ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გაიცანით სტეფანე გურგენიძე — 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Amazon-დან

ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ტექნოლოგიებს უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას საგრძნობლად ზრდის. 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სტეფანე გურგენიძემ, ასეთ კონკურენტულ გარემოში უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა — ის ჯერ Microsoft-ში მუშაობდა, ახლა კი Amazon-ის გუნდის წევრია.

კომენტარის დატოვება
გაიცანით სტეფანე გურგენიძე — 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Amazon-დან

ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ტექნოლოგიებს უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას საგრძნობლად ზრდის. 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სტეფანე გურგენიძემ, ასეთ კონკურენტულ გარემოში უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა — ის ჯერ Microsoft-ში მუშაობდა, ახლა კი Amazon-ის გუნდის წევრია.

სტეფანე გურგენიძემ dev.ge-სთან თავის გამოცდილებებზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

სტეფანე გურგენიძე ქუთაისში დაიბადა. მისი ტექნოლოგიურ სფეროში წარმატების ისტორია კი თავისუფალი უნივერსიტეტიდან იწყება — მან კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. როგორც თავად გვიყვება, წელიწადნახევარი Microsoft-ში საქართველოდან მუშაობდა. საჭირო გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი ესპანეთში, ბარსელონაში გადავიდა და საქმიანობა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტექ კომპანიაში, Amazon-ში განაგრძო.

როგორც თავად ამბობს, მისი შთაგონების წყარო და მთავარი მამოძრავებელი IT სფეროში ისეთი პროდუქტების შექმნის სურვილი იყო, რომელიც ადამიანების ცხოვრებასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დადებითად შეცვლიდა.

სტეფანე გურგენიძე
«ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ამ სფეროში რაღაც ისეთის შექმნა შემეძლო, რაც ადამიანების ცხოვრებას შეცვლიდა. ისეთი პროდუქტების შექმნა მსურდა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენებდნენ. პრინციპში, Azry-შიც, Microsoft-შიცა და ახლა უკვე Amazon-ში ისეთ პროდუქტებზე მუშაობა მიწევდა, რომლებსაც დღეს უამრავი ადამიანი იყენებს».

სტეფანე უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა, ამიტომ ხარისხის აღებამდე სამსახურის აქტიურად დაწყებას ერიდებოდა. სწავლის პარალელურად, ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Azry და Microsoft, პრაქტიკულ გამოცდილებასაც აგროვებდა. 

სტეფანე გურგენიძე
«ოთხი წელი უნივერსიტეტში სწავლის პროცესში სრულად ვიყავი ჩართული. ამის პარალელურად კი პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვაგროვებდი. გარდა ამისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვასწავლიდი. მაგალითად, თავისუფალ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტებში ასისტენტი ლექტორი ვიყავი».

ყველასთვის ცნობილია, რომ ტექნოლოგიების სფერო სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსეა. მათთან გამკლავება კი მოთმინებას, შრომასა და დროს მოითხოვს. გამონაკლისი არც სტეფანე გურგენიძეა, რომელიც საქმიანობის მანძილზე ბევრ სირთულეს ხვდება. როგორც თავად ამბობს, მთავარი დაბრკოლება, რომელსაც ყველაზე ხშირად ხვდება, პირველივე ცდაზე სასურველი შედეგის მიუღწევლობაა, რომლის გამოსწორების ერთადერთ გზად მოთმინებასა და დაუღალავად მუშაობას მიიჩნევს.

სტეფანე გურგენიძე
«ხშირად მუშაობის პროცესში მთავარი სირთულე ის არის, რომ ის, რასაც აკეთებ პირველ ჯერზე არასდროს მუშაობს. ამიტომ დიდი შრომა გიწევს, რათა ხარვეზები გამოასწორო და საბოლოოდ მისაღები პროდუქტი დადო. რთულია, როცა ერთი და იმავეს დიდი ხნის განმავლობაში უტრიალებ და დარწმუნებულიც არ ხარ, რომ სასურველ შედეგს მიიღებ. მაგრამ არ უნდა მოეშვა, რადგან საბოლოოდ ხარვეზს აუცილებლად აღმოაჩენს და სასურველ შედეგზეც გახვალ».

სტეფანემ dev.ge-სთან იმ მნიშვნელოვან პროექტზეც ისაუბრა, რომელზეც  Amazon-ში მუშაობს. როგორც გვიყვება, ის და თავისი გუნდი ერთ კონკრეტულ პროექტზე არიან პასუხისმგებელნი — მათ იმ მოწყობილობების ქსელურად გამართვა ევალებათ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით Amazon-ის საწყობებშია.

სს
სტეფანე გურგენიძე
«ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია, რადგან ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები Amazon-დან იწერენ, კომპანიის საწყობებში თავსდება. ამ პროდუქტების მოვლა-პატრონობა, დახარისხება და გადანაწილება სხვადასხვა მოწყობილობებით ხდება. ჩვენი გუნდი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ეს ზედამხედველი მოწყობილობები ყოველთვის გამართულად მუშაობდეს».

სტეფანე გურგენიძე 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მასშტაბური კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე წარსდგა — საუბრისას საინტერესო დეტალი გამოყო და აღნიშნა, რომ საქართველოში მუშაობისას გაცილებით რთული დავალებების შესრულება უწევდა, ვიდრე ევროპაში. როგორც თავად ამბობს, საქართველოში მუშაობისას ხშირად პრობლემის გადაჭრა სრულიად დამოუკიდებლად უწევდა, რაც, მაგალითად, Amazon-ში იშვიათობაა.

სტეფანე გურგენიძე
«იქიდან გამომდინარე, რომ Amazon გიგანტი კომპანიაა სტრუქტურულად ძალიან დაყოფილია და ყველა საქმიანობა სპეციალიზებულია. გადაწყვეტილებების მიღება უფრო მაღალ დონეებზე ხდება და ჩვენ უკვე ამ გადაჭრილი პრობლემების იმპლემენტაცია გვიწევს. თავის მხრივ, Azry-ში ამ ყველაფრის ნაწილი თავად ვიყავი და პრობლემების გადაჭრაც დამოუკიდებლად მიწევდა. შესაბამისად, ფიქრის პროცესი უფრო მეტად საჭირო იყო საქართველოში, ვიდრე ევროპაში».

სტეფანე დამწყებ დეველოპერებს, რომლებსაც დიდი ამბიციები აქვთ, სირთულეებისთვის მომზადებასა და შეგუებას ურჩევს. როგორც ამბობს, კომპანიისგან მიღებულმა უარმა არ უნდა შეგაჩეროს — პირიქით, უნდა მოახერხო, რომ შენ სასარგებლოდ გამოიყენო.

«დეველოპერები საწყის ეტაპზე მზად უნდა იყვნენ, რომ ბევრი შრომა მოუწევთ. ნებისმიერ დიდ კომპანიაში გასაუბრების პროცესი სპეციფიკურია და ბევრ დეტალს მოიცავს. უნდა შეეგუონ, რომ შეიძლება ბევრი უარი მოუვიდეთ. მთავარია არ გაჩერდნენ, რადგან, ადრე თუ გვიან, მიიღებენ პასუხს, რომელიც მათ დააკმაყოფილებთ». — ამბობს სტეფანე. 

სტეფანე გურგენიძემ საუნივერსიტეტო ხარისხის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელ IT ინდუსტრიაში შეიძლება დიპლომი გადამწყვეტი არ იყოს, თუმცა, უნივერსიტეტის დასრულება დისციპლინისა და თავდაჯერებულობის გამომუშავებაში გეხმარება.

სტეფანე გურგენიძე
«წარმოდგენა, რომ დიპლომის გარეშე ვერ დასაქმდები, ცხადია, მცდარია, რადგან ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის დამთავრება დისციპლინის გამომუშავებაში გეხმარება და მეტად თავდაჯერებულიც ხარ, როცა იცი, რომ ძირითადი საწყისები გავლილი და ნასწავლი გაქვს».

სტეფანემ თქვა, რომ მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლება წარმატების საწინდარი ვერ გახდება, თუ ცოდნას პრაქტიკული გამოცდილებითაც არ შეუწყობ ხელს.

სტეფანე გურგენიძე
«მუშაობისთვის სულ სხვა უნარები და ცოდნა გჭირდება, რომელიც თავად უნდა გამოიმუშაო. უნივერსიტეტი თეორიული ცოდნისთვის კარგია, თუმცა პრაქტიკული უნარებზე თავად უნდა იმუშაო — ეს შეიძლება სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირების გავლა ან უკვე დასაქმება იყოს».

სტეფანე საკუთარ მომავალს საქართველოს უკავშირებს — სურს, რომ დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა თავისი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს. 

სანდრო ჯიქურიძე - 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე
სანდრო ჯიქურიძე — 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე
თემის მიხედვით
სანდრო ჯიქურიძე — 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე


ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.