხვების დასმის არ ეშინიათ. სხვა თვისებები, რომლებიც Apple-ის ბოსმა ჩამოთვალა, კრეატიულობა და გუნდურად მუშაობის უნარია.
კუკს სჯერა, რომ კოდირება სამუშაოს მიღმაც კი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, მიუხედავად ამისა, Apple-მა დაიქირავა ადამიანები, რომლებმაც კოდირება საერთოდ არ იციან ან მას ხშირად არ იყენებენ.
2016 წელს Business Insider-მა შეისწავლა, თუ რას ამბობდნენ Apple-ის თანამშრომლები თავიანთი სამუშაოების შესახებ ფორუმებზე, როგორიცაა Glassdoor და Quora. აღმოჩნდა, რომ გასაუბრების პროცესი ძალიან მკაცრია — ზოგიერთი კანდიდატი, სამსახურის დაწყებამდე, 13-მდე გასაუბრებას გადის. Apple ასევე მომავალ პროდუქტებს იცავს, სანაგვე ურნებს აკონტროლებს, ახალი პროდუქტების კოდურ სახელებს იყენებს და ფანჯრებს შავი ფარდებით ფარავს.
კუკმა ამ თემაზე ჯერ კიდევ 2015 წელს, «60 Minutes"-ის ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ მოსწონს თანამშრომლები, რომლებიც ვნებიანები, იდეალისტები არიან და უარს არ ეგუებიან. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, თანამშრომლებს სამყაროს შეცვლა და საკუთარი თავის მუდმივი განვითარება უნდა სურდეთ.
კუკმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა პერსპექტივის მქონე ადამიანების დაქირავება. მან «60 Minutes“-ს განუცხადა, რომ Apple-ს «ჭკვიანი ადამიანები სურს, რომლებსაც თვალსაზრისი გააჩნიათ და ამ თვალსაზრისის განხილვა შეუძლიათ და სურთ… ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა უნდათ».