ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
17 ნოემბერი 2022, 11:55
2022-11-17
ამაზონში თანამშრომლების შემცირება იგეგმება, რადგან გაყიდვები შენელებულია
გავრცელებული ინფორმაციით, Amazon ეტაპობრივად ემზადება სამუშაო ადგილების შემცირებისთვის, გაყიდვების შენელებისა და ეკონომიკური ვარდნის გამო, რომელიც გავლენას «სილიკონის ველის» სხვა გიგანტ წარმომადგენლებზეც ახდენს.
ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემცირება შესაძლოა შეეხოს კომპანიის თანამშრომლების დაახლოებით 3%-ს, ანუ 10 000 ადამიანს.
მოსალოდნელია, რომ შემცირება, ძირითადად, შეეხება ისეთ განყოფილებებს, როგორებიცაა პერსონალური მოწყობილობები და ელექტრონული კომერცია.
კომპანიამ ასევე შეაჩერა ადამიანების დაქირავება და საწყობების გაფართოება. Amazon-მა ეს იმით ახსნა, რომ პანდემიის პერიოდში მოუხდა ზედმეტი პერსონალის დაქირავება.
ასევე, გადაიდგა ნაბიჯები ბიზნესის ზოგიერთი ნაწილის დახურვისკენ. მაგალითად, გაუქმდა ისეთი პროექტი, როგორიცაა «პირადი მიწოდების რობოტი».
გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ ხარჯების შემცირება მათი მთავარი ფოკუსი იქნება.
«წლევანდელი მიმოხილვის ფარგლებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ არსებულ მაკროგარემოს და განვიხილავთ ხარჯების შემცირების შესაძლებლობებს», — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
პანდემიის შემდეგ ონლაინ გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარედ რჩება, თქვა, რომ უკვე ცვლილებების დრო იყო.
Amazon უერთდება სხვა ტექნიკური კომპანიების რიგს, რომლებმაც შეამცირეს სამუშაო ადგილები. სიაში შედის Meta — Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მშობელი კომპანია, რომელმაც ასევე ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეამცირებს 11,000 სამუშაო ადგილს, რაც ყველაზე დიდი შემცირებაა კომპანიის არსებობის ისტორიაში.
საერთო ჯამში, აშშ-ში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2022 წელს 28 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირეს, რაც 2021 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.