ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაფინანსები
26 აგვისტო 2023, 10:36
2023-08-26
ყველაფერი, რაც საინვესტიციო რისკებზე უნდა ვიცოდეთ — ფინანსისტის განმარტებები
ფინანსისტმა, თბილისის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდიანმა დეტალურად უპასუხა საპენსიო დანაზოგების ინვესტირების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს.
დათქმა: გამოყენებული ტერმინები და განმარტებები ხშირად გამარტივებულია ტექსტის ადვილად აღქმის მიზნით.
წინამდებარე განმარტებები არ არის საინვესტიციო რჩევა.
რისკი გაურკვევლობას ნიშნავს, რაც შეიძლება, ინვესტორს ხარჯად ექცეს. რისკის მრავალი სახიდან, ზოგ შემთხვევაში ის დაკარგვის ალბათობაა, ზოგში — ფასის მერყეობის. მაგალითად, თუ A და B აქცია საშუალოდ წლიურ 12% მოგებას აგენერირებს, მაგრამ A უფრო სტაბილური და ნაკლებად მერყევია, გონიერი ინვესტორი მას მიანიჭებს უპირატესობას, როგორც სტაბილურ ინვესტიციას. B აქციამ კი უფრო მაღალი შემოსავალი უნდა შესთავაზოს ინვესტორს, რათა A-სთან შედარებით მიმზიდველი გახდეს. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში რისკი ფასის მერყეობის ალბათობაა, რაც შეიძლება ღირებულების დანაკარგს ნიშნავდეს, თუ ვოლატილობა ფასის კლებაში რეალიზდება.
მეტი რისკი = მეტი შემოსავალი?
შემოსავალი რისკის ფუნქციაა: რაც მეტია რისკი, მით უფრო მაღალი შემოსავლით უნდა დაკომპენსირდეს. ინვესტორი (ჩვენ) ინვესტირებამდე აფასებს მოსალოდნელ რისკს და მოსალოდნელ მომგებიანობას და მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი კომბინაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველას განსხვავებული მიმღებლობა (ტოლერანტობა) გვაქვს რისკის მიმართ. ჩვენი ტოლერანტობისთვის ზღვრულზე მაღალ რისკს მაღალი შემოსავალი ვეღარ აკომპენსირებს. ამიტომ არ გამოგადგებათ სხვისი მაგალითი — სად დააბანდებთ თანხას, ეს გადაწყვეტილება რისკისადმი თქვენი მიმღებლობიდან გამომდინარე უნდა მიიღოთ.
არსებობს სხვა შემზღუდავი ფაქტორებიც. დაგროვებითი საპენსიო სქემის შემთხვევაში ეს არის დრო — თუ თქვენს საპენსიო ასაკამდე დიდი დროა დარჩენილი, რისკისადმი ამტანობაც უფრო მაღალი გაქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, ფასების არასასურველი მერყეობის შემთხვევაში მეტი დრო გაქვთ, თქვენმა საპენსიო პორტფელმა ღირებულება აღიდგინოს.
კიდევ რა რისკები არსებობს?
ბუნებაში არსებული მრავალი რისკიდან საცალო (ფ/პ) ინვესტორი ყველაზე აქტიურად აწყდება შემდეგ რისკებს:
სავალუტო რისკი — რისკი, რომ ინვესტიციის დენომინაციის ვალუტა გაუფასურდება და ამის ხარჯზე გააუფასურებს დანაზოგს. მიაქციეთ ყურადღება, რა ვალუტაშია დაბანდებული თქვენი დანაზოგი და რამდენად ენდობით მას;
საკრედიტო რისკი — ამ შემთხვევაში: ობლიგაციის, სადეპოზიტო სერტიფიკატის გამომშვები ორგანიზაციის დეფოლტის (დაახლოებით იგივეა, რაც გადახდისუუნარობა) რისკი. ამ რისკისგან გიცავთ მაღალი რეიტინგის მქონე ემიტენტი (ინსტრუმენტის გამომშვები) + დივერსიფიკაცია. კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი თქვენი უმთავრესი დაზღვევაა.
კრიზისების დროს იზრდება ყველა რისკის გავლენაც, ასევე მათი ურთიერთდამოკიდებულებაც. ამ ეფექტის შემცირებაში მთავარი როლი დიდ დროით ჰორიზონტს უჭირავს — რაც უფრო დიდია ვადა საპენსიო ასაკამდე, მით მეტია აღდგენის და მომგებიანი შედეგით დასრულების შანსი;
ქვეყნის (სუვერენული) რისკი — დაბანდების ქვეყანაში არსებული, იმ ქვეყნისთვის სპეციფიკური რისკების ერთობლიობა. აქ შედის კორუფციული გადაწყვეტილებების, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების, დავების არადროულად და არასათანადოდ გადაწყვეტის და სხვა თანმდევი რისკები. აღნიშნული რისკის დაზღვევის მექანიზმია, დააბანდოთ მაღალი დემოკრატიის ინდექსის მქონე ქვეყანაში, ან ისეთ ქვეყანაში, რომლის რისკების შეფასებაც შეგიძლიათ.
რა არის დივერსიფიკაცია?
ალბათ გაგიგიათ გამოთქმა: «ნუ ჩადებთ ყველა კვერცხს ერთ კალათში». რისკის შემცირების ამ გზას დივერსიფიკაცია ჰქვია.
თუ თქვენ მთელ დანაზოგს ერთი წყაროსკენ მიმართავთ, დეფოლტის შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოთ. დანაზოგების საკმარისად გადანაწილების შემთხვევაში კი თქვენ თითქმის (!) დაზღვეული ხართ. საკმარისად გადანაწილება ნიშნავს არა მხოლოდ სხვადასხვა კომპანიებში, არამედ ინვესტიციის სხვადასხვა სექტორებში, დარგებში, ქვეყნებში, ინსტრუმენტებში და ვალუტებში გადანაწილებას.
ინდექსი და ფონდი
იყო დრო, როდესაც საკმარისად კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნას დიდი თანხა სჭირდებოდა. რამდენიმე ათწლეულია, ეს პრობლემა ინდექსებმა და საერთო ფონდებმა გადაჭრა.
ინდექსი არის გარკვეული პოლიტიკის (მანდატის) ფარგლებში შექმნილი წარმოსახვითი პორტფელი. მაგალითად, ინდექსი S&P 500 (ეს ენ პი ფაივ ჰანდრიდ) არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საინვესტიციო სააგენტოს — Standard & Poor’s-ის მიერ შექმნილი პორტფელი, რომელშიც შედის ამერიკის ბირჟებზე წარმოდგენილი 500 უმსხვილესი კომპანიის აქცია. Standard & Poor’s ყოველდღიურად ითვლის ამ პორტფელის მომგებიანობას და აქვეყნებს.
ეს პორტფელი მხოლოდ «ქაღალდზე» არსებობს. თუმცა, მის საფუძველზე ნამდვილი პორტფელის შექმნა ყველა მსურველს შეუძლია, საკმარისი კაპიტალის/დანაზოგის ქონის შემთხვევაში.
ასეთი პორტფელის უდავო უპირატესობებია:
კარგი დივერსიფიკაცია კომპანიების და სექტორების დონეზე;
ფინანსური სიძლიერე (ვინაიდან მასში აშშ-ს უმსხვილესი კომპანიები არიან წარმოდგენილნი);
საშუალოდ საკმაოდ მაღალი ამონაგები.
საერთო ფონდი (mutual fund, საპაიო ფონდი) კი დიდი და დივერსიფიცირებული პორტფელია, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ წილი შეიძინონ. ამ წილის შეძენით ინვესტორი იღებს დივერსიფიკაციის ყველა სარგებელს, მ. შ. პორტფელის მომგებიანობის შესაბამის პორციას.
ფონდი შეიძლება იმართებოდეს პასიურად, რომელიმე ინდექსის მიმიკრიით.
არსებობს რამდენიმე ცნობილი ფონდი, რომლებიც S&P 500-ის მანდატის კოპირებით შეიქმნა და ათწლეულებია არსებობენ: ფიდელითი, ვანგარდი, შვაბი, სპაიდერი და სხვ.
რა ითვლება რისკიან და მაღალრისკიან ინვესტიციად?
ყველა ინვესტიცია, მყარი ეკონომიკის ძლიერ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან უძრავ ქონებაში დაბანდებამდე, რისკიანია. ურისკოდ ითვლება ამერიკის სახაზინო ვალდებულებებში ინვესტირება. რაც უფრო ნაკლებად მერყევი და ლიკვიდურია აქტივი, უფრო ნაკლებრისკიანია ის, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი აქტივის შემოსავლიანობაც დაბალია.
აქციები შედარებით უფრო მაღალრისკიანია, ვიდრე ფული, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები და ობლიგაციები, თუმცა აქაც არსებობს გრადაცია. წამყვან ინდექსებში მაღალი რეიტინგის, საინვესტიციო ხარისხის მქონე აქციები ხვდება. შესაბამისად, წამყვანი ინდექსები არ ითვლება მაღალრისკიან ინვესტიციად და საპენსიო დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბანდების უალტერნატივო წყაროა.
მაღალრისკიან, ანუ სპეკულაციურ აქტივებში ითვლება დაბალი საკრედიტო რეიტინგი მქონე ინსტრუმენტები, ასევე დაბანდების ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა ჰეჯ-ფონდები, კერძო ინვესტიციები, ზოგიერთ სამომხმარებლო საქონელი.
რა განსხვავებაა დაბალ-, საშუალო- და მაღალრისკიან პორტფელებს შორის?
თანდართული სქემის ზედა ნაწილში თქვენ ნახავთ, როგორ გადანაწილდება საპენსიო დანაზოგი აქტივების სამ კატეგორიაში. მესამე კატეგორიის პორტფელს (ე.წ. მაღალრისკიანს) დანარჩენი ორისგან განასხვავებს უცხოურ აქციებში მზარდი ინვესტირება, ადგილობრივი საბანკო დეპოზიტების ხარჯზე.
რამდენად მაღალრისკიანია «მაღალრისკიანი» პორტფელი?
ამისთვის ჩავხედოთ, რა აქტივები მოიაზრება უცხოურ აქციებში. აქ ვხედავთ, რომ ინვესტირება ჩაფიქრებულია 4 გლობალურ ინდექსში. ამ ინდექსების შემოსავლიანობა თანდართული გრაფიკების ქვედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ. ყველაზე შემოსავლიანი SPDR S&P 500 ETF არის, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ინდექსებზე საუბრისას. დანარჩენი ნაკლებშემოსავლიანი ინდექსები გლობალური დივერსიფიკაციის სურვილის შედეგია.
საპენსიო დანაზოგების ინვესტირების საუკეთესო პრაქტიკა — რას გვეუბნება საერთაშორისო გამოცდილება?
საპენსიო აქტივების დაბანდების ხასიათს მისი ზომიერი რისკის და დიდი დროითი ჰორიზონტის ბალანსი განაპირობებს. ერთი მხრივ, საპენსიო აქტივების რისკიანობამ საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს ინვესტორისთვის აგრერიგად მნიშვნელოვანი დანაზოგების შენარჩუნება და უნდა უზრუნველყოს ამ აქტივების ზომიერი ზრდა. მეორე მხრივ, დიდი დროითი ჰორიზონტი იძლევა რისკის აღების საშუალებას. შესაბამისად, ისეთ საპენსიო პორტფელზე, რომლის ვადის ბოლომდე 20+ წელია დარჩენილი, ზომიერი რისკის აღება მიზანშეწონილად ითვლება. ასეთი მახასიათებლების ტიპურ პორტფელში არასპეკულაციური აქციების წილის ნახევარი ან მეტია ხოლმე. საპენსიო ასაკის მოახლოებასთან ერთად აქციების წილი მცირდება და იზრდება ნაკლებადრისკიანი აქტივების (მაგ. მაღალრეიტინგული ობლიგაციების, ფულადი ინსტრუმენტების) წილი.
რა შემთხვევაში არის გამართლებული აქციებში და ინდექსებში ინვესტირება?
აქციებში ინვესტირებისას რამდენიმე უნივერსალური რჩევა არსებობს:
შექმენით დივერსიფიცირებული პორტფელი. ინდექსი ამის საშუალებას მოგცემთ;
ნუ შეეცდებით ბაზრის მიმართულების გამოცნობით მოგების მიღებას. ეს გამოცდილ ტრეიდერებსაც არ გამოსდით ხშირად. პასიური ინვესტიცია ყველაზე გონივრული არჩევანია;
დააბანდეთ ყოველთვიურად, მუდმივად. ნუ დაელოდებით ბაზარზე ხელსაყრელ მომენტს, რომლის გამოცნობაც ძალიან რთულია;
რაც უფრო დიდი დროით შეგიძლიათ თანხის შენახვა ისე, რომ არ დაგჭირდებათ მისი გამოყენება, მით მეტია თქვენი ტოლერანტობა რისკისადმი. შესაბამისად, თქვენი პორტფელის მეტი წილი შეგიძლიათ განათავსოთ აქციებში;
მოერიდეთ რისკიან აქციებს და ნებისმიერ მაღალრისკიან ინვესტიციას — ის დიდ ცოდნას და ექსპერტიზას მოითხოვს.
და ბოლოს, შევიცვალოთ თუ არა პორტფელი? რომელ პორტფელში დავაბანდოთ თანხა?
ამ კითხვაზე პასუხი მეტად ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ინვესტორის რისკის მადაზე, საინვესტიციო ჰორიზონტზე (რამდენი წელი გაშორებთ საპენსიო ასაკს) და მრავალგვარ შემზღუდავ ფაქტორებზე.
ზემოთქმული მიზეზებით და პროფესიული ეთიკის კოდექსით, ზოგადი რჩევის გაცემის საშუალება და უფლება არ მაქვს.