ChatGPT-ის წარმოუდგენელმა, უსაზღვრო შესაძლებობებმა ყველა დაარწმუნა, რომ მალე ჩვენი ცხოვრების სტილი, დამოკიდებულება, მიდგომები სამუდამოდ შეიცვლება. ამის უკან კი, ცხადია, ხელოვნური ინტელექტი დგას. «ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო». — ასე აფასებს Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი იმ ეპოქალურ მომენტს, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას.
ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ნანახი სიუჟეტი რეალობა ხდება. ChatGPT-ის გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. ბევრი თანხმდება, რომ მალე თითქმის ყველა პროფესიის ადამიანისთვის OpenAI-ის ჩათბოტი მთავარი დამხმარე ინსტრუმენტი გახდება. ზოგიერთ პროფესიას კი ჩაანაცვლებს. შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ იყენებენ ქართველი დეველოპერები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ტექნოლიგიას და რამდენად დიდია საშიშროება, რომ ChatGPT-იმ ისინი ჩაანაცვლოს.
თორნიკე სირბილაძე ქართველი დეველოპერია. ის ChatGPT-ის დახმარებით აწყობს აპლიკაციას, რომელიც სერვისის მიმღებებს და მიმწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. თორნიკეს თქმით, ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი პროდუქტები მის საქმეს, ამარტივებასთან ერთად, საოცრად აჩქარებს.
თორნიკე სირბილაძე იმ გზებზეც დეტალურად გვესაუბრება, რომლის განხორციელების შემდეგაც ChatGPT-ის გამოყენება უფრო პროდუქტიული ხდება — არსებობს ტერმინი «ფსევდო კოდი» — ეს არის მეთოდი, რომელიც ნებისმიერ პროგრამისტს საშუალებად აძლევს, ალგორითმის შემუშავება ადვილად წარმოადგინოს.
მისი აზრით, ChatGPT-ის შესაძლებლობები უსაზღვროა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ფიქრობს, რომ ტექნოლოგია, დიდი ალბათობით, 10-დან 8 პროგრამისტს ჩაანაცვლებს.
გიორგი მილაშვილი დამწყები full stack დეველოპერია, რომელიც ChatGPT-ის უკვე დიდი ხანია იყენებს. მისი თქმით, ტექნოლოგია კოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და დახვეწაში ეხმარება, რაც მის დროსა და ენერგიას ზოგავს.
გიორგი ფიქრობს, რომ ChatGPT-ის ამ ეტაპზე პროგრამისტების ჩანაცვლების ძალა არ შესწევს. თუმცა, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი იდეალურია.
«ეს ადამიანის ხელით შექმნილი პროდუქტია, რომელსაც, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენი ჩანაცვლების ძალა არ გააჩნია. თუმცა, დეველოპერის საქმეს იდეალურად ითვისებს და არ ვარ დარწმუნებული, რა გველის მომავალში». — განაცხადა გიორგი მილაშვილმა.
შოთა თოფჩიშვილი 19 წლის სტუდენტია და უკვე senior დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს. მისი თქმით, ChatGPT დეველოპერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასურველი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უფრო პროდუქტიულს ხდის და დროს აზოგინებს.
მისი აზრით, ტექნოლოგიის ასეთი ტემპით განვითარებამ შესაძლოა 5-6 წელში იქამდე მიგვიყვანოს, რომ პროგრამისტის პროფესია საერთოდ გაქრეს.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი Tech ქომუნითის, Bitcamp-ის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილი ამბობს, რომ ChatGPT დეველოპერების ყოველდღიურ საქმეს ამარტივებს, თუმცა მიჩვევა და სწორად გამოყენებაა საჭირო.
ზაკალაშვილის აზრით, ChatGPT-ის დეველოპერების ჩანაცვლება არ შეუძლია, რადგან საჭირო კითხვების დასმასა და მის სწორად გამოყენებას დიდი კონპეტენცია სჭირდება.
იცით რას გიპასუხებთ თავად ChatGPT, თუ მსგავს კითხვას დაუსვამთ: «შეგიძლია თუ არა, დეველოპერების ჩანაცვლება?». მისი პასუხი დამაიმედებელი და ცოტა თავმდაბლურიც არის.
«არა, ChatGPT-ის დეველოპერების სრულად ჩანაცვლება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT მძლავრი ენის მოდელია, რომელსაც ადამიანის მსგავსი პასუხების გენერირება შეუძლია, რთული კოდების წერის უნარი არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT დეველოპერებს ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, როგორიცაა კოდის ფრაგმენტების გენერირება და კოდირების ცნებების ახსნა-განმარტება, ის ადამიანის გამოცდილებასა და კრეატიულობას ვერ შეცვლის».