ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში —ვითარება და გამოწვევები
საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ინტერნეტზე თავისუფლად წვდომა და გამოყენება აღიარებულია საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებად. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტზე ხელმისაწვდომობით.
2020 წლის ივლისის მდგომარეობით, ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს ჰქონდა. თუმცა, უთანასწორო რეგიონული განაწილებით.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილში მუშაობს, საზოგადოების ნაწილისთვის მისი მოხმარება სხვადასხვა მიზეზის გამო რთულდება.
«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი და IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი გვესაუბრნენ იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში ინტერნეტის გავრცელების კუთხით დგას.
ლილი ფულარიანი იმერეთში, ბაღდათში ცხოვრობს, სადაც ზოგიერთ სოფელში, დასახლებულ პუნქტებში, ტელეფონით დარეკვაც კი რთულია. ლილისთვის ეს დიდი პრობლემაა, რადგან მას მუშაობისთვის ყოველდღე სჭირდება ინტერნეტთან წვდომა.
ლილი, სხვა ქალებთან ერთად, ციფრული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელია.
ის ცდილობს, სოფლად მცხოვრებ ქალებს და ბავშვებს ინტერნეტთან მუშაობა ასწავლოს და ციფრული უნარების გამომუშავებაში დაეხმაროს.
გამართული ლეპტოპი მარტო ლილის აქვს, ამიტომ, სანამ კომპიუტერულ კლასზე დაიწყებდა მუშაობას, მისი მოსწავლეებისთვის მეორადი ლეპტოპების მოძიება მოუწია.
მისი თქმით, მხოლოდ აუდიტორიაში სწავლა არ იქნება შედეგიანი, თუ მოსწავლეებმა სახლშიც არ ივარჯიშეს და გაიმყარეს ცოდნა. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ოჯახში იყოს კომპიუტერი.
ცოტა კომპიუტერი და ძვირი ინტერნეტი
ლილი გვიყვება, რომ სოფლებში შეიძლება ინტერნეტი ჰქონდეთ, მაგრამ იმდენად დაბალი ხარისხის იყოს, რომ ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ვერ გამოიყენებს.
გარდა ამისა, არის კომპიუტერების პრობლემა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერნეტის ფასია. ლილის ამბობს, რომ ხშირად ოჯახის წვერები არ მუშაობენ და მხოლოდ პენსიონერები არიან, ამიტომ, მათ ინტერნეტის გადასახადის გადახდა უჭირთ.
იმავეს ამბობს თეონა ტურაშვილიც — გვეუბნება, რომ მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად არის შემთხვევები, როდესაც რეგიონში ინფრასტრუქტურა შეყვანილია, მაგრამ ოჯახებს ინტერნეტის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.
თეონას თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ბაზარზე დაბალი კონკურენციაა — საქართველოში ორი დიდი ინტერნეტ პროვაიდერია, რომელიც ბაზრის 2/3-ს აკონტროლებს. თეონას თქმით, ეს ფასების შემცირების და ხარისხის გაზრდის ნაკლებ შანსს ტოვებს.
რადგან კონკურენცია დაბალია, პრობლემები ჩნდება ფასსა და სერვისის ხარისხზე. თეონას აზრით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეეწყოს ბაზარზე კონკურენციას გარკვეული რეგულაციების გამოყენებით. ეს შესაძლებლობას მისცემს პატარა ოპერატორებსაც გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გავრცელებას რეგიონებში.
ტრანსპორტის გაუმართაობა
რეგიონებში დიდია ტრანსპორტირების პრობლემაც. ლილი ამბობს, რომ თუ ტრენინგს ბაღდათში ჩაატარებენ, მონაწილეობის მსურველებს სოფლებიდან ჩასვლა გაუჭირდებათ — შეიძლება, მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ მიდიოდეს ბაღდათის ცენტრში.
გენდერული ჩაგვრა
ლილი გვიყვება, როგორი მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა ტექნოლოგიების სფეროში.
«თითქოს თანასწორი სფეროა, მაგრამ უპირატესობები მაინც კაცებს აქვთ». — ამბობს ლილი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ შეიქმნა მისი ორგანიზაცია.
ის ხაზს უსვამს გენდერული ჩაგვრის პრობლემებს, რომლებსაც სწავლების პროცესში აწყდებოდნენ.
ციფრული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისთვის უთქვამთ, რომ გოგო ლეპტოპს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მისი ძმა ათხოვებს. კომპიუტერი ოჯახების გარკვეულ ნაწილში ისევ ბიჭის ნივთად ითვლება.
ლილი ფულარიანის თქმით, გარშემომყოფებისგან ხშირად სმენია, რომ გოგოს უფრო უზღუდავენ ინტერნეტის გამოყენებას, ვიდრე ბიჭებს და ეს ხდება გოგოს ონლაინ საფრთხეებისგან დაცვის საბაბით.
გარდა ამისა, ლილი გვიყვება, რომ ონლაინ სწავლების დროს ქალებისთვის კონცენტრირება ძალიან ძნელი იყო — ლექციაზე დასწრების პარალელურად ისინი საოჯახო საქმეებს აკეთებდნენ. როდესაც კითხვებს სვამდნენ ბავშვების ხმა ისმოდა. ლექციაზე დასწრებასთან ერთად ხშირად ბავშვებს აწყნარებდნენ.
ლილის თქმით, ამ პირობებში წარმოუდგენელია, სფერო სიღრმისეულად შეისწავლო.
ამასთან, მისივე თქმით, ქალებს, როდესაც ისინი დედები ხდებიან და ჩვილი ბავშვი ჰყავთ, უჭირთ ეკონომიკური საქმიანობა, განსაკუთრებით რეგიონებში.
ამას ემატება ისიც, რომ ხშირად რეგიონებში არ აქვთ საკმარისი შემოსავალი ძიძის ასაყვანად.
შესაბამისად, ქალები შრომის ბაზრის მოთხოვნებს საკმაოდ ჩამორჩებიან.
ლილი ამბობს, რომ მაგალითად, მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად ელემენტარული კომპიუტერული უნარების ცოდნა აუცილებლად გჭირდება. ამ პერიოდში ქალებს ეს ცოდნა არ აქვთ, რადგან საოჯახო საქმეებით და ბავშვის აღზრდით არიან დაკავებულნი.
როგორც ლილი ამბობს, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და კომპიუტერული უნარების განვითარება ქალებს კარგ მუშა ხელად აქცევს, მათაც გაუჩნდებათ შემოსავალი.
ასაკოვანი ადამიანების საკითხი
IDFI-ის კვლევებიდან გამოვლინდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე მეტად მოწყვლადნი არიან. ერთი მხრივ, მათ ნაკლები წვდომა ინტერნეტთან აქვთ, მეორე მხრივ — ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლები უნარები.
თეონა ტურაშვილის თქმით, ამ ჯგუფებად IDFI-მა გამოყო ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც კვლევების მიხედვით ინტერნეტს უფრო მეტად ნათესავებთან დასაკავშირებლად იყენებენ.
მეორე ჯგუფია ბავშვები, რომლებიც მოწყვლადები არიან იმ რისკებისადმი, რაც ონლაინ სივრცეს ახლავს თან. მათ არ იციან, როგორ მოიხმარონ სოციალური ქსელები ისე, რომ სხვებს პირადი ინფორმაცია არ გაუზიარონ.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა
საქველმოქმედო პროექტ charte.ge-ის ინფორმაციით, დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი 95% ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.
«ჩართეს» ინფორმაციით, მათი თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი მოსწავლეები პროექტში მონაწილეობიდან 1 წელში საშუალოდ აუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და წიგნიერებას, ინტერნეტის განათლებისთვის მოხმარების სიხშირეს, ზოგად და მენტალურ კეთილდღეობასა და სხვა.
რა კეთდება ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად
საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ 2021 წელს გაცემული დაპირების თანახმად, 2025 წლისთვის ინტერნეტი 500 ათასი ადამიანისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. პროექტი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
თეონა ტურაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეს პროექტი დაჩქარდეს, რადგან მის ფარგლებში შენდება ინფრასტრუქტურა ისეთ რეგიონებში შესასვლელად, სადაც ოპერატორები ჯერ არ არიან.
იგივე მოთხოვნა აქვს ლილი ფულარიანსაც.
გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია საჯარო სერვისების სრულად გაციფრულება, ბიბლიოთეკების ჩათვლით.
«სერვისების გაციფრულების წინააღმდეგ ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ხალხს მაინც არ ექნება ინტერესი. თუმცა, როცა დიმის ბიბლიოთეკაში წიგნი შევიტანეთ, ორი თვე ხელიდან ხელში გადადიოდა. ამგვარად, პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებს სწავლის სურვილი არ აქვთ, არამედ ის, რომ პირობები არ აქვთ». — ამბობს ლილი ფულარიანი.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.