ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
22 ნოემბერი 2023, 14:00
2023-11-22
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
ტიმ კუკმა ცოტა ხნის წინ პოპ მომღერალ დუა ლიპასთან პოდკასტში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მოღვაწეობა Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე.
«არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები იქ». — უთხრა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიპას — «მიყვარს იქაურობა და ჩემი ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, დიდხანს გავჩერდები».
დუა ლიპას პოდკასტი უკვე სამი სეზონია დიდი პოპულარობით სარგებლობს. სხვა ცნობილი სტუმრები, რომლებმაც წარსულში გრემის მფლობელ მომღერალთან ისაუბრეს, გრეტა გერვიგი, ელტონ ჯონი, მონიკა ლევინსკი და ნადია მურადი არიან.
ლიპამ კუკს საინტერესო კითხვა დაუსვა — აქვს თუ არა მას გეგმა შემცვლელთან დაკავშირებით.
«ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც მემკვიდრეობის გეგმის სწამს, ამიტომ ძალიან დეტალური მემკვიდრეობის გეგმები გვაქვს. ცხადია, რაღაც არაპროგნოზირებადი ყოველთვის შეიძლება მოხდეს». — უთხრა მან მომღერალს. — «ხვალ შეიძება არასწორი გზით წავიდე და იმედია, ეს არ მოხდება. ვლოცულობ, რომ არ მოხდეს».
მას პოტენციური მემკვიდრეების სახელებზე ან რაიმე სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
«ჩემი საქმეა, რამდენიმე ადამიანი წარმატებისთვის მოვამზადო და ნამდვილად მინდა, რომ ეს ადამიანი Apple-დან იყოს». — თქვა კუკმა პოდკასტში. «მე უნდა დავრწმუნდე, რომ რამდენიმე ღირსეული არჩევანი მექნება».
კუკი Apple-ს 2011 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს, ხოლო ტექნოლოგიურ გიგანტში უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იმყოფება — კუკი Apple-ში პირველად 1998 წელს გამოჩნდა.
ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც სტივ ჯობსმა, რომელმაც თანადამფუძნებლებთან, სტივ ვოზნიაკთან და რონალდ უეინთან ერთად კომპანია 1976 წელს ჩამოაყალიბა, თანამდებობა დატოვა. ჯობსი პანკრეასის კიბოსთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 2011 წელს გარდაიცვალა.
კუკმა თქვა, რომ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორობა მის ოცნების საზღვრებს სცდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი სიმდიდრის გამოყენებას ბავშვებისთვის განათლების მიცემის მიზნით აპირებს.
«მე მინდა დავეხმარო ადამიანებს იმ ოცნებების მიღწევაში, რომლებსაც თავად მივაღწიე». — ამბობს ტიმ კუკი.