ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაფინანსები
17 აგვისტო 2023, 16:31
2023-08-17
რა არის მაღალრისკიანი ინვესტიციები და რა იცვლება საპენსიო დანაზოგების სისტემაში
2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.
დაგროვებითი პენსიის შესახებ 2018 წელს მიღებული კანონის თანახმად, პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხდებოდა. 2023 წლის 6 აგვისტოდან კი ხელმისაწვდომი გახდა საშუალო და მაღალრისკიანი ინვესტიციებიც.
საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგები ახლა, ავტომატურად, ასე განაწილდა:
სქემაში გაწევრიანების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ [მაღალრისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ [საშუალორისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ [ნაკლებადრისკიან] საინვესტიციო პორტფელში.
დაბალი რისკიანობის საინვესტიციო პორტფელი სტაბილური მომგებიანობით ხასიათდება, რადგან ის უმეტესად საპროცენტო ინსტრუმენტებს (როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები) მოიცავს, ხოლო უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი პორტფელის 20%-მდეა შეზღუდული.
ამ პორტფელში თანხები შემდეგნაირადაა განაწილებული:
საბანკო დეპოტიზები ლარში — 60%;
უცხოური აქციები — 20%;
სახაზინო ობლიგაციები — 20%.
საშუალორისკიანი პორტფელი:
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში დაგროვებული დანაზოგები უმეტესად უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირდება. ამასთან, დასაშვებია საპროცენტო ინსტრუმენტებში (დეპოზიტები, ობლიგაციები) ინვესტირებაც, თუმცა შედარებით მცირე წილით. ამ ტიპის პორტფელი გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი, მზარდი მომგებიანობით ხასიათდება, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ. აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო, ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკი.
მზარდ, ანუ მაღალრისკიან პორტფელში აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება ხორციელდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში.
«დაგროვებითი პენსიის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კერძოდ, აქციების მაქსიმალური ლიმიტი 60%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია. შესაბამისად, მაღალრისკიან პორტფელში შემცირებულია სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა 50%-მდე და ფულადი სახსრები და დეპოზიტების წილი 25%-მდე.
ანუ:
საბანკო დეპოტიზები ლარში — 55%;
უცხოური აქციები — 25%;
სახაზინო ობლიგაციები — 20%.
საშუალორისკიანი, ანუ შერეული პორტფელი ზემოთ ჩამოთვლილი ორი ტიპის ნაზავს წარმოადგენს. საშუალორისკიან პორტფელში შეიძლება უცხოურ აქტივთა წილი 40%-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, «ალტერნატიული» აქტივების კლასში ინვესტირება შერეული პორტფელის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი.
საბანკო დეპოტიზები ლარში — 45%;
უცხოური აქციები — 35%;
სახაზინო ობლიგაციები — 20%.
საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო დირექტორმა, გიორგი მელიქიძემ 16 აგვისტოს ჩატარებულ განმარტებით ვებინარზე თქვა, რომ 6 სექტემბრამდე არსებული ფანჯარა დროებითია. ეს ვადა გაუქმდება — შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება უკვე მზად არის. ამის შემდეგ საპენსიო სქემის მონაწილეს შეეძლება, ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი პორტფელი. ცვლილებები ძალაში 1 წლის განმავლობაში დარჩება.
1-წლიან პერიოდს გიორგი მელიქიძე ჩაკეტვის პერიოდს უწოდებს, ამბობს, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისი ტრანზაქციები განხორციელდეს — ეს ყველაფერი კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული.
საპენსიო სქემის მონაწილეს არ შეუძლია, თავად გაანაწილოს პროცენტული წილები ამა თუ იმ პორტფელში. ასევე, ვერ აირჩევს, რომელი კომპანიების და ფონდების აქციები მოხვდება მის მფლობელობაში — ამას საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო წყვეტს.
საბჭოში 4 წევრია: ბრიტანელი, ფრანგი და ფინელი ფინანსისტები. ისინი განსაზღვრავენ, რომელ ფონდებსა და აქციებში მოხდება მოქალაქეთა თანხების ინვესტირება.
გიორგი მელიქიძის თქმით, პორტფელის ალოკაცია შემთხვევით არ ხდება.
გიორგი მელიქიძე ასევე ამბობს, რომ საბჭო ადგენს ოპტიმალურ პორტფელებს, რომლებმაც უნდა გაამართლოს და მოგება მოიტანოს.
თანხები სხვადასხვა პროცენტულობით დაბანდდება S&P 500-ის აქციებში.
ასევე, როგორც მელიქიძე ამბობს, შესყიდული აქვთ ლათინური ამერიკის, კანადის, განვითარებული აზიის, ავსტრალიისა და ევროპის ფონდები.
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს.
ყველაფერი, რაც საინვესტიციო რისკებზე უნდა ვიცოდეთ — ფინანსისტის განმარტებები
ფინანსისტმა, თბილისის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდიანმა დეტალურად უპასუხა საპენსიო დანაზოგების ინვესტირების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს.
დათქმა: გამოყენებული ტერმინები და განმარტებები ხშირად გამარტივებულია ტექსტის ადვილად აღქმის მიზნით.
წინამდებარე განმარტებები არ არის საინვესტიციო რჩევა.