ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
23 ნოემბერი 2022, 17:39
2022-11-23
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები, თავიდან რომ იწყებდნენ
ყველა, ვინც რამეს ქმნის, ამას დაშვებული შეცდომების ხარჯზე ახერხებს. სხვების გამოცდილებებზე სწავლა ყოველთვის მარტივი ან შესაძლებელი არ არის, ამასთან, ყოველი ახალი წამოწყება ინდივიდუალურია და უნივერსალურ რეცეპტსაც ვერავინ მოგცემთ, რომ გზა სრულიად უშეცდომოდ და მარტივად გაიაროთ. თუმცა, რჩევები და სხვების მიერ გადალახული სირთულეების შესახებ ცოდნა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ, dev.ge-მ რამდენიმე ქართული სტარტაპის შემქმნელს ჰკითხა, რას გააკეთებდნენ სხვანაირად — უფრო მარტივად ან უფრო სწორად, თავიდან რომ იწყებდნენ.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის დამფუძნებელი
Phubber არის კომპანია, რომლის ციფრული პლატფორმაც ერთმანეთთან აკავშირებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა აქსესუარების მყიდველებსა და გამყიდველებს.
ის 2019 წელს გიორგი ჩუგოშვილმა და ანანო დოლაბერიძემ შექმნეს.
პლატფორმა საქართველოში 177 000-ზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს აერთიანებს და ტანსაცმლის ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიად ითვლება.
გიორგი ჩუგოშვილი dev.ge-სთან იხსენებს, როგორ და რატომ გადაწყვიტეს, დაეარსებინათ ეს სტარტაპი.
მისი თქმით, Phubber-ისთვის, კომერციული ნაწილის გარდა, მნიშვნელოვანია ტანსაცმლის წარმოების შემცირება, რასაც ეკოლოგიური მიზეზები და მიზნები აქვს.
«რაც უფრო მეტს გადავყიდით, მით უფრო შემცირდება ახალი ტანსაცმლის წარმოება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? — ყოველწლიურად იწარმოება 100 მილიარდ ერთეულზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. იყენებენ საშუალებებს, რომლებიც აბინძურებს გარემოს. მოდის ინდუსტრია ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ ყველაზე დიდი დამაბინძურებელია. ჩვენი მისიაა, მაქსიმალურად შევამციროთ მოდის უარყოფითი გავლენა ეკოლოგიაზე». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
წარმატებამდე გზა ყოველთვის რთული გასავლელია. ასე იყო Phubber-ისთვისაც.
თუმცა, გიორგი ჩუგოშვილი ვერ იხსენებს განსაკუთრებულ სირთულეს საწყის ეტაპზე, რომელიც ვერ აღმოფხვრეს და ამბობს, რომ თავიდან რომ იწყებდეს, დიდად არც არაფერს შეცვლიდა.
ყველაზე მეტად კი იმით ამაყობს, რომ ის შვიდი ადამიანი, რომელიც Phubber-ში თავიდანვე მოვიდა, დღემდე კომპანიაში არიან.
«იმდენად საინტერესოდ და დადებითად განვითარდა დასაწყისში მოვლენები, რომ რაღაცის შეცვლაზე ფიქრი ცოტა რთულია. შეიძლება აქამდე ვერც მოვსულიყავით, რამე სხვანაირად რომ გაგვეკეთებინა. ხშირ შემთხვევაში რისკების აწონ-დაწონა ხელს გვიშლის, ჩვენმა გამოუცდელობამ კი მარტივად მიგვაღებინა გადაწყვეტილება, დაგვეარსებინა Phubber. გვქონდა მცირე ბიუჯეტი, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, საწყის ეტაპზე სწორად გამოგვეყენებინა და გამოგვივიდა კიდეც». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
მას დამწყებ სტარტაპერებთანაც ხშირი შეხება აქვს. როგორც ამბობს, ზოგჯერ მენტორია ან უბრალოდ მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, რომლებიც დამწყებებს განვითარებაში ხელს უწყობენ.
დამწყები სტარტაპერებისთვის მისი რჩევაა, ისწავლონ და გაიაზრონ, რა სურთ მომხმარებლებს.
«ყველას პირველი თავში მოსდის აპლიკაციის შექმნა. ზოგჯერ ისეთ ბიზნესებშიც კი, სადაც ეს საერთოდ არ არის აუცილებელი. შაბლონურად ამბობენ, რომ უნდათ გააკეთონ აპლიკაცია. შაბლონური აზროვნება კი სტარტაპებს არ უხდება. უნდა ფიქრობდნენ ინდუსტრიისა და მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, დამწყებმა სტარტაპერებმა რაც შეიძლება მალე გაუშვან პროდუქტი. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ტექნიკურად ბოლომდე გამართული.
«რაც შეიძლება უნდა დააჩქარონ შეხება რეალურ მომხმარებელთან. არ უნდა მოხდეს ისე, რომ 9 თვე რაღაც აკეთონ, იწვალონ და შემდეგ ეს მომხმარებელს არ მოეწონოს». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
გვანცა კიკალიშვილი — Wally-ის დამფუძნებელი
Wally ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პოპულარობასა და ხელმისაწვდომობაზე ზრუნავს და არტის ყიდვა-გაყიდვის პროცესს ამარტივებს.
ის 2021 წელს გვანცა კიკალიშვილმა დააფუძნა. მისი აზრით, ხელოვნება ყველას ეკუთვნის და 21-ე საუკუნეში არტი ნებისმიერის სახლსა თუ ოფისში აუცილებლად უნდა იყოს.
Wally-ში ამბობენ, რომ ის ფასეულობების ერთგული ბრენდია. ღიაობა, პატივისცემა, კრეატიულობა, ინსპირაცია, გუნდურობა და სანდოობა ის ღირებულებებია, რომელზეც პლატფორმა დგას.
მიუხედავად იმისა, რომ Wally არც თუ ისე მშვიდ და ხელსაყრელ პერიოდში აღმოცენდა — მაშინ, როცა კოვიდ-19 გავრცელების რეკორდებს ხსნიდა, მისმა შემქმნელებმა მაინც მოახერხეს ყველაფრის დალაგება და სახელიც მალევე გაითქვეს.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი იყო. გვანცა კიკალიშვილი dev.ge-სთან ლაპარაკობს ყველაფერზე, რასაც დღევანდელი გადმოსახედიდან აუცილებლად შეცვლიდა.
გვანცა ფიქრობს, რომ დამწყები სტარტაპერებისთვის რჩევის მიცემა საკმაოდ საპასუხისმგებლოა. მისი აზრით, აუცილებელია პრობლემის სწორად დანახვა და ღირებულებების პოვნა.
«თუ თქვენი სერვისი არ ქმნის საზოგადოებრივ ღირებულებას, მაშინ თანამედროვე გარემოში ძალიან გაგიჭირდებათ მისი განვითარება. ადამიანებს სჭირდებათ ღირებულებები, ისინი ყიდულობენ გამოცდილებას და არა პურს, წყალს ან მანქანას. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა, ჩვენ ნახატს კი არ ვყიდით — ვზრდით თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობას». — ამბობს გვანცა კიკალიშვილი.
კახა გელაშვილი, PAYZE-ის თანადამფუძნებელი
Payze საგადახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა. ის 2020 წელს შეიქმნა და ხელმისაწვდომი 2021 წლის დასაწყისში გახდა. Payze გეგა წურწუმიამ და კახა გელაშვილმა დააფუძნეს. სერვისი საქართველოსა და უზბეკეთშია ხელმისაწვდომი.
კომპანიის თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი dev.ge-სთან საუბრისას კომპანიის შექმნის პირველ ეტაპს და იმ ნაბიჯებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს კომპანიის ფორმირებას და წარმატებას.
დასაწყისი დამფუძნებლებისთვის საინტერესო და ამავდროულად, გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. გელაშვილი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა, როცა სტარტაპს იწყებდნენ, ცოდნის ნაკლებობა იყო.
«საქართველოში ღია ინფორმაცია, როგორ უნდა დაიწყო სტარტაპი, სად მოიძიო ინვესტორები, სად მიიღო დაფინანსება, როგორ გაიარო აქსელერაცია და ა.შ, არ მოიპოვებოდა, „500 სტარტაპის“ შემოსვლა კი გარდამტეხი იყო. რაც შეეხება იმას — შევცვლიდით თუ არა რამეს ახლა, რომ ვიწყებდეთ — პასუხი რთულია. ალბათ, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდით, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუ გვექნებოდა მეტი ცოდნა ზოგადად სტარტაპზე და მისი მუშაობის მექანიზმზე». — ამბობს კახა გელაშვილი.
ის დამწყებ სტარტაპერებს, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რჩევას უზიარებს.
«მთავარია საკმარისი ცოდნის დაგროვება, რათა რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან და მაქსიმალურად სწრაფად გაიტანონ საკუთარი პროდუქტი ბაზარზე. მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში და შემდეგ იპოვონ აქსელერატორი». — ამბობს კახა გელაშვილი.
ვატო ველიაშვილი, Lingwing-ის დამფუძნებელი
Lingwing პლატფორმაა, რომელიც უცხო ენების ონლაინ სწავლაში დაგეხმარებათ. ის ვატო ველიაშვილმა 2011 წელს teach.ge-ს სახელით დააფუძნა.
Lingwing-ის დახმარებით 7 ენის:ინგლისურის, გერმანულის, ესპანურის, იტალიურის, რუსულის, ფრანგულისა და ქართულის სწავლა შეგიძლიათ.
ვატო ველიაშვილის თქმით, თავდაპირველად ბევრი რესურსი არ დაუხარჯავთ. ნელ-ნელა ხვეწდნენ და როცა მიხვდნენ, რომ პროექტი წარმატებულია და მოწონებას იმსახურებს, გადაწყვიტეს, საერთაშორისო ბრენდის სახე მიეცათ. სწორედ მაშინ ტრანსფორმირდა teach.ge Lingwin-ად.
Lingwing დღეს ერთ-ერთი პოპულარული ონლაინ პლატფორმაა, სადაც ენების სწავლა შეგიძლია. წარმატებამდე მიმავალ გზას ველიაშვილი საინტერესოდ იხსენებს — ამბობს, რომ იმ დროს, როცა იდეაზე მუშაობა დაიწყეს, ქართულ ბაზარზე პროგრამისტებიც კი არ იყვნენ საკმარისი რაოდენობით.
მისივე თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა ყველაფერი წარმატებით მიდის, დასაწყისში რაიმეს შეცვლაზე ფიქრი რთულია.
«თავდაპირველად ენები ძალიან სწრაფად დავამატეთ, მაგრამ რეალურად დიდი მოთხოვნა არ ყოფილა. ალბათ, ამას შევცვლიდი — ყველაფერს ცოტა უფრო დაფიქრებულად და ფოკუსირებულად გავაკეთებდი». — ამბობს ვახტანგ ველიაშვილი.
ის დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს, მინიმალურით დაიწყოს და აღმოაჩინოს ის «ძრავა», რომელიც მის მომხმარებელს ერგება.
«ვურჩევდი, რაც შეიძლება ფოკუსირებულად და ერთ სეგმენტზე გათვლილი პროდუქტი შექმნან. ძირეული ცვლილებები მას შემდეგ შეიტანონ, რაც დაინახავენ, რომ პლატფორმას შემოსავალი მოაქვს. მანამდე მაქსიმალურად იაფად და მარტივად უნდა შექმნან ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს უნდა მიაწოდონ». — ამბობს ვახტანგ ველიაშვილი.
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
Phubber-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად დაზიანდა. როგორც თავად თქვა, დამიზნებით ესროლეს, მაგრამ «ხანდახან ასეც ხდება, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი».
გაიცანით სტეფანე გურგენიძე — 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Amazon-დან
ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ტექნოლოგიებს უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას საგრძნობლად ზრდის. 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სტეფანე გურგენიძემ, ასეთ კონკურენტულ გარემოში უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა — ის ჯერ Microsoft-ში მუშაობდა, ახლა კი Amazon-ის გუნდის წევრია.