Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და გულისხმობს 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგოების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. მონაწილეები ისწავლიან ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას და გუნდურად შექმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს თემის პრობლემების გადასაწყვეტად.
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე 12 წელია ტარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს. 2023 წელს საქართველოში Technovation Girls-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ორგანიზატორი ალტე უნივერსიტეტი და მისი ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრია.
პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება.
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია dev.ge-სთან ამბობს, რომ პროექტის მასპინძლობა დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.
პროექტის მოდელი მარტივია. Technovation Girls-ის საერთაშორისო საიტზე კურიკულუმი ყოველ წელს იცვლება. მონაწილეებმა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, თავის გარშემო არსებული პრობლემის მოძიებასა და მის გადაჭრაზე უნდა იმუშაონ, ცხადია, ტექნოლოგიური გზით.
«გოგოებს მუშაობა ნებისმიერ პრობლემაზე შეუძლიათ, რომელიც მათ თემში არსებობს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, გენდერული თანასწორობა თუ სხვა. მაგალითად, ერთ-ერთ გუნდს წარმოდგენილი ტრანსპორტის განრიგის პრობლემა ჰქონდა». — განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.
ნანა დიხამინჯიას თქმით, პროექტის მთავარი მიზანი და ღირებულება არა მონაწილეების მიერ შექმნილი პროდუქტის ბაზარზე გატანა, არამედ მათთვის იმ უდიდესი გამოცდილების მიწოდებაა, რომელსაც Technovation Girls-ის ფარგლებში იღებენ.
Technovation Girls Georgia 2023, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო მასშტაბურია. ნანა დიხამინჯიას თქმით, პროექტში მონაწილეობას 580 გოგო იღებს, რომელთაგანაც 185 თბილისიდან, დანარჩენი კი რეგიონებიდან არის.
Technovation Girls საქართველოს 2023 წლის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე, ყველა გუნდს ექნება შესაძლებლობა, გლობალურ შეჯიბრში ჩაერთოს, რომლის ფინალიც კალიფორნიაში გაიმართება.
პროექტი მთლიანად მოხალისეობრივ შრომაზეა დაფუძნებული. მენტორები და ადმინისტრაცია გაწეული შრომისთვის არანაირ თანხას არ იღებენ. ნანა დიხანიმჯიას თქმით, სპონსორი მხოლოდ იმ ბანაკის ორგანიზებისთვის არის საჭირო, რომელიც მონაწილეებისთვის ყოველ წელს ტარდება.
ჩვენ პროექტის ერთ-ერთ მენტორს, დოდი ხარხელსაც ვესაუბრეთ, რომელმაც ანაზღაურების გარეშე შესასრულებელი სამუშაოს დადებით გავლენაზე ისაუბრა, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე თავად მენტორებისთვის.
მისი თქმით, Technovation Girls-ის მენტორი არის ადამიანი, რომელიც მთელი პროექტის განმავლობაში გოგოების კონკრეტულ გუნდს ეხმარება, მიმართულებას აძლევს, ორგანიზებას უწევს და რაც მთავარია მათ მოტივაციაზე ზრუნავს.
დოდი ხარხელი ამბობს, რომ ტექნოლოგიების სფეროში, სადაც ძირითადად კაცები არიან დომინანტები, მსგავსი პროექტების მნიშვნელობა უდიდესი და ფასდაუდებელია.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.
ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება ?!
რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება ?