ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეინტერვიუ
30 იანვარი 2024, 12:17
2024-01-30
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. საქველმოქმედო პლატფორმა charte.ge ცდილობს, ეს პრობლემა აღმოფხვრას და ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.
ამასთან, ეს მოქალაქეების დახმარებით, ჩართულობით კეთდება. სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დაფინანსება ან კომპიუტერის ჩუქება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
მნიშვნელობაზე მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე dev.ge-სთან charte.ge-ის ხელმძღვანელმა, მარიამ მჭედლიშვილმა ისაუბრა.
რა არის და როდის შეიქმნა charte.ge?
«ჩართე» საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს ინტერნეტი ჩაურთოს. პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა.
საიდან გაჩნდა იდეა? — ჩვენი გუნდი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობს, შესაბამისად, ვთარგმნიდით ისეთ სასწავლო რესურსებს, რომლებსაც მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიყენებდნენ. როდესაც Khan Academy-ის ქართული ვერსია შევქმენით და მისი რეგიონებში გავრცელება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ადგილობრივები რესურსების ნაწილს ვერ იყენებდნენ, რადგან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ან კომპიუტერის დაფინანსება შეეძლო.
ასე შეიქმნა პროექტი «ჩართე», სადაც მხარდამჭერები რეგისტრირდებიან. ონლაინ შემომწირველად დარეგისტრირებას საშუალოდ 2 წუთი და თვეში მინიმუმ 1 ლარი სჭირდება.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს «ჩართეს» დონორად და ყოველთვიურად კონკრეტული თანხა ავტომატურად გადაირიცხოს «ჩართეში». რეგისტრაციის დროს თქვენ ირჩევთ, თქვენი შემოწირულობის რა ნაწილი დაეთმოს მოსწავლეს და რა ნაწილი — ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ჩვენთვის მთავარია, რომ პლატფორმაზე მიმდინარე პროცესები აუცილებლად გამჭირვალე იყოს. ჩვენი მხარდაჭერები ყოველთვიურად ანგარიშს იღებენ, სადაც ხედავენ, თუ რა აქტივობები განვახორციელეთ.
რაც შეეხება უშუალოდ მუშაობის პროცესს — ინდივიდუალურად რომ მიგვეღო განცხადებები ან თავად მოგვეძებნა მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტის პრობლემა აწუხებდათ, იყო რისკი, რომ ნაწილი გამოგვრჩენოდა.
ამიტომ შემდეგი პრინციპით მუშაობა გადავწყვიტეთ — როდესაც კონკრეტულ რეგიონში შესვლას ვაპირებთ, ყველა საჯარო სკოლას ვუკავშირდებით, რადგან ეს პრობლემაზე ყველაზე დიდ ინფორმაციას სკოლა ფლობს. შემდგომ ისინი ოჯახებთან გვაკავშირებენ, ვრწმუნდებით მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში, ვიძიებთ საჭირო რესურსებს და მონაწილეს პროექტში ვრთავთ. ამის შემდეგ მასთან კომუნიკაცია გრძელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, მისი ინტერესების მიხედვით, სასწავლო რესურსების გაზიარებასა და გარკვეული ტრენინგების ჩატარებას, რაც სამომავლოდ გამოადგება.
რა შეიცვალა ჩართეს შექმნიდან დღემდე — როგორ განვითარდა პლატფორმა?
პროექტი 2017 წელს ნული რესურსით დავიწყეთ. შესაბამისად, თავდაპირველად, ახლობლებისგან თუ ნაცნობებისგან მეორად ლეპტოპებს ვიძიებდით და მიგვქონდა თბილისთან ახლოს. მას შემდეგ, რაც პლატფორმას მხარდამჭერები გამოუჩნდა, ეტაპობრივად არეალი გავზარდეთ და უკვე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (გორი, ქარელი, კასპი) მუშაობა დავიწყეთ.
წლების განმავლობაში მხარდამჭერების რაოდენობის ზრდამ საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო შორ სოფლებში ჩავიდეთ. ლეპტოპებისა და ინტერნეტის გარდა, ადმინისტრაციული ხარჯიც საკმაოდ დიდია — მაგალითად, ტრანსპორტირება, ლეპტოპების გამართვა და ა.შ. უკვე მაღალმთიან აჭარაში მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს — მისი რელიეფიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულად სამუშაო ადგილია.
განსაკუთრებული პროგრესი პანდემიის პერიოდში განვიცადეთ და უმრავლესობამ სწორედ ამ დროს გაგვიცნო. პანდემიის დასრულების შემდეგ იმავე ტემპის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რაც ლოგიკური ფაქტორებით აიხსნება. თუმცა, იმ პერიოდში მიღწეული ზრდის ტემპი პროექტზე მაინც დადებითად აისახა — პანდემიის დაწყებამდე 500-მდე ოჯახი გვყავდა პროექტში ჩართული, ხოლო შემდეგ წელს უკვე 1000-ზე მეტი.
ამჟამად სტაბილურობის შენარჩუნებას ვცდილობთ. პროექტში უკვე ჩართული მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის გადახდა და ახალი ოჯახების დამატება ჩვენი ყოველთვიური მიზანია. პროექტში თვეში საშუალოდ 30 ოჯახს ვრთავთ.
ინდივიდუალური დონორების გარდა, თანამშრომლობთ თუ არა მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც პროექტს აფინანსებენ და ეხმარებიან?
ინდივიდუალური დონორები თანხას ყოველთვიურად რიცხავენ, თუმცა კომპანიების შემთხვევაში ასე არ ხდება. ძირითადად, არის თანამშრომლობა, პირობითად, წელიწადში ერთხელ, კონკრეტული აქტივობისთვის — ყველაზე ხშირად ეს ახალი წლის პერიოდში ხდება.
როგორ ვზრუნავთ ბენეფიციარების კონფიდენციალურობის დაცვაზე?
გამჭვირვალობის მიზნით საიტზე ასახულია თითოეული მოსწავლის ისტორია. თუმცა, მათ შესახებ არსებული ინფორმაცია არასოდეს შეიცავს პირად ინფორმაციას და არ იძლევა მოსწავლის იდენტიფიცირების საშუალებას. რიგ შემთხვევებში საიტზე, სოციალურ მედიასა და გამჭვირვალობის ანგარიშებში ქვეყნდება მოსწავლის ფოტო ან მისი უფრო ვრცელი ისტორია, ასეთი ტიპის მასალა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება საჯარო, თუ ამის ნებართვა მიღებული გვაქვს მშობლისგან/მეურვისგან (და თუ მოსწავლე 18 ან მეტი წლისაა — თავად მოსწავლისგან) არასავალდებულო ხელშეკრულების საფუძველზე. რეგიონული წარმომადგენელი თითოეულ ოჯახს უხსნის, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ნებაყოფლობითია და დეტალურად უმარტავს, თუ რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს და სად.
რა სირთულეებს ხვდებით საქმიანობის პროცესში და როგორ უმკლავდებით მათ?
სირთულეები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, პანდემიის პერიოდში დილემის წინაშე აღმოვჩნდით — გაგვეჩერებინა თუ გაგვეგრძელებინა საქმიანობა, რადგან, ცხადია, უამრავ ოჯახში ვიზიტი რისკის შემცველი იყო. სკოლები დაიკეტა და უამრავი მოსწავლე განათლების სისტემის მიღმა აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული რეკომენდაციების დაცვით ჩვენი საქმიანობა გაგვეგრძელებინა.
ამასთან, პრობლემაა სკოლებთან კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათგან მინიმალური ჩართულობა გვჭირდება. ამ მხრივ დადებითი ტენდენციები ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სკოლაში შეიმჩნევა, თუმცა საერთო ჯამში ჩვენთვის სირთულეა. ფაქტობრივად, მოსწავლეთა სიებისთვის ბრძოლა გვიწევს.
კიდევ ერთი სირთულე გადაადგილებაა, რადგან ორგანიზაციას საკუთარი მანქანა არ ჰყავს. ბოლო პერიოდში მხარდამჭერები გვეხმარებიან და თავიანთი მანქანით გადაადგილებას გვთავაზობენ, თუმცა შორ რეგიონებში მუშაობისას ისინი ვერ გვეხმარებიან, რადგან, მაგალითად, აჭარაში ვიზიტს 5 დღე სჭირდება, რათა სრულფასოვნად ვიმუშაოთ.
მთავარი გამოწვევა მდგრადობის შენარჩუნებაა. ყველაფერთან ერთად კი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომლებსაც ბენეფიციარების წინაშე ვგრძნობთ.
თქვენ გრეის ჰოპერის ჯილდო მიიღეთ — რას ნიშნავს ეს charte-სთვის?
გრეის ჰოპერის ჯილდოს მოპოვება ჩვენთვის სასიამოვნოსთან ერთად, მოულოდნელიც იყო, რადგან ტექნოლოგიების სფეროში ქალების გაძლიერების კუთხით პროექტისთვის არასდროს შეგვიხედავს.
აღმოჩნდა, რომ პროექტში ჩართული მონაწილეების 70%-ზე მეტი გოგო იყო და მათთვის განათლების მიღების უზრუნველყოფა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გრეის ჰოპერის ჯილდო მოვიპოვეთ.
ჯილდოს აღების შემდეგ ბენეფიციარების ცხოვრებაში ჩვენს როლს სხვანაირად შევხედეთ. მივხვდით, რომ მათ გაძლიერებაში გარკვეული წვლილი შეგვეტენა და ამ მიმართულებით აქტივობების რაოდენობა გავზარდეთ.
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.