როგორ ვიპოვოთ დამალული კამერები სასტუმროს ნომრებში
დასასვენებლად წასვლა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ან სულაც, მარტო განტვირთვა, კომფორტულ ნომერში მოკალათება — ალბათ, მსგავსი გამოცდილება ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასურველი რეკრეაციის ფორმას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, არის საშიშროება რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად მოვდუნდებით, ვიღაც გვითვალთვალებს.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეგრძნება, რომ თვალთვალის ობიექტი ხართ, მსგავსი განცდა ყურადღების გარეშე არ დატოვოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასტუმროს ნომერში მოიკალათებთ. გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა 58%, რომლებიც Airbnb-ის სტუმრობენ, ღელავენ მათ ნომერში არსებულ დამალულ კამერებზე, ხოლო 11%-სთვის ღელვის მიზეზი რეალური აღმოჩნდა, რადგან თავის ნომერში მართლაც აღმოაჩინეს სათვალთვალო კამერები.
ფარული კამერებით ადამიანების თვალთვალი ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა. მაღალი ხარისხის სათვალთვალო კამერები 15$-ის ფარგლებშია ხელმისაწვდომი ისეთ მარკეტებზე, როგორიც ამაზონია. სწორედ ამიტომ, საჭიროა ვიყოთ ძალიან ყურადღეებით და გავუფრთხილდეთ ჩვენს პირად სივრცეს.
რატომ იყენებენ დამალულ კამერებს?
ადამიანები ფარულ კამერებს განსხვავებული მიზეზების გამო იყენებენ — ნაწილი ეთიკურია, დანარჩენი — ნაკლებად. თქვენ შეგიძლიათ, დაამონტაჟოთ სათვალთვალო მოწყობილობები თქვენი საკუთრების ფარგლებში, რათა თავი დაიცვათ მძარცველებისგან, ან სხვა ტიპის საფრთხისგან. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ, ძიძა კამერები, რათა აკონტროლოთ თქვენი შვილის მდგომარეობა, როცა სახლიდან შორს ხართ.
საკანონმდებლო ორგანოები იყენებენ დამალულ კამერებს, რათა დარწმუნდნენ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში კანონი არ ირღვევა, ხოლო, დარღვევის შემთხვევაში მიმართონ ზომებს. მსგავსი კამერების გამოყენება შეუძლიათ დამსაქმებლებსაც, რათა აკონტროლონ თანამშრომლები და უსაფრთხოება. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, ადამიანები სათვალთვალო კამერებს არაეთიკურად იყენებენ.
თუ შეამჩნევთ კამერას, რომლის არსებობის შესახებაც არ იცოდით თქვენს სახლში, ოფისში, სასტუმროს ნომერში, ნაქირავებ ბინაში, საზოგადოებრივ საპირფარეშოში ან ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც თქვენი პირადი სივრცის დაცულობას ელით, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც:
იპარავს თქვენს პირად ინფორმაციას;
იწერს თქვენს პირადულ მომენტებს;
აგროვებს თქვენ ჩანაწერებს რაიმეს გამოძალვის მიზნით;
ყიდის, ან პირდაპირ ეთერში უშვებს თქვენს მასალებს შავ ბაზარზე;
ცდილობს, რომ ტყუილში გამოგიჭიროთ;
ცდილობს, რომ მოიპოვოს ბიზნეს საიდუმლოება.
და ა.შ. ისეთ ადგილებში თვალთვალი, სადაც თქვენი პირადი სივრცისა და ინფორმაციის დაცულობას ელით, თქვენს უფლებებს არღვევს და არალეგალურია.
6 გზა დამალული კამერის აღმოსაჩენად
გთავაზობთ ექვს გზას იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ დამალული კამერები.
1. ეძებეთ უცნაური საგნები
კარგი ჩვევაა, თუ დაიწყებთ თქვენი გარემოს შესწავლას ოთახში შესვლისთანავე. ყურადღებით იყავით და ეცადეთ დააკვირდეთ, ხომ არ არის მცირედად გადაადგილებული რაიმე საგანი. ასევე, შეამოწმეთ არასაჭირო ნივთები ან რაიმე ისეთი, რაც უცნაურად გამოიყურება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც სათვალთვალო კამერებით ავსებს ოთახს, ჩქარობს და კვალს ტოვებს. ეძებეთ არასწორად მორგებული ელექტრონული განყოფილებები, წებოვანი კარის სახელურები, ნამსხვრევები. თუ სივრცეს კარგად იცნობთ და შეამჩნევთ ახალ ნივთს, დარწმუნდით, რომ მას აუცილებლად შეამოწმებთ. ასევე, როდესაც შეამჩნევთ უცნაურ მოწყობილობას, Google Search-ის საშუალებით, შეამოწმეთ მისი ბრენდი, მოდელი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ არის შენიღბული ფარული კამერა.
ისეთ სივრცეში, რომელშიც პირველად იმყოფებით, მაგალითად სასტუმროებში, შეამოწმეთ საათები, კვამლის დეტექტორები და ჰაერის გამწოვები. თუ იპოვით დაბლა დაკიდებულ საათს, ნახატს ან კვამლის ორ დეტექტორს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა, საკმაო მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ ისინი შეამოწმოთ. ყურადღებით იყავით ელექტრონულ ხელსაწყოებთან და გამოაერთეთ ის ნაწილი, რომელსაც არ გამოიყენებთ.
გახსოვდეთ, თუ მოწყობილობაში კამერაა ჩამონტაჟებული, მისი გამორთვა კამერას ავტომატურად არ გამორთავს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სათვალთვალო კამერებს ასევე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჩაშენებული ელემენტები, რომლებიც უნარჩუნებენ კამერას საათობით ან დღებით მუშაობის საშუალებას. დაფარეთ საეჭვო მოწყობილობები ნაჭრით ან პირსახოცით, რათა თავი დაიზღვიოთ თვალთვალისგან.
თუ თქვენს ოთახში სარკეა, შეამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ არის ორმხრივი სარკე. შეამოწმეთ, სარკე კედელში ჩაშენებულია თუ ჩამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ სარკე ჩაშენებულია, კარგი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ თვალთვალის შემთხვევა განიხილოთ. სარკის შემოწმება დაკაკუნებით შეგიძლიათ. ორმხრივ სარკეზე დაკაკუნება განსხვავებულ, უფრო მეტად სიცარიელის შემცველ ხმას გამოსცემს, ვიდრე ჩვეულებრივ სარკეზე დაკაკუნება.
2. გამოიყენეთ ფანარი
ფანრის გამოყენების მეთოდისას საჭიროა ჩააბნელოთ ოთახი და შემდეგ მოატაროთ შუქი სივრცეს. განსაკუთრებით, საეჭვო ადგილებს. დაკვირვებით ეძებეთ ანარეკლი, განსაკუთრებით ლურჯი ან იასამნისფერი.
თუმცა ხშირად, შეუიარაღებელი თვალისთვის მსგავსი ანარეკლი რთული შესამჩნევია, ამიტომ, კარგია, თუ შესამოწმებლად სმარტფონის კამერას გამოვიყენებთ.
3. გამოიყენეთ სმარტფონის კამერა
სათვალთვალო კამერების უმრავლესობა ასხივებს ინფრაწითელ შუქს მუშობის დროს. მართალია თქვენ, შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ მსგავსი გამოსხივება, თუმცა, თქვენი ტელეფონის კამერა ამაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, შეამოწმეთ თქვენი ტელეფონის კამერა და დარწმუნდით, რომ ის აღიქვამს ინფრაწითელ შუქს. ამის გასაკეთებლად, აიღეთ ნებისმიერი პულტი და მიუშვირეთ კამერას იმ მხრიდან, საიდანაც სინათლეს გამოყოფს. თუ თქვენი კამერა აღიქვამს თეთრ ან იასამნისფერ გამოსხივებას, ის აღიქვამს ინფრაწითელ შუქსაც.
მაქსიმალურად ჩააბნელეთ ოთახი. გამოიყენეთ თქვენი ტელეფონის კამერა ინფრაწითელი გამოსხივების აღმოსაჩენად. თუ შეამჩნევთ თეთრ ან იასამნისფერ გამოსხივებას, ეს, დიდი ალბათობით, კამერის ლინზაა. გახსოვდეთ, რომ ტელეფონების უმრავლესობა იმ შემთხვევაში შეძლებს ინფრაწითელი გამოსხივების აღქმას, თუ წინა კამერას გამოიყენებთ.
4. შეამოწმეთ Wi-Fi ქსელები
ადგილობრივი Wi-Fi ქსელების შემოწმება დამალული კამერებისთვის მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ის არის უკაბელო და არის იმავე კავშირზე, რომელზეც თქვენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ ნაწილობრივი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ სათვალთვალო კამერები.
ამისთვის საჭიროა დააინსტალიროთ კავშირის შესამოწმებელი აპლიკაცია. გახსოვდეთ, კარგ აპლიკაციები არ გთხოვენ წვდომას უამრავ არასაჭირო ინფორმაციაზე.
დაუკავშირდით Wi-Fi-ის და შეამოწმეთ ის აპლიკაციის მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ, ნახოთ ყველა მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტის ამ ქსელს უკავშირდება. ეძებეთ ნიშნები, რომლებიც მიგანიშნებენ დამალული კამერის არსებობაზე. ფარული კამერების უმრავლესობას Ipcamera ჰქვია და მომხმარებლები მის სახელს ხშირად არ ცვლიან.
დარწმუნდით, რომ უკავშირდებით VPN-ს, როდესაც იყენებთ სასტუმროს ან ნებისმიერ სხვა, საჯარო Wi-Fi-ს.
5. გამოიყენეთ სატელეფონო ზარი ჩარევის აღმოსაჩენად
სათვალთვალო კამერები გამოყოფს რადიო ტალღებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაიკვეთონ იმ სიგნალებთან, რომელსაც თქვენი ტელეფონი ზარისას გამოყოფს. თუ თქვენ საუბრობთ ტელეფონზე და გაანძრევთ მას კამერის სიახლოვეს, შესაძლოა გაიგოთ ზუზუნის ან სიგნალის გადაკვეთის ხმა.
იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ სათვალთვალო კამერა, დაურეკეთ მეგობარს და სთხოვეთ არ გათიშონ ზარი, ამ დროს თქვენ ოთახის გარშემო იმოძრავებთ და შეამოწმებთ სხვადასხვა წერტილს.
დამალული კამერის აღმომჩენი აპლიკაციის გადმოწერა თქვენს სმარტფონში კარგი აზრია, თუ გსურთ გამოიყენოთ მიდგომა, რომელიც სხვადასხვა მეთოდს აერთიანებს. ტიპური ფარული კამერის აღმომჩენი აპლიკაცია იყენებს რადიოსიხშირის, ინფრაწითელი გამოსხივებისა და ინტერნეტის შემოწმების ფუნქციებს.
მსგავსი აპლიკაციის გამოყენება ამარტივებს ძებნის პროცესს, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ აპლიკაციას თქვენი მონაცემები არ უნდა გაანდოთ.
ამ მეთოდების არსებობის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ დამალული სათვალთვალო კამერების აღმოჩენის 100%-იანი გარანტია არასდროს გვაქვს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი პირადი სივრცისა და ინფორმაციის დაცვის საკითხს.