ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაკრიპტო
30 აგვისტო 2023, 10:51
2023-08-30
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე.
პირველად როდის დაინტერესდით ბიტკოინით, რამ გააღვიძა და შემდეგ გააძლიერა თქვენში ინტერესი?
ყველაფერი 2014 წელს დაიწყო. როცა დავინტერესდი, ერთ ადამიანსაც ვკითხე, რა იცოდა. მან მითხრა, შეეშვი, პირამიდააო. თუმცა, მისი პასუხი ჩემთვის იყო მოტივატორი, მეტი გამეგო. თავიდან, ბიტკოინის გარდა, პროექტებითაც ვინტერესდებოდი. მაშინ ყველას უნდოდა, ბიტკოინზე უკეთესი ფული შეექმნა, იმიტომ, რომ მან გახსნა კრიპტო სამყაროს გასაღები. თუმცა, ვერავინ ვერ მოახერხა. რეალურად, «ბიტკოინზე უკეთესის» შექმნა ბევრ ტექნიკურ სირთულესთან არის დაკავშირებული — თუ სისწრაფე გვინდა, უსაფრთხოებაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ, თუ უსაფრთხოების მაღალი დონე გვინდა, სიჩქარე დაბალი იქნება და სხვა.
თუ 2017 წელს ბაზარზე ათასობით კოინი იყო, დღეს 10 ათასობით არის და მჯერა, რომ ხვალ 100 ათასობით იქნება. თუმცა, ის ღირებულება, რაც Bitcoin-ს გააჩნია ისეთი სხვა ვერცერთ პროექტს ვერ ექნება. ეს პროექტები არ არის ფული — ეს არის ამ ფულთან დამაკავშირებელი აპლიკაციები.
რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ბიტკოინი და ზოგადად, კრიპტო?
ბიტკოინს, ისევე, როგორც კრიპტო პროექტებს არ უნდა ვუყუროთ, როგორც გამდიდრების საშუალებას — უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთთან ესა თუ ის პროექტი.
თუ ადამიანმა ეს ყველაფერი სიღრმისეულად არ შეისწავლა, ამ სისტემის მიღმა დარჩება.
დედოლარიზაციაზე არა მხოლოდ ნახევარი მსოფლიო, არამედ ამერიკელი ხალხიც ფიქრობს, იმიტომ, რომ დოლარის ჰეგემონიამ სამყაროს დიდი პრობლემები შეუქმნა. დოლარმა ბოლო 100 წლის განმავლობაში. 96%-იანი ღირებულება დაკარგა. ეს ფაქტები, რიცხვები და მონაცემებია და აისახება ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.
ამიტომ, ფულის სწავლა მნიშვნელოვანია.
რა არის ბიტკოინის უპირატესობა ფიატურ ფულთან და არსებულ ფინანსურ სისტემებთან შედარებით?
ბიტკოინს აქვს სისტემა. ჩვენ ამ სისტემას ვენდობით, ამ სისტემას არ ჰყავს მმართველი და ორგანიზატორი, ამ სისტემას ყველა ვაშენებთ. ეს არის საერთო კონსენსუსი, ჩვენ ვემორჩილებით ამ სისტემაში არსებულ წესებს, არ შეგვიძლია რამის შეცვლა. ჩვენ ვიღებთ ან არ ვიღებთ ამ ცვლილებებს.
როცა ამ ყველაფერს ვადარებთ არსებულ სისტემას — მაგალითად, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია ფულის განუსაზღვრელი რაოდენობით დაბეჭდვა. უკონტროლო ბეჭდვა იწვევს ადამიანის ცხოვრების ხარისხის დაგდებას და გაუარესებას.
ბიტკოინის წინააღმდეგ ერთ-ერთი მოსაზრება მისი კონკრეტული რაოდენობაა და ის, რომ მაქსიმალური რიცხვი 21 მილიონია. რა არის თქვენი საპასუხო არგუმენტი?
არ აქვს მნიშვნელობა ვალუტას — Ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ფულის ბეჭდვა და ამ ფორმით წარმოება, ფული არის კომუნიკაცია, ენა და კავშირი, ამ ენას აკონტროლებს საზოგადოება. ჩვენ ერთმანეთს ენას ვუწუნებთ, ე.ი ერთმანეთს ვატყუებთ.
Bitcoin არის ერთადერთი ენა, სადაც არ არსებობს სიყალბე, არ არსებობს 2 ეგზემპლარი. ეს არის უნიკალური ფული. ჩვენ ამას ვეძახით ციფრულ სიმცირეს. ეს იქნება დაახლოებით 21 მილიონ ბიტკოინს. 19.5 მილიონი უკვე მოპოვებულია. მისი მოპოვება გაგრძელდება 2140 წლამდე. ეს იქნება უდიდესი მარათონი იმისთვის, ვისაც ეს ფული აინტერესებს. ახლა იწყება ზუსტად ის პერიოდი, რომ კორპორაციები და ქვეყნები ერთვებიან ამ ყველაფერში.
დღევანდელი ეკონომისტებს არ სურთ, Bitcoin-მა ჩაანაცვლოს არსებული სისტემა. ისინი ამას არიან მორგებულები და აქვთ ძალიან დიდი უფლებამოსილება, განკარგონ ჩვენი ფინანსები, ისინი სარგებლობენ საკომისიოებიდან, საპროცენტო განაკვეთებიდან. ამიტომ, ამბობენ, რომ 21 მილიონი ბიტკოინი ცოტაა. ეს ტყუილია. Proof of Work არის ამის საპირისპირო მაგალითი. ერთი Bitcoin არის 100 მილიონი სატოში, ანუ უფრო გაყოფადი ფულია. 1 დოლარი არის 100 ცენტი. შესაბამისად, ეს ყველას გვეყოფა.
ამასთან, Bitcoin არ არის ძალადობრივი ქსელი — ლარი და დოლარი არის ძალადობრივი ქსელი. ბიტკოინი არის თავისუფალი ფული, რომელიც ინტერნეტში ცხოვრობს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს.
რაც შეეხება ინფლაციას — 1 ბიტკოინი 2009 წელს იყო 1 ბიტკოინი, 2023 წელს არის 1 ბიტკოინი. დოლარი ასე არ არის. ჩვენ ამ ტყუილში ცხოვრება აღარ გვინდა.
დოლარს იმიტომ ვადარებთ, რომ ის არის მსოფლიო სარეზერვო ვალუტა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ადამიანების გონებისთვის მარტივად გასაგები აქტივია. დილარის ეკონომიკა და სტანარტი გვაქვს. მაგრამ ჩვენ გადავდივართ ბიტკოინ სტანდარტში, რომელიც უკეთეს გარემოს, პირობებს გვპირდება.
სხვა კრიპტოვალუტებს რატომ არ ენდობით? რატომ რჩება ბიტკოინი თქვენთვის საუკეთესოდ?
ყველა სხვა პროექტი, რომელიც გამოვიდა ამბობდა, თავიდან ამბობდა რომ მე ვარ ფული. თუმცა, ეს ნარატივი შეიცვალა. ახლა ამბობენ, რომ პროექტები, სმარტკონტრაქტები, ფაილ კოინები არიან, სადაც მიხვალ და შეინახავ. აუცილებლად ყველაფრის ტოკენიზაცია მოხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ ფულზე.
ფულად მეტ-ნაკლებად შეიძლება აღქმულ იქნას ლაითკოინი და მონერო. მონერო იმიტომ, რომ ანონიმურია. ბიტკოინის დეველოპერებიც მუშაობენ ანონიმურ მხარეზე.
Რეალურად, სხვა პროქტებს თავადაც არ ჯერათ, რომ ბიტკოინს კონკურენციას გაუწევენ.
საქართველოში ეთერიუმის პლატფორმაზე 3 კრიპტო პროექტი დაიწყო, რომლებმაც არ იმუშავა: «აისი კოინი», «ამბიტ კოინი» და «გოლდენ ფლისი».2017 ადამიანებმა იყიდეს კრიპტო, დეველოპერები გამდიდრდნენ, შემდეგ კი ჩამოიშალა. ისევ გამოდის მსგავსი პროექტები, მაგრამ უკვე ვიცით, როგორი მომავალი ექნებათ. Ჩვენ ამ მანქანით უკვე ვიმგზავრეთ და ვიცით, რომ ფუჭდება. შესაბამისად, მსგავსს პროექტებს ნდობას აღარ ვუცხადებთ.
მსოფლიოში ცენტრალური ბანკები და მთავრობები «ერჩიან» კრიპტოვალუტებს და მათ რეგულირებას ცდილობენ. რა არის თქვენი პერსპექტივა ამ შემთხვევაში — გამოუვათ? იმიტომ, რომ თავისი არსით, ბიტკოინი სწორედ ამ ყველაფრისგან თავისუფალი კრიპტოვალუტაა.
ადამიანებმა ფულის 5 ძირითადი ფორმა გავიარეთ. ჯერ ოქროდან ქაღალდის ფულთან მოვედით, შემდეგ კი — პლასტმასის ფულთან, პლასტიკური ბარათი. შემდეგ გაკეთდა google pay, apple pay, ფეიფალი და ა.შ. მაგრამ არც ერთი არ არის ერთიანი გლობალური ქსელი და არ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან.
Bitcoin-ის შემთხვევაში ეს ასე არ არის, Bitcoin-ში საჭირო არ არის რეგისტრაცია, Bitcoin-ით შეგვიძლია მივიღოთ გადახდები, რასაც სხვა საშუალებებით ვერ ვაკეთებთ. Ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტის გარეშე მოვახდინოთ ოპერირება, იმიტომ, რომ დედამიწის ორბიტის გარშემო გაშვებულია 6 სატელიტი. არსებულ ფინანსურ სისტემას ეს არ შეუძლია. ნებისმიერ საშულაებით შეგვიძლია მივიღოთ და გავცეთ ბიკტკოინები და ეს ხდის ამ სისტემას უნიკალურს.
რას იტყვით ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებზე — CBDC-ებზე?
კომერციული ბანკის ნებისმიერ ოპერატორს შეუძლია, ჩემი ნებისმიერი ტრანზაქცია გამოიკვლიოს, ჩემი მონაცემები დაამუშაოს, ადგილმდებარეობა გაიგოს და ა.შ ეს ინფორმაცია არ რჩება კომერციულ ბანკში, ამას სხვები იყენებენ და მონაცემებს ამუშავებენ. და ეს ხდება ჩვენი ნებართვის გარეშე. ჰონგკონგის საპრპტესტო აქციების დროს ადამიანები სახის ამომცნობი კამერებით, შემდეგ კი მათი ტრანზაქციების მიხედვით დააკავეს.
ამიტომ, CBDC კონტროლის მექანიზმი და ინსტრუმენტია, რომლითაც ადამიანის სიტყვის და გამოხატვის უფლება აბსოლუტურად მთავრდება. CBDC რუსულ კანონზე საგანგაშოა. დღეს ეროვნულ ბანკს ჩემ შესახებ ინფორმაციის მოპოვება რომ უნდოდეს, უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს, მან უნდა დაამუშაოს ჩემი მონაცემები და სებ-ს გადასცეს. CBDC არის სისტემა, სადაც ეროვნული ბანკი ყველანაირი მოთხოვნის და ბიურიკრატიის გარეშე უყურებს ყველა მონაცემს და აქვს უფლება იმდენი ციფრული ფული დაბეჭდოს, რამდენიც მოესურვება. დღეს ეს შესათანახმებელია ხელისუფლებასთან, გასავლელია უსაფრთხოების ზომები და ა.შ. ციფრული ფულით სები თავის პრობლემას იხსნის, მაგრამ ეს ხდება ჩვენი ტოტალური კონტროლის ხარჯზე, რომელიც სრულიად დაუშვებელია.
თუ ეს მოხდება, ვერასდროს გავალთ მათთვის მიუღებელ პროტესტზე, ვერასდროს დავუჭერთ მხარს ოპოზიციურ პარტიას, ამიტომ, დამყარდება ჩრდილოეთ კორეა, დიქტატურა და ავტორიტარიზმი.
აქედან გამოსავალი არის, სხვა, უფრო სანდო ფინანსური სისტემით ვისარგებლოთ.
მთავარია, CBDC-ის გაშვება არ იყოს მასშტაბური, ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი შევამციროთ და დროში გავწელოთ. ჩვენ გვინდა, ნეიტრალური ფულის ადაპტაცია მოვახდინოთ.
ხელისუფლებები ამბობენ, რომ შესაძლოა, კრიმინალებმა ბიტკოინი ბოროტად გამოიყენონ
ეს აბსურდია. დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ ვინ რა აპლიკაციას ან სისტემას გამოიყენებს. კი, კრიმინალები იყენებენ ბიტკოინს, მაგრამ ასევე იყენებენ ფეისბუქს, გუგლს და სხვა მრავალ ცნობილ სოციალურ საშუალებებს.
2009 წლის ბოლოდან პატარა კომპანიებმა და საიტებმა დაიწყეს ბიტკოინის მიღება, ახლა კი პატარა ქვეყნები აკეთებენ იმავეს. დღეს BlackRock (ამერიკული მრავალეროვნული საინვესტიციო კომპანია), რომელმაც აშშ-ს 2008 წლის ფინანსური კრიზისი მოუგვარა, აცხადებს, რომ დაინტერესებულია ბიტკოინის შეძენით. ამ განცხადების მისი შეძენის მსურველთა უზარმაზარი სია გაჩნდა. მათ, ბევრი კვლევის შემდეგ, აღმოაჩინეს და გაიგეს, რომ ეს არის ისეთი აქტივი, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ.
ბევრს არ მოსწონს, რომ ბიტკოინს ვერ ეხება. მაგრამ, ვერც ტელეფონში არსებულ ფოტოს ვეხებით და ვერც იმ მუსიკას, რომელსაც ვუსმენთ, რადგან ახლა ყველაფერი ციფრულია.
თუ ყველაფერი ციფრულია, ჩნდება კითხვა, როგორ დავიცვათ ეს აქტივი. ტექნოლოგია — ბლოკჩეინი და ბიტკოინი და ბლოკჩეინი ერთი სისტემაა. მე იმიტომ ვცემ პატივს ბიტკოინის ბლოკჩეინს, რომ ის დაცულია. ცალკე ბლოკჩეინი მხოლოდ ექსელის ფორმაა.
ჩემთვის მომავალში თითქმის ყველაფერი ციფრულად მოხდება, რაც იქნება ძალიან მოსახერხებელი და მარტივი. არ მოგვიწევს მესამე სანდო მხარისთვის, მაგალითად, ბანკისთვის, ზედმეტის გადახდა, რადგან ჩვენ მომავალში გადავუხდით მხოლოდ ქსელს.
რა არის თქვენი რჩევა იმათთვის, ვინც ახლა ინტერესდება ბიტკოინით და კრიპტოთი?
აქაც ისე, როგორც იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვიწყებთ თავისუფლებაში ვარჯიშს — და ეს ნიშნავს: არჩევნებზე სიარულს, პროტესტის გამოხატვას, არანიჰილისტური განწყობებით მოძრაობას — ბიტკოინი ერთ დღეში ვერ გაგვამდიდრებს, მაგრამ დავიწყებთ ისეთი აქტივის შეგროვებას, რომელიც მოთხოვნადია, დეცენტრალიზებულია, ნეიტრალურია, დაცულია და ვერავინ აკონტროლებს.
ჩვენ რომ ჩვენს ფულზე წვდომა არ დავკარგოთ და გვქონდეს თავისუფალი გადახდის შესაძლებლობა, ვცდილობთ, ვეძებოთ საუკეთესო გზები, სადაც ჩვენი კომუნიკაცია იქნება დაცული. ამიტომ, ვეუბნები ადამიანებს, მინიმალური დანაზოგით იყიდონ ბიტკოინი.
ბიტკოინს ქონა და მოპოვება ნიშნავს თავისუფლებაში ვარჯიშს, რადგან ეს არის ყველაზე დაცული და უსაფრთხო საშუალება.
შესადარებლად მაგალითს მოგიყვებით:
2016 წელს ცოლმა მითხრა, ბავშვს ანაბარი გავუკეთოთო. ცხადია, ჩემთვის ეს სასაცილო იყო, მე კარგად ვიცნობდი საბანკო სისტემას. შესაბამისად, ვცდილობდი, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიმეღო. ოქრო შევთავაზე. თუმცა, უკვე ბიტკოინში მქონდა შემოსავალი. თუმცა, არ დამთანხმდა. თვეში 100 ლარის ანაბარი შეჰქონდა ბავშვისთვის. მე, პარალელურად, ვაწარმოებდი ექსელის ფაილს, ვითომ 100 ლარის ბიტკოინს ვყიდულობდი. ამას ვაკეთებდი იმ თვის ყველაზე მაღალი კურსით. გამოვიდა, რომ 4 წლის განმავლობაში 32900 დოლარის ბიტკოინი დამიგროვდებოდა, თუმცა, ბანკში ანაბარზე 5000 ლარი შეგროვდა. უზარმაზარი სხვაობაა.
თქვენ ამბობთ, რომ ბიტკოინი არ არის გამდიდრების საშუალება. თუმცა, მისი ყიდვის მოტივაცია ძირითადდ სწორედ ეს არის ხოლმე.
თქვენ თქვით, რომ ბიტკოინში გაქვთ შემოსავალი. როგორ შეძელით ეს?
ისეთ ადამიანებთან დავიჭირე კომუნიკაცია, რომლებიც დამთანხმდნენ, ბიტკოინში გადამიხადონ. ამით ვცდილობ, სხვადასხვა რაღაც ვიყიდო, ასევე, შემიძლია, დავაგროვო.
ფული არის ყველაზე დიდი საკომუნიკაციო სისტემა. ფეისბუქს თუ ჰყავს 3 მილიარდამდე მომხმარებელი, ფულს ჰყავს 8 მილიარდი მომხმარებელი. Მე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობ, რომ ამ ენაზე მქონდეს ადამიანებთან კომუნიკაცია. ფულის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ხშირად გამოყენებადია. ამიტომ, მე ვთხოვ ჩემს პარტნიორს, რომ გადამიხადოს ფული ბიტკოინში.
ბიტკოინის იაფ ფასად ყიდვის მსურველთა რიცხვი უზარმაზარია. ადამიანები ოცნებობენ, 10 ათასი დოლარი გახდეს მისი ფასი, რომ შეიძინონ. ბიტკოინის გაყიდვა არის სულელური გადაწყვეტილება, თუ მისი შენახვა ექსტრემალურ მდგომარეობაში არ გვამყოფებს.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.