ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება

მონაცემები, დიზაინი და ტექნოლოგიები — თანამედროვეობის ეს სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ქართულ ორგანიზაციაში, ForSet-ში ერთიანდება და საბოლოოდ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და კრეატიულ პროდუქტებად გარდაიქმნება. 

კომენტარის დატოვება
ForSet  — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება

მონაცემები, დიზაინი და ტექნოლოგიები — თანამედროვეობის ეს სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ქართულ ორგანიზაციაში, ForSet-ში ერთიანდება და საბოლოოდ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და კრეატიულ პროდუქტებად გარდაიქმნება. 

ForSet-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო მაჭარაშვილია. მან dev.ge-სთან ორგანიზაციის ღირებულებებზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

თავიდან ნინო ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობდა და თავს ამ პროფესიას დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდა. თუმცა, მაგისტრატურაზე სწავლისას გავლილმა ერთმა კურსმა მისი მიზნები შეცვალა — სწორედ ამ პერიოდში ნინომ დიდ ბრიტანეთში შემოქმედებითი და მედია საწარმოების პროგრამა გაიარა. 

ნინო მაჭარაშვილი
«ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ jobs.ge-ზე მონაცემთა ჟურნალისტისა და პროექტის კოორდინატორის ვაკანსია ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოთხწლიანი საბაკალავრო განათლება ჟურნალისტიკას ეხებოდა, მსგავსი ტერმინი არასდროს გამეგო». 

სრულფასოვანი ძიებისა და მოკვლევის შემდეგ ნინომ აღმოაჩინა, რომ მონაცემთა ჟურნალისტიკა სფეროა, რომელშიც მთელი პროცესი მონაცემებს ემყარება — ეს მათი მოძიების, გაანალიზების, ამბის დანახვისა და ადამიანებისთვის მარტივი ენით გადმოცემის ჟურნალისტიკაა. 

ნინო მაჭარაშვილი
«ამ მიმართულებამ ძალიან დამაინტერესა. არ შევუშინდი და 2012 წლის ბოლოს ჩემი აპლიკაცია ქართულ ორგანიზაციაში, JumpStart Georgia-ში გავაგზავნე. ჩემი მონაცემების ჟურნალისტიკითა და ტექნოლოგიებით დაინტერესება სწორედ აქედან იწყება». 

ნინო JumpStart Georgia-ში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც თავად გვიყვება, ორგანიზაცია სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებდა, რომელიც სამ გუნდად შეიძლება დაიყოს — მკვლევარ-ჟურნალისტები, დიზაინერები და პროგრამისტები. მას შემდეგ, რაც ჯამპსტარტის დირექტორმა პოზიცია დატოვა, ორგანიზაციის წევრებისთვის მძიმე, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო პერიოდი დაიწყო.

ნინო მაჭარაშვილი
«საბჭომ ახალი დირექტორი შეარჩია, რომლის ღირებულებებიც ჩვენგან განსხვავებული იყო. გადაწყვეტილების მიღების საჭიროების წინაშე დავდექით — ან უნდა დავშლილიყავით და საქმიანობა ინდივიდუალურად გაგვეგრძელებინა, ან ყველა ერთად წამოვსულიყავით და ჩვენი ორგანიზაცია დაგვეარსებინა». 

საბოლოოდ, JumpStart Georgia 10-მა ადამიანმა დატოვა და 2017 წლის მაისში ახალი ორგანიზაცია, ForSet დააფუძნა. ეტაპობრივად, მუშაობის არეალი გაფართოვდა — მხოლოდ ვიზუალიზაციებზე მუშაობის ნაცვლად, გუნდმა სხვადასხვა მიმართულების პროექტების გაკეთება დაიწყო. 

მათ შორის არის community building — მონაცემებით დაინტერესებული პროფესიული ქსელის შექმნა და განვითარება. მოგვიანებით საგანმანათლებლო პროექტებიც გააქტიურდა. 

ნინო მაჭარაშვილის თქმით, ForSet-ს ჰიბრიდული მოდელი აქვს — ისინი, როგორც კომერციულ, ასევე საგრანტო პროექტებზეც მუშაობენ. ერთი საერთო მახასიათებელი, რაც მათ ყველა პროექტს აქვს, არის ის, რომ თითოეულ მათგანს საფუძვლად საყოველთაო სიკეთე უნდა ედოს.

ნინო მაჭარაშვილი
«ჩვენ როგორც დამკვეთები, ასევე დონორებიც გვყავს. თუმცა, ყველას პარტნიორად მოვიხსენიებთ, რადგან ყველა პროექტს ერთი მიდგომით ვაკეთებთ. აუცილებელია, თითოეული პროექტი რაიმე სოციალურ თემატიკაზე იყოს დაფუძნებული». 

ნინო გვიხსნის, რომ ForSet-ის საქმიანობა შეიძლება 4 მიმართულებად დაიყოს:

მონაცემთა ვიზუალიზაცია — ამ მიმართულების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და მარტივად გასაგებ ფორმატში გარდაქმნაა. 

საგანმანათლებლო საქმიანობა — ეს მიმართულება მოკლე და ხანგრძლივ კურსებს აერთიანებს. ეს შეიძლება რამდენიმე საათიანი workshop ან ერთ წლიანი სასწავლო კურსი იყოს, რომლის ფარგლებშიც აქტიური მოქალაქეები, ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და მათ სწორად გამოყენებას სწავლობენ.

Civic tech — ეს მიმართულება ისეთი ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რომლებიც საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება. მაგალითად, ForSet-ის გუნდმა შექმნა პლატფორმა, Askgov.ge, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს საჯარო უწყებებიდან მონაცემების გამოთხოვა შეუძლია. 

Community building — ეს მიმართულება პროფესიული ქსელის შექმნასა და განვითარებას ემსახურება. ამის ნათელი მაგალითი DataFest Tbilisi-ია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთ სივრცეში აერთიანებს და ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. 

DataFest Tbilisi პირველად 2017 წელს ჩატარდა. როგორც ნინო გვიყვება, მისი უმთავრესი მიზანი მონაცემებით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. 

ნინო მაჭარაშვილი
«JumpStart-ში მუშაობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ აუცილებელია, ადამიანმა ვიწრო პროფესიული წრე გაარღვიოს და სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეხვდეს. სურვილის შემთხვევაში, მათ თანამშრომლობაც თავისუფლად შეუძლიათ — რეალურად DataFest Tbilisi-ის ჩატარების მთავარი მოტივატორი ეს იყო». 

ფესტივალის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება და ახლა მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. დამსწრეების რაოდენობის ზრდის გარდა, გაზრდილია ქართული პროფესიული წრეების კონტრიბუციის წილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ნინო მაჭარაშვილი

«პირველ წლებში ჩვენი სპიკერების უმრავლესობა უცხოელი იყო. ამ პერიოდში სტუმრებისგან აქტუალური უკუკავშირი იყო, რომ სცენაზე მეტი ადგილობრივი წარმომადგენლისა და პროფესიონალის ხილვა სურდათ. დღეს უკვე მარტივად შეიძლება ისეთი ქართველი სპიკერის პოვნა, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს».

ნინო მაჭარაშვილი DataFest Tbilisi 2022-ზე

ნინოს აზრით, მონაცემებზე დაფუძნებული საქმიანობა ნებისმიერ საქმიანობაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ჟურნალისტიკაში. მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძირითადი დისკუსია ინდივიდუალურ შეფასებებზე მოდის, ვიდრე ფაქტებით გამყარებულ მსჯელობაზე.

ნინო მაჭარაშვილი
«პრიორიტეტულია, ეს შეიცვალოს. დროა, რომ საზოგადოება, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაცემებზე დაფუძნებულ მსჯელობაზე გადავიდნენ და თავისი არგუმენტები ფაქტებით გაამყარონ. თუმცა ამას თავისი რისკებიც ახლავს. ხშირად უბრალოდ რიცხვის დასახელება არაფერს ცვლის. მონაცემების მოძიებას დაკვირვება და სიფრთხილე სჭირდება. ამასთან ერთად, რიცხვებით მანიპულაცია შესაძლებელია. ამიტომ აუდიტორიის მზაობა ისე უნდა გაიზარდოს, რომ კრიტიკული კითხვების დასმა ისწავლონ და მანიპულაციური მსჯელობები მარტივად აღმოაჩინონ. მიზანი სწორი მონაცემების სწორად გამოყენება უნდა იყოს».

ნინო მაჭარაშვილის თქმით, ForSet-ის მთავარი მისია იმ შესაძლებლობების საზოგადოებრივი სიკეთისთვის გამოყენებაა, რომელსაც ტექნოლოგიური წინსვლა გვთავაზობს. 

ნინო მაჭარაშვილი
«საზოგადოებას ისევე უნდა მიუწვდებოდეს ხელი ტექნოლოგიურ წინსვლასთან დაკავშირებულ სიკეთეებთან, როგორც სხვა აქტორებს, მაგალითად, კერძო კომპანიებსა და მთავრობებს. ჩვენი მიზანი ამ სხვაობის შემცირებაა». 

ნახეთ ForSet-ის პროექტები და ნამუშევრები მათ საიტზე.



ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
როგორ იყენებენ დიზაინერები და არქიტექტორები ხელოვნურ ინტელექტს
როგორ იყენებენ დიზაინერები და არქიტექტორები ხელოვნურ ინტელექტს
როგორ იყენებენ დიზაინერები და არქიტექტორები ხელოვნურ ინტელექტს
ავტორი: ალესია კარნაუხოვა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  ხელოვნური ინტელექტი სულ ურო  ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. მისი სწრაფი განვითარება იწვევს მითქმა-მოთქმას ზოგიერთი პროფესიის გაქრობის შესახებ, რომელიც ადვილად შეიძლება ჩაანაცვლოს მანქანურმა გონებამ. მას არ შეუძლია, სრულად შეცვალოს ადამიანური აზროვნება, მაგრამ შეუძლია, მნიშვნელოვნად გაამარტივოს რუტინული სამუშაო და გახდეს კრეატიულობის შთაგონების წყაროც კი. ნეიროქსელებთან მუშაობა არქიტექტორებმა და დიზაინერებმაც დაიწყეს. რით შეიძლება იყოს ის მათთვის სასარგებლო და როგორ უნდა გამოიყენონ მისი პოტენციალი მაქსიმალურად — ZIKZAK Architects-ის გუნდი მოგიყვებათ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის  მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
თუ თქვენ მონაცემთა მეცნიერებას სწავლობთ, მათემატიკაში კარგი საფუძვლის შექმნა თქვენს სასწავლო მოგზაურობას უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.