Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Technovation Girls 2023 საქართველოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც გლობალურ შეჯიბრში გააგრძელებენ მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში, კალიფორნიაში, პროექტის ფინალზე გაემგზავრებიან.
20-21 მაისს ალტე უნივერსიტეტში Technovation Girls 2023-ის რეგიონული შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც 249 გოგოსგან დაკომპლექტებული 61 გუნდი იღებდა მონაწილეობას. 20 მაისს შეჯიბრი ჯუნიორებს, ანუ 7-9 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა, ხოლო 21 მაისს საკუთარი ინოვაციური პროექტები 10-12 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.
გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც გადაეცათ, როგორც სასწავლო გრანტები ალტე უნივერსიტეტისგან, ასევე სიმბოლური და სამახსოვრო პრიზები პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
კონკურსს ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია ხელმძღვანელობს.
«ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, იმ მხრივ, რომ სრულად მოხალისეობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობისთვის რაიმე წინარე ცოდნა საჭირო არ არის — შერჩევა არ ხდება. თავიდან 580 გოგო დარეგისტრირდა და პროექტი ბოლომდე 249-მ მიიყვანა. 61 გუნდიდან 6 ფინალისტი შეირჩა, რომლებსაც უკვე საერთაშორისო ჟიური შეაფასებს იმისთვის, რომ მონაწილეობა გლობალურ შეჯიბრში მიიღონ, რომელიც კალიფორნიაში ტარდება». — განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია მსოფლიოს 60 ქვეყნის 10 000 გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას სწავლობენ — მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე.
საქართველოშიც სხვადასხვა რეგიონებიდან გოგოებმა მათ თემში არსებული პრობლემა მოიძიეს და მის გადასაჭრელად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შეიმუშავეს.
პროექტი საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. მხარდამჭერთა რიგებში კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და STEM მასწავლებელთა ასოციაცია არიან.
გოგოების წარდგენილ პროექტებს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური აფასებდა, ხოლო ახალბედა მეცნიერებსა და ინოვატორებს პროექტის მომზადებაში, 5 თვის განმავლობაში, გამოცდილი მენტორები ეხმარებოდნენ.
«5 თვის განმავლობაში გოგოებმა იმუშავეს იმაზე, რომ საკუთარ თემში პრობლემა ეპოვათ და ის რაიმე ტექნოლოგიური გზით გადაეჭრათ — შეექმნათ მობილური აპლიკაციის პროტოტიპი, გამოეყენებინათ ხელოვნური ინტელექტი. ისინი ამ ყველაფერს ჩვენი ზედამხედველობით, მაგრამ დამოუკიდებლად სწავლობდნენ». — თქვა ნანა დიხამინჯიამ.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.