ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ბექა მაისურაძესტარტაპები
28 ოქტომბერი 2022, 16:45
2022-10-28
Lingwing — "მსურდა, მამას ინგლისური ესწავლა, ახლა 270 000 მომხმარებელი გვყავს"
თანამედროვე სამყარო მთლიანად დროის დაზოგვაზეა გადასული — ნელ-ნელა მივდივართ იმისკენ, რომ ყველაფერი ადამიანის საჭიროებებზე იყოს მორგებული. დრო არის ის, რაც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და თითქმის არასდროს გვყოფნის.
სწორედ ამის გამოც, ახალი ენების ონლაინ შესწავლა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ვახტანგ ველიაშვილმა ამაზე ფიქრი გაცილებით ადრე დაიწყო. 2011 წელს მან პლატფორმა teach.ge დააფუძნა. მიზეზი მარტივი იყო — სურდა მამას ინგლისური ესწავლა.
ველიაშვილი იხსენებს, რომ ციფრული მოწყობილობებით თინეიჯერობიდან იყო დაინტერესებული და მუდმივად ცდილობდა, ეს ინტერესი დაეკმაყოფილებინა.
მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცოდა სტარტაპის მნიშვნელობა, teach.ge-მ მოახერხა და მასობრივი ინტერესის საგნად იქცა. სწორედ გაზრდილი ინტერესი გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანიამ რებრენდინგი დაიწყო და საბოლოოდ მივიღეთ Lingwing, სადაც დღეს უკვე 270 ათასზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული. ამ რაოდენობის მომხმარებლებისთვის კომფორტული და დახვეწილი სასწავლო პროგრამის შექმნაზე კი სულ ათი ადამიანი მუშაობს.
Lingwing.com-ზე შვიდი ენის: ინგლისურის, გერმანულის, ესპანურის, იტალიურის, რუსულის, ფრანგულისა და ქართულის სწავლა შეგიძლიათ.
უცხო ენების შემსწავლელი საიტი და აპლიკაცია თავის თავში რამდენიმე ტიპის დავალებას აერთიანებს, მათ შორის: თარგმანი, კარნახი, დიალოგი, გრამატიკა და შეცდომების გასწორება. სპეციალურად ამ პროდუქტისთვის შექმნილი კოდი სხვადასხვა მხრიდან უდგება მომხმარებელს, იმახსოვრებს მის შეცდომებსა თუ პროგრესს და სწორედ ამის მიხედვით იმეორებს დავალებებს.
საიტს/აპლიკაციას ძირითადად საქართველოში მცხოვრები ან ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეები მოიხმარენ. ველიაშვილის თქმით, მიზეზი, რის გამოც, Lingwing წარმატებული პროდუქტია, არის ის, რომ აქ ენის სწავლებას არ უყურებენ, როგორც პედაგოგები. პირიქით, მომხმარებლის ინტერესებზე მორგება ხდება მათი ჩართულობით და მათი პერსპექტივიდან.
პანდემიამ და სახლში გამოკეტვამ ბევრი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ შესაძლებელია ეს დრო სასარგებლოდაც გამოიყენოს. ამაზე მოწმობს ისიც, რომ კარანტინის დროს Lingwing-ის მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა.
თუმცა, ვახტანგ ველიაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიკავონ.