ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი

პროფესიის შეცვლა სულაც არ არის მარტივი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს საქმეში უკვე წარმატებული ხარ და რეპუტაციაც გაგაჩნია. თუმცა, სულ უფრო ხშირად გვესმის იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი საქმე მიატოვეს, IT-ის შესწავლა დაიწყეს და ცდილობენ, ახალი რეპუტაცია ამ ახალ პროფესიაშიც შეიქმნან.

კომენტარის დატოვება
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი

პროფესიის შეცვლა სულაც არ არის მარტივი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს საქმეში უკვე წარმატებული ხარ და რეპუტაციაც გაგაჩნია. თუმცა, სულ უფრო ხშირად გვესმის იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი საქმე მიატოვეს, IT-ის შესწავლა დაიწყეს და ცდილობენ, ახალი რეპუტაცია ამ ახალ პროფესიაშიც შეიქმნან.

კონსტანტინე ბერულავა 37 წლის არის და როგორც გვიყვება, პროფესიის არჩევა 90-იანების ბოლოსკენ მოუწია. იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მყვირალა სახელიან ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა. 

კონსტანტინე ბერულავა

«ჩაბარებიდან მალევე მივხვდი, რომ არც დიპლომატია მიზიდავდა და არც პოლიტიკა, მით უმეტეს, იმ დროს ერთშიც და მეორეშიც მოხვედრა მხოლოდ პროტექციით შეიძლებოდა. მაშინ ინტერნეტი და ვები სულ ახალი ხილი იყო და ძალიან მინდოდა ამ მიმართულებით განვითარება. თუმცა, სწავლის გამო არც დიდი დრო მქონდა, არც სასწავლო რესურსებზე მიმიწვდებოდა დიდად ხელი და ჩემი იმდროინდელი ტექ-განათლება HTML/CSS-ით შემოიფარგლა».

მიუხედავად ამისა, კონსტანტინემ საკუთარ სურვილზე ხელი არ ჩაიქნია და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში იმუშავა IT help desk-ად, სადაც მის ძირითადად მოვალეობებში ქსელის გაყვანა და ვინდოუსის ინსტალაცია შედიოდა. 

კონსტანტინე ბერულავა
«ზუსტად ამ პერიოდში საქართველოში ბლოგები გამოჩნდა და მეც დავიწყე წერა. რამდენიმე წლის შემდეგ ფეისბუქიც გამოჩნდა, რაღაც პერიოდის მერე კი ქართული ბიზნესები ამ რესურსის, როგორც სარეკლამო სივრცის, ათვისებასაც შეუდგნენ. მეც მალევე შევუერთდი ქართველი სოცმედიის უთვალავ-ადამიან ჯარს. ჯერ ქართული კომპანიებისთვის ვმუშაობდი, შემდეგ საერთაშორისო კომპანიებსაც „გადავწვდი“ და ბოლოს გაეროს ბავშვთა ფონდში ციფრული მედიის მიმართულებით კომუნიკაციების კონსულტანტად ამიყვანეს».

30 წლის სალომე ჩარკვიანი განათლებით ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტია. ჩართული იყო განათლების პოლიტიკასა და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.

როგორც სალომე გვიყვება, IT მიმართულებით განსაკუთრებულად პანდემიის დროს დაინტერესდა.

სალომე ჩარკვიანი
«ზოგმა იოგა ისწავლა, ზოგმა კულინარია, ზოგმა ბავშვობის ოცნებები აისრულა. მეც ვცადე და დიდად არც ერთში გამოვდექი, თუმცა ჯერ კიდევ ასათვისებელი მქონდა თავისუფალი დრო. BitCamp-ზე მანამდეც მსმენოდა სხვა მეგობრებისგან, მაგრამ როცა ერთ-ერთმა მათგანმა პროპაგანდის ყველა მეთოდი გამოიყენა, ვიფიქრე, ამ ასაკში ჩემგან პროგრამისტი აღარ გამოვა, მაგრამ ვნახავ, როგორ იწერება ეს კოდი-მეთქი და დავრეგისტრირდი».

29 წლის ლევან ამაშუკელი პროფესიით პლასტიკური ქირურგია. dev.ge-სთან იხსენებს, რომ ტექნოლოგიების სამყარო ბავშვობიდან აინტერესებდა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სულ ცდილობდა.

ლევან ამაშუკელი
«ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი მომავალი, მაგრამ, რატომღაც ვერ ვბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უარი ვთქვი სამედიცინოზე, იყო არასათანადო პირობები. რეალურად, უმეტესობისთვის, ვინც მიდის სამედიცინოდან, მაგრამ სინამდვილეში უყვართ ეს სფერო ისე, როგორც მე მიყვარს პროგრამირება, მიზეზი არის ხელფასი, თუმცა ჩემს შემთხვევაში ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა».

როგორც ლევანი გვიყვება, სამედიცინოს დასრულების შემდეგ მუშაობა მოასწრო რეანიმაციის განყოფილებაში, ქირურგიის ცენტრში, სამშობიაროში, კატასტროფის მანქანაზე და ა.შ. თუმცა მისი გული, როგორც ის ამბობს, IT სამყაროს ეკუთვნოდა. 

ლევან ამაშუკელი
«ჩემში ამ ყველაფერმა ის ინტერესი ვერ გააღვიძა, როგორიც მქონდა ტექნოლოგიების მიმართ. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც გულით უნდა, მოსწონს, უყვარს. ამით აუცილებლად იშოვის ფულსაც და სიმშვიდესაც ცხოვრებაში».

33 წლის მარიკა კალანდია გვიყვება, რომ პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობდა, თუმცა პირველი კურსიდანვე დაიწყო მუშაობა საბანკო სფეროში. 10-წლიანი გამოცდილების შემდეგ კი მიხვდა, რომ კარიერულ განვითარების ჩიხში აღმოჩნდა. 

მარიკა კალანდია
«მხოლოდ ამ გამოცდილებით შორს წასვლა შეუძლებელი იყო, ახალი ცოდნა და გამოცდილებები მჭირდებოდა. თუმცა კონკრეტული ნაბიჯი არ გადამიდგამს. მოგვიანებით, კომპანიის ერთ-ერთი იდეის განხორციელებისთვის სამსახურში მობაილ დეველოპერი დაგვჭირდა. პირველად მაშინ დავფიქრდი ამ პროფესიაზე და პირველად მაშინ ვკითხე საკუთარ თავს, რა იქნება, თვითონ რომ ვისწავლო?»

კონსტანტინე ბერულავა იხსენებს, რომ პროფესიის შეცვლასთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას დიდი გაოცება მოჰყვა და ბევრისთვის რთული წარმოსადგენი აღმოჩნდა პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი სამსახურის დატოვება და «ოცნებებისთვის გამოკიდება».

კონსტანტინე ბერულავა
«ზუსტად ვიცოდი, რის კეთება მინდოდა. ბოლო წლის განმავლობაში, მუშაობის პარალელურად, პროგრამირების საფუძვლებს ვეცნობოდი და დავრწმუნდი, რომ კოდის წერა ფეისბუქის და ტვიტერის პოსტების წერაზე მეტად მომწონდა. თუმცა მუშაობასთან ერთად სწავლა გამიჭირდა, თან საჭირო იყო, საკუთარი თავისთვის უკან დასახევი გზა მომეჭრა და სამსახურიდან წამოვედი, რომ პროგრამირების შესწავლისთვის მეტი დრო დამეთმო».

სტერეოტიპებთან გამკლავება მოუწია მარიკა კალანდიასაც. 

მარიკა კალანდია
«ერთ-ერთი საინტერესო, რაც ამ პროფესიას აქვს, ბევრი მიმართულებაა. არის რამდენიმე, რა მხრივაც ვცდიდი განვითარებას მომავალში, თუმცა, ამ ეტაპზე ვამჯობინებ მაქსიმალური ვცადო და გავაკეთო, როგორც მობაილ დეველოპერმა. იყო დაბრკოლებებიც, ყველაზე მეტად სტერეოტიპები, მაგალითად, როგორ შეიძლება 30 წლის ასაკში ყველაფერი ნულიდან დაიწყო?! ჩემი გადაწყვეტილების რაციონალურობაში დასარწმუნებლად სტატიებს ვკითხულობდი: „რატომ უნდა შევიცვალოთ პროფესია“, „შუა ხნის ასაკში პროფესიის ცვლილება“ და ა.შ.»

სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო სიღრმისეულად შეესწავლათ ის სფერო, რომლისთვისაც პირველი პროფესია დათმეს.

კონსტანტინე ბერულავა
«თავიდან ბევრ რამეს მივედ-მოვედე, ვერ გადამეწყვიტა, რა მიმართულებით წავსულიყავი და ცოტა არეულად და „გენგეგმის“ გარეშე ვსწავლობდი ყველაფერს, რასაც მივაგნებდი. გავიარე ჰარვარდის კურსი პროგრამირების საფუძვლებზე, Python-საც გადავწვდი და მონაცემთა ანალიზსაც კი შევეჭიდე. დაახლოებით 6 თვე ყოველდღიურ რეჟიმში ვსწავლობდი».

სალომეს თქმით, იმდენად მოეწონა ახალი საქმიანობა, რომ გადაწყვიტა ამ მიმართულებით კიდევ უფრო სერიოზულად გაეღრმავებინა ცოდნა. 

სალომე ჩარკვიანი
«მაქვს აზარტი, რომელიც საჭიროა ამ პროფესიაში და ადვილად არ ვანებებ თავს წარუმატებლობის შემთხვევაში. დავიწყე ფიქრი, რომ ჩემს პროფესიაში ან მიჯაჭვული ვარ ადგილობრივ ბაზარს და განათლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, რაც ამცირებს ჩემი წარმატების შანსს, ან მჭირდება დიდი ინვესტიცია, რომ ინდივიდუალური ნაბიჯები გადავდგა, რაც ასევე შეუძლებელი იყო იმ ეტაპზე. ასე გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად დამეწყო ამაზე ფიქრი, თუმცა, სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად, ეს არ გამოვიდოდა. ამიტომ დროებით თავი დავანებე მეცადინეობას, მეტს ვმუშაობდი, რომ დანაზოგი გამეკეთებინა და სამსახურიდან წამოსვლა შემძლებოდა».

ყველაზე რთული მისთვის ის ემოციური ვარდნები იყო, რაც ახალი საქმის შესწავლას შეიძლება ახლდეს თან. 

სალომე ჩარკვიანი
«რთული იყო ყველა პატარა გაჭედვაზე იმის განცდა, რომ რაღაც ძალიან მარტივს ვერ აკეთებ და მგონი ძალიან სულელი ხარ. ეს ემოციური ვარდნები იმდენად მტკივნეულია, რომ რაღაც ეტაპის მერე საჭირო ხდება მენტორის მხარდაჭერა. მე სტაჟირების დაწყებამდე არ მყავდა მენტორი, მაგრამ მყავდა მეგობარი, დათო, რომელსაც ებარა საკუთარი გამოცდილების გაზიარების და ემოციური მხარდაჭერის ნაწილი და მყავდა ზვიადი, რომელიც ჩემთან ერთად მეცადინეობდა, ჩემზე წინ იყო და თუ მე ამ ემოციური დაცემის ეტაპზე ვიყავი, თავს ანებებდა თავის გეგმას და მიხსნიდა მარტივად იმას, რაშიც თვითონ ბევრი დრო დახარჯა მანამდე».

არანაკლებ რთული და საინტერესო იყო ლევან ამაშუკელის პირველი ოფიციალური ნაბიჯებიც IT სამყაროში. 

ლევან ამაშუკელი
«საწყის ეტაპზე ავარჩიე Python, მაგრამ ვერაფერი გავუგე. მივხვდი, რომ ჯობდა გამევლო კურსები, იმიტომ, რომ სანაცნობოშიც კი არ მყავდა პროგრამისტი, ვისგანაც შემეძლო რჩევა მიმეღო და ტრაექტორია ამერჩია. წავედი IT ტექნოლოგიურ ცენტრში და იქ დავიწყე სწავლა».

ხშირად, ასეთ გადაწყვეტილებებს თან ახლავს ხოლმე სინანულიც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სინანული ჩვენს რესპონდენტებს არ ჰქონიათ. 

კონსტანტინე ბერულავა
«იყო მომენტები, როცა დავფიქრებულვარ, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ კარგი სამსახური დავტოვე, სასწორზე შევაგდე დღევანდელი კეთილდღეობა და გულისთქმას ავყევი. მით უმეტეს, როცა შვილი გყავს და ასაკითაც 40-ს უახლოვდები, ჩვენთან გავრცელებული თეორიით, „შენს ადგილას უნდა დაეტიო“.  თუმცა ოჯახის და მეგობრების ნათქვამი „შენ ამას შეძლებ“ ძალიან მეხმარებოდა. ახლა, როცა გავიგებ, რომ ვინმემ პროგრამირების სწავლა გადაწყვიტა, ვცდილობ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო, მენტორობასაც ვთავაზობ, თუ ვინმეს დასჭირდება და ჩემი ცოდნა გამოადგება».
სალომე ჩარკვიანი
«მიუხედავად ყველა შიშისა, არასდროს მინანია. მიზანმიმართულად არ ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ რა მეცადინეობა მოვინდომე, ჩემი საქმე, სტაბილური ფინანსური მდგომარეობა მაქვს და ვინ ამბობს ასეთ რამეზე უარს. არ ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი, 20 წლის ახალგაზრდები ერთვებიან საქმეში და როგორ გავუწევ მათ კონკურენციას, საქართველოში ხომ დამსაქმებლის უმეტესობას ურჩევნია, რაც შეიძლება პატარა იყო ასაკით. ამ ყველაფრის მოსმენას თუ დაიწყებთ, არაფერი გამოვა».

რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო იყო ისიც, თუ რა იყო IT სამყაროში მათთვის ისეთი მიმზიდველი, რაც მათ მიერ არჩეულ პროფესიას არ ჰქონდა. 

ლევან ამაშუკელი
«ორივე პროფესია არის გამოწვევებით სავსე, ორივე უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ სამედიცინო ჩემში იმ შეგრძნებებს ვერ იწვევდა, რა შეგრძნებებსაც იწვევს პროგრამირება».
კონსტანტინე ბერულავა
«ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა, სადაც 2×2 ძირითადად 4-ს უდრის ხოლმე. ასეთია ჩემთვის IT სფერო მთლიანად — თუ რაღაც კარგად იცი და სწორად აკეთებ, შედეგი ყოველთვის წინასწარ გათვლადია. ცვლადები აქაც არსებობს, მაგრამ ამ ცვლადების შესახებ იცი. წინა პროფესიაში ეს მაკლდა და ასევე, ვერ ვხედავდი გამოწვევებს, არ მქონდა ამოცანები, რომელზე ფიქრიც ღამე არ დაგაძინებს და ამოხსნისას და გადაწყვეტის მოფიქრებისას განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებ».

გარდა აზარტისა, კონსტანტინესთვის IT სფეროში მნიშვნელოვნად ის «ენაც» მიაჩნია, რომელიც მხოლოდ ამ სამყაროში მყოფ ადამიანებს ესმით. 

კონსტანტინე ბერულავა
«საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე გასვლას თუ გადაწყვეტ და შენთვის მშობლიური არ არის ის ენა, რომელზეც უნდა წერო, მაგალითად, სოციალური მედიისთვის პოსტები, ძალიან რთულია, უცხო ხალხის ხასიათს და ენას მიაგნო და მათ გულებამდე მიხვიდე. პროგრამირების შემთხვევაში, ძირითადი საურთიერთო ენა კოდია — ჩვენ ერთმანეთთან ფუნქციებით, ცვლადებით, მასივებით, ობიექტებით ვლაპარაკობთ».

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, სწორად აირჩიეთ თუ არა პროფესია და თქვენი გული და გონება უფრო უარყოფითი პასუხისკენ იხრება, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ და გაჰყვეთ ოცნებას. 

5 ძირითადი ცნება რომელიც ჯუნიორ დეველოპერმა უნდა იცოდეს
5 ძირითადი ცნება, რომელიც ჯუნიორ დეველოპერმა უნდა იცოდეს
თემის მიხედვით
5 ძირითადი ცნება, რომელიც ჯუნიორ დეველოპერმა უნდა იცოდეს
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები თავიდან რომ იწყებდნენ
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები, თავიდან რომ იწყებდნენ
თემის მიხედვით
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები, თავიდან რომ იწყებდნენ


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.