VOX: რატომ ხდება ხმოვანი შეტყობინებები პოპულარული?
სამყაროში, რომელიც გადატვირთულია ტექსტური შეტყობინებებითა და სატელეფონო ზარებით, ბევრი ადამიანი კომუნიკაციის სხვა ფორმას — ხმოვან შეტყობინებებს ირჩევს.
ხმოვანი შეტყობინებები მოკლე აუდიო ჩანაწერებია, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს უგზავნიან. ის ჩაშენებული ფუნქციაა შეტყობინებების პოპულარულ აპლიკაციებში, როგორიცაა WhatsApp, iMessage, Telegram და სხვა.
ბოლო დროს ადამიანების უმეტესობამ ხმოვანი შეტყობინებების ხშირად გამოყენება დაიწყო. Vox-მა 1000 ამერიკელი ზრდასრული ადამიანი გამოკითხა. მათმა 62%-მა თქვა, რომ გაუგზავნიათ ხმოვანი შეტყობინება, ხოლო 30% ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე იყენებს კომუნიკაციის ამ ფორმას.
ხმოვან შეტყობინებებს უფრო ხშირად 18-29 წლამდე ახალგაზრდები აგზავნიან.
WhatsApp-მა 2022 წელს განაცხადა, რომ ყოველწლიურად 7 მილიარდზე მეტი ხმოვანი შეტყობინება იგზავნება. WhatsApp-ის სამომხმარებლო პროდუქტის ხელმძღვანელის, ზაფირ ხანის თქმით, «ვოისებს» ზოგი ტექსტებზე ხშირადაც იყენებს.
ხმოვანი შეტყობინებები პოპულარულია, რადგან ისინი ადამიანებს საშუალებას აძლევს აღიქვან ხმოვანი კომუნიკაციის ისეთი ნაწილები, როგორიცაა ტონი, განწყობა და იუმორი. ხმოვანი შეტყობინებისგან განსხვავებით, სატელეფონო საუბრები შეიძლება ოდნავ უხერხული იყოს, რადგან შეიძლება არასწორ დროს დავრეკოთ და ჩვენი მეგობარი უსიამოვნო მდგომარეობაში ჩავაგდოთ.
ხმოვან შეტყობინებებს აქვს უარყოფითი მხარეებიც. თუ ისინი ძალიან გრძელი ან დამაბნეველია, მათი მოსმენა შეიძლება დამღლელი იყოს. გარდა ამისა, ძნელია, გაგზავნო ხმოვანი შეტყობინება, თუ შეხვედრაზე ან სამსახურში ხარ.
ხმოვანი შეტყობინებები იმ ემოციურ სიღრმეს გვაძლევს, რომელიც ტექსტებს აკლია.
Vox-ის ჟურნალისტმა, შირინ ღაფარმა ჩაატარა კვლევა ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციების შესახებ, რათა დაედგინა, რატომ იღებენ ადამიანები ხმოვან შეტყობინებებს და როგორ აყალიბებენ ისინი ჩვენს ურთიერთობებს.
მეცნიერება ხმოვანი შეტყობინებების შესახებ
არსებობს მეცნიერული დასაბუთება, თუ რატომ ურჩევნიათ ადამიანებს ხმოვანი შეტყობინებები ტექსტებს.
ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავუგოთ ერთმანეთს, როცა რეალურად ვუსმენთ
კვლევამ აჩვენა, რომ ხმის თუნდაც რამდენიმე წამით მოსმენით, ადამიანებს შეუძლიათ აღიქვან «პარლინგვისტური მინიშნებები». ეს მინიშნებებია, მაგალითად, როცა ვიღაც უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვხვდებით, რომ აღფრთოვანებულია. ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანებს თავიანთი გზავნილი უკეთესად გადასცენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რთული ემოციების გადმოცემას.
ხმოვანი შეტყობინებების გამოყენებით ავთენტურობის განცდა ჩნდება
მაგალითად, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ჰანა აილა ჰყვება, რომ მოულოდნელი ოპერაციის გამო პაემნის გადადება მოუწია. მან ტექსტის ნაცვლად ხმოვანი შეტყობინება გაგზავნა. ჰანას თქმით, ასეთ შემთხვევაში ტექსტის გაგზავნა ყალბად ჟღერს და მისი შეყვარებული არ დაიჯერებდა ამ ისტორიას, თავად რომ არ მოესმინა.
კიდევ ერთი დიდი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი აუდიო შეტყობინებებში უფრო პერსონალურია, ვიდრე ტექსტებში, არის კონფიდენციალურობის განცდა.
iMessage-ზე აუდიო შეტყობინებები მოსმენიდან ორი წუთის შემდეგ ქრება. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სურს, შეუძლია აუდიოს შენახვა და გაგზავნა. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა თქვა, რომ პირადი დეტალების გაზიარებისას თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა ხმოვან შეტყობინებას იყენებს.
აუდიო შეტყობინებების გამოყენებას ისიც ამარტივებს, რომ ადამიანების უმრავლესობა მას ჩაწერისთანავე აგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp და iMessage საშუალებას იძლევა, ჯერ მოუსმინოთ აუდიოს და შემდეგ გაგზავნოთ, ბევრად უფრო ადვილია ჩაწერილის მაშინვე გაგზავნა. ტექსტის დაწერა და გაგზავნა კი უფრო რთული ამოცანაა.
როგორ გვეხმარება აუდიო შეტყობინება ენობირივი ბარიერის დაძლევაში?
ხმოვანი შეტყობინებები ენობრივი ბარიერების დაძლევაშიც გვეხმარება. მაგალითად, შეიძლება რომელიმე ენაზე კარგად ვმეტყველებდეთ, მაგრამ არ ვიცოდეთ წერა-კითხვა. ამ შემთხვევაში ხმოვანი შეტყობინებები სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებაა.
YouGov-ის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 1000 ამერიკელმა მიიღო, დაახლოებით 13%-მა თქვა, რომ ხმოვან შეტყობინებებს სპეციალურად იყენებს ენობრივი ბარიერების დასაძლევად.
ხმოვანი შეტყობინებები მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში უფრო პოპულარულია. ზოგიერთ კულტურაში ადამიანები ბუნებრივად არიან ხმებისკენ მიდრეკილნი. WhatsApp-ის მომხმარებლებში ხმოვანი შეტყობინებები ყველაზე პოპულარული ლათინურ ამერიკასა და დასავლეთ აფრიკაშია.
გლორია ფელიცია, ტექნიკური მეწარმე და Spero Studios-ის სტარტაპის მრჩეველი, ამბობს, რომ მის ოჯახში, ინდონეზიაში, ხმოვანი შეტყობინებები არც თუ ისე გავრცელებულია.
«მათთვის თითქმის უზრდელობის ნიშანია ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა. მაგრამ, ჩინეთში ჩემი ბევრი მეგობარი „ვოისებს“ ყოველდღე აგზავნის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს თითქმის არასოდეს წერენ ტექსტებს და მთელი დღის განმავლობაში ხმოვანი შეტყობინებებით საუბრობენ» — ამბობს გლორია.
როგორია ხმოვანი შეტყობინებების მომავალი?
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები თავს სოციალურად დარეკვისას დროს უფრო გრძნობენ, ვიდრე ტექსტური კომუნიკაციისას.
ხმოვანი შეტყობინებები შეიძლება ნაკლებად მოსახერხებელი იყოს, ვიდრე შეტყობინების გაგზავნა, რადგან მათ მოსმენას მეტი დრო სჭირდება.
WhatsApp-ის ხანმა აღიარა, რომ ხმოვანი შეტყობინებები შეიძლება უფრო დიდ ენერგიას მოითხოვდეს მოსასმენად, ვიდრე ტექსტი. ამიტომ აპლიკაციამ გამოუშვა ფუნქციები, რათა ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა უფრო მოსახერხებელი გახადოს. მაგალითად, შესაძლებელია აუდიოს აჩქარება და უფრო სწრაფად მოსმენა.