რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
2023 წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. DataFest Tbilisi 9-11 ნოემბერს გაიმართება.
ფორსეტის პროექტების კოორდინატორი, დათაფესტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ვერო მელუა dev.ge-ს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ელაპარაკა.
დავიწყოთ დემტექით — რას მოიცავს ის და რა გახდა მისი შექმნის/ორგანიზების ინსპირაცია?
— დემტექის ჰაკათონის მიზანია, ისეთ დემოკრატიულ პროცესებში, როგორიცაა არჩევნები, პოლიტიკაში თანაბარი მონაწილეობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ა.შ. წაახალისოს ტექნოლოგიური ინოვაციები და გადაწყვეტები. წელს დემტექის ჰაკათონი დაეთმობა ისეთი გადაწყვეტების შექმნას, რომლებიც მიემართებიან მედიას, civic tech-ს და ინფორმაციის სანდოობას.
დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ტექნოლოგიებს, მონაცემებსა და ციფრულ სამყაროს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მჭიდრო კავშირი აქვს და მიგვაჩნია, რომ ეს კავშირი ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარების, გამოწვევებზე საპასუხო რეაგირებისა და ზოგადად დემოკრატიული საზოგადოების შენების პროცესშიც უნდა გამყარდეს.
რაც შეხება გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონს — რატომ ატარებთ ჰაკათონს კონკრეტულად ამ საკითხზე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
— გენდერული თანასწორობა და ამ თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება ForSet-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გაეროს ქალთა ორგანიზაციაა, რომელმაც პირველად იკვლია საქართველოში დროის გამოყენების სპეციფიკა გენდერის ნიშნით და ამ მონაცემების ფართო საზოგადოებამდე მიტანა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ასეთი კვლევების მიგნებები მივიდეს ყველა იმ ადამიანამდე გასაგები და მარტივად აღსაქმელი გზით, ვისაც ეს ეხება და აინტერესებს.
რას გულისხმობს გენდერული მონაცემები?
— წლევანდელი ჰაკათონის ფარგლებში გენდერული მონაცემები, როგორც უკვე აღვნიშნე, დროის გამოყენების სპეციფიკას უკავშირდება. ამაში იგულისხმება შინ და ზრუნვითი შრომა, დასვენება, გართობა, ბავშვების მოვლა, დასაქმება — ყველაფერი ის, რაშიც ადამიანები დროს ვხარჯავთ. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, თუ რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ამ აქტივობებში და რამდენად განსხვავებულია დროის განაწილება, თუნდაც იმის მიხედვით, ქალი დასაქმებულია თუ არა, ან მშობელია თუ არა. ეს კვლევა მონაცემების გზით გვაჩვენებს რეალობას აუნაზღაურებელი შრომის არათანაბარი განაწილების ირგვლივ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ტენდენციებს გვაცნობს.
საზოგადოებაზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმ პროექტებს რომლებიც გაიმარჯვებენ გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონში?
— მთავარი, რაც ამ ჰაკათონის შედეგად შეიქმნება, მონაცემთა შემოქმედებითი, ორიგინალური ვიზუალიზაციებია. გამარჯვებული გუნდები თავიანთ წვლილს შეიტანენ კვლევის შედეგების ვიზუალიზაციაში და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში. ეს კი, ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე.
რაც შეეხება ჰაკათონს, რომელიც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენას ეხება — რატომ გადაწყვიტეთ ამ საკითხზე ფოკუსირება? — გვესაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არსებობს.
— ციფრული სამყარო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როგორც ყველგან, აქაც ქალები და გოგოები განსაკუთრებით მოწყვლადები ვართ სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ. ჩაგვრის და ზიზღის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება, თუ ქალი პოლიტიკოსი, აქტივისტი ან რაიმე ფორმით საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ადამიანია. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის სიღრმისეულად ნაკვლევი და არც პრევენციისთვის საჭირო საკმარისი გადაწყვეტებია შემუშავებული. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა და ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა წაგვეხალისებინა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჰაკათონი სიძულვილის ენაზე და რა არის მისი მიზანი?
— ეს ჰაკათონი მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:
გააერთიანოს ქალთა უფლებებზე მომუშავე და ტექნოლოგიურ სფეროებში დასაქმებული ადამიანების ცოდნა, გამოცდილება და უნარები პრობლემასთან საბრძოლველად;
დღის წესრიგში დააყენოს ეს პრობლემა დეველოპერების, დიზაინერების, მკვლევრებისა და სხვა რელევანტური პროფესიონალების საქმიანობაში;
წაახალისოს ინოვაციური, ორიგინალური და გამოსადეგი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა პრობლემის ირგვლივ. მიზნების სწორედ ესაა, რომ საერთო პრობლემისთვის მოგვარების გზები ერთად ვეძებოთ.
რა სახის გადაწყვეტილებებს, ინოვაციურ მიდგომებს ელოდებით ჰაკათონში მონაწილე გუნდებისგან სიძულვილის ენის შემცირების ან სოციალურ ქსელებში კონტროლის თვალსაზრისით?
— ამ ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან:
მონაცემთა ვიზუალიზაცია: იქნება ეს ინფოგრაფიკები, ანიმაციები, დეშბორდები, ქვიზები თუ სხვა პროდუქტები;
ჩატბოტები;
ინტერაქციული ხელსაწყოები, როგორიცაა მთვლელები, ანალიზატორები, საძიებო პლატფორმები, მონიტორინგისა და დაკვირვების ციფრული სივრცეები თუ სხვა.
ვინ არის თქვენი პარტნიორი ამ კონკრეტულ ჰაკათონში? ვისთან ერთად მუშაობთ ამ ნაწილზე/მოდულზე და როგორია მათი წვლილი ამაში?
— სიძულვილის ენის წინააღმდეგ დაორგანიზებული ჰაკათონის პარტნიორი ევროპის საბჭოა.
DataFest Tbilisi რუსულ კანონზე: შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ მის დამარცხებაში
DataFest Tbilisi რუსულ კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის აღმოფხვრის როგორც საქართველოს საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას, ისე, ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.