ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
31 მარტი 2023, 14:48
2023-03-31
მეგობარი თუ მტერი: შეუძლიათ თუ არა დეველოპერებს ChatGPT-ის ნდობა?
«ეს ჩემთვის ჯადოსნური შეგრძნება იყო. ცოტა შემეშინდა, რადგან ზედმეტად სრულყოფილი აღმოჩნდა, უცნაურია, რამდენად ადამიანური, მეგობრული და ინტელექტუალურია მისი პასუხები». — თქვს პიეტრო სქირანომ ChatGPT-ის უახლეს ვერსიაზე საუბრისას.
სქირანო ფინანსური კომპანია Brex-ის დეველოპერია და ChatGPT-ის კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად იყენებს.
«მინდა, Pong-ის მსგავსი თამაში შევქმნა» — მიუთითა სქირანომ ChatGPT-ის Atari-ის მაგიდის ჩოგბურთის თამაშზე — «რა არის საუკეთესო ენა, რომელსაც ბევრი ადამიანი გამოიყენებს?».
ChatGPT-მ რეკომენდაცია პროგრამირების ენა JavaScript-ს გაუწია და ამასთან ერთად, თამაშის მარტივი ვერსიაც დააგენერირა.
გამოცდილ დეველოპერს ამისთვის ნახევარი საათი დასჭირდებოდა, ChatGPT-იმ კი პროცესი 40 წამში დაასრულა. ამ თამაშისთვის ონლაინ უამრავი კოდის მაგალითია. თუმცა, ChatGPT ინტერნეტში მზა პასუხს არ ეძებს.
მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT უზარმაზარი ვებ-კონტენტის გამოყენებით შეიქმნა, ის ახალ ტექსტს მხოლოდ თქვენთვის, სწორი პასუხის პროგნოზირებით ქმნის.
«ChatGPT-მ შეძლო ჩემი კითხვის გაგება იმის შესახებ, თუ როგორ გავხადო ეს თამაში უფრო პოპულარული. მას ისეთი საკითხების გადაჭრა და მოგვარება შეუძლია, რასაც, მაგალითად, Google ვერ იზამს». — ამბობს სქირანო.
საძიებო სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ჯერ უნდა გაერკვეთ, კოდირების რომელი ენა გამოიყენოთ, როგორ გამოიყენოთ და რისთვის. ChatGPT-ს კი ნებისმიერი თამაშის კოდს, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუქციებთან ერთად მოგაწვდით.
«ახლა, მათაც კი, ვისაც წარმოდგენა არ აქვთ ტექნოლოგიებზე, შეუძლიათ მარტივი ვებ აპლიკაცია შექმნან». — ამბობს სქირანო.
ზოგმა თქვა, რომ ამ ძველი თამაშების ხელახლა შექმნა ძალიან მარტივია, რადგან ინტერნეტში უამრავი მაგალითია. ამიტომ, შირანოს კოლეგამ, ამაარ რეშიმ ChatGPT-ის მოსთხოვა, ისეთი კომპიუტერული თამაში შეექმნა, რომლის კოდის მაგალითიც ინტერნეტში არ მოიპოვებოდა. ეს 3D თამაშია სახელწოდებით Skyroads, რომელიც წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ChatGPT-იმ თამაშის შესახებ Wikipedia-ის გვერდიდან იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ Skyroads-ის კოდის მაგალითზე წვდომა არ ჰქონდა, მისი დაგენერირება თავად მოახერხა. რეშიმ კი, რომელმაც JavaScript საერთოდ არ იცის, ონლაინ 3D თამაში შექმნა.
ეს პატარა თამაშებია და ჯერ არავინ ვარაუდობს, რომ ChatGPT თანამედროვე თამაშების შექმნას მოახერხებს. ის შეიძლება თამაშის ძირითადი ნაწილების დასამზადებლად ან პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად გამოიყენონ.
მაგრამ, პროდუქტიულობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, ზოგიერთისთვის AI-ის კოდირებისთვის გამოყენება მისაღები არ არის.
«ChatGPT-ის იმაზე მეტი რისკი აქვს, ვიდრე სარგებელი. კოდი, რომელსაც ეს AI-ები ქმნიან, ხშირად ხარვეზიანი ან არაეფექტურია». — ამბობს Rightly-ის (კომპანია, რომელიც ადამიანებს თავიანთი მონაცემების კომპანიის მონაცემთა ბაზებიდან წაშლაში ეხმარება) წარმომადგენელი, ტონი სმიტი.
სმიტმა ChatGPT-ის კოდის შექმნა სთხოვა, რათა გაერკვია, რამდენი დღეა კონკრეტულ თვეში. «კოდი მშვენივრად გამოიყურება, თუმცა პატარა პრობლემას ბრიტანეთის ზაფხულის დროზე გადასვლასთან დაკავშირებით ვხვდებით. ChatGPT ფიქრობს, რომ მარტს 30 დღე აქვს».- ამბობს ის.
სხვებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კოდი შეიძლება უსაფრთხოების ხარვეზებს შეიცავდეს. ChatGPT-იმ შეიძლება მოძველებული ტექნიკა გამოიყენოს. ასევე, მას 2021 წლის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე მწირი ინფორმაცია გააჩნია.
ცხადია, რისკი გაიზრდება, თუ ადამიანებს ცდუნება გაუჩნდებათ, გამოიყენონ კოდი, რომლის მნიშვნელობაც არ ესმით.
კევინ ბოჩეკი, საფრთხეების დაზვერვის კომპანია Venafi-ის ვიცე-პრეზიდენტია. მან ChatGPT Excel მაკროებისა და PowerShell სკრიპტების შესაქმნელად გამოიყენა. კიბერდამნაშავეები მათ ხშირად თავდასხმის დასაწყებად იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი კოდის შესაქმნელად გამოიყენება, მისი გადამოწმება დეველოპერს მაინც მოუწევს. როგორც ბოჩეკი ამბობს, საბოლოოდ პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი პროფესიონალი დეველოპერები არიან.
Herd მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც თავის ვებსაიტზე სლაიდშოუს სტილის ელემენტებს ქმნის. «თითოეული განყოფილებისთვის JavaScript-ის კოდის ინდივიდუალურად დაწერა შეიძლება დამღლელი და რთული იყოს. ChatGPT ამ პროცესს ნამდვილად აჩქარებს».- ამბობს Herd-ის ვებ დეველოპერი, მეთიუ ჰანტი.
თუმცა, ჰანტი წუხს, რადგან ChatGPT მას ისეთ საქმესაც ართმევს, რომელიც დეველოპერებს სიამოვნებას ანიჭებს და განვითარებაში ეხმარება.
«განვითარებისა და სიამოვნების ნაწილი იმის სწავლაა, თუ რას აკეთებს ფაილი და როგორ მუშაობს ყველაფერი. თუ ChatGPT ამას ჩვენს ნაცვლად გააკეთებს, შესაძლოა განვითარება შევწყვიტოთ». — ამბობს ის.
პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მომავალი, სავარაუდოდ, დეველოპერსა და AI ასისტენტს შორის პარტნიორობა იქნება. GitHub Copilot კომერციული ინსტრუმენტია, რომელიც დეველოპერების მუშაობისას კოდს ავტომატურად ავსებს. ის კოდის დასრულებისთვის ChatGPT-ზე სწრაფ, მაგრამ ნაკლებად აკურატულ მოდელს იყენებს.
საინტერესოა, გამოიწვევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც კოდის წერა შეუძლია, სამუშაო ადგილების დაკარგვას. სქირანო თვლის, რომ ჯუნიორ დეველოპერებს დიდი საფრთხე ემუქრებათ და მალე ისინი აუცილებლად ჩანაცვლდებიან.