რა არის Temu - ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია ამერიკაში
ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული უფასო აპლიკაცია აშშ-ში App Store-სა და Google Play-ზე, არა TikTok, Youtube ან Instagram, არამედ სავაჭრო Temu-ა, რომელიც ოთხი თვის წინ არც კი არსებობდა.
ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული უფასო აპლიკაცია აშშ-ში App Store-სა და Google Play-ზე, არა TikTok, Youtube ან Instagram, არამედ სავაჭრო Temu-ა, რომელიც ოთხი თვის წინ არც კი არსებობდა.
Temu სოლიდურ ფასდაკლებას უამრავ პროდუქტზე გთავაზობთ, რომლებიც, ძირითადად, ჩინური ქარხნებიდან და საწყობებიდან იგზავნება. წარმოუდგენლად დაბალი ფასების გარდა, Temu-ს პოპულარობას საინტერესო სტრატეგიაც განსაზღვრავს — აპლიკაცია მომხმარებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში მის პოპულარობაზე ზრუნავენ, არეგისტრირებენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, უფასო საჩუქრებს უკეთებს.
ზოგადი სურათი მშვენიერი და მისაღებია, მაგრამ Temu-ს შიდა სამზარეულო არც თუ ისე დალაგებულია. აპლიკაციის გამოშვებიდან ნახევარი წელიც არ არის გასული და Temu-ს უკვე შელახული რეპუტაციის აღდგენასა და განვითარებაზე ზრუნვა უწევს.
არმიტანილი და არასწორად მიტანილი შეკვეთები, იდუმალი გადასახადები, მომხმარებლების უპასუხოდ დატოვებული წერილები — ეს იმ საჩივრების ძირითადი თემებია, რომლებსაც მომხმარებლები Better Business Bureau-ში (კერძო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებასინფორმაციას ბიზნესისა და ქველმოქმედების შესახებ აწვდის) აგზავნიან. Temu-მ უკვე 30-ზე მეტი საჩივარი მიიღო და BBB-ზე რეიტინგი 1.5 ვარსკვლავზე დაბალი აქვს.
«ისინი შეკვეთების მიტანას ჰპირდებიან მომხმარებლებს. თუმცა, ხშირად ადამიანები თავიანთ ნივთებს ვერ იღებენ». — განაცხადა BBB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის დირექტორმა, მელანი მაკგოვერნიმ.
Temu-ს ბიზნეს მოდელს, განვითარების შემთხვევაში, აშშ-ს საცალო ვაჭრობასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვზე ცალსახად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
Temu მრავალ კითხვას აჩენს, მათ შორის — კანონიერია თუ არა, რასაც ის აკეთებს? იაფი სამომხმარებლო პროდუქტის გარდა, Temu სხვადასხვა «ბორბლის» დატრიალებითა და მეგობრების მოწვევით დამატებით საჩუქრებს გთავაზობთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში Facebook-ზე, Twitter-სა და TikTok-ზე Temu-ს ქება-დიდება ცეცხლივით გავრცელდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათგან რამდენიმე ტროლების დაწერილი იყო.
მაინც, ამ დროისთვის, Temu რეალური აპლიკაციაა, რომელიც მრავალფეროვან პროდუქტებზე დიდ ფასდაკლებებს გთავაზობთ. მაგალითად, გამწოვები, Lenovo-ს უსადენო ყურსასმენები (8,98 დოლარი), კომპიუტერის კლავიატურები (15 დოლარი) და სხვასხვა ტანსაცმელი. მომხმარებლებმა, რომლებმაც აპლიკაციას სადღესასწაულო შოპინგისთვის მიმართეს, თაობის ყველაზე მაღალი ინფლაციის პირობებში, Temu აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ პლატფორმად აქციეს.
პასუხი უფრო მარტივი იქნება, თუ ვიკითხავთ რას არ ყიდის Temu. ნებისმიერი მომხმარებელი უსაზღვრო არჩევნითა და დაბალი ფასით აღფრთოვანებული დარჩება. სარბენი ფეხსაცმელი 17.48 დოლარად, უნივერსალური გასაღები 4.48 დოლარად, მოლაპარაკე სათამაშო ზაზუნები 6.99 დოლარად. ბანერზე 90%-მდე ფასდაკლება წერია და პლატფორმაზე შესვლისას გრძნობ, რომ რაღაც უჩვეულოს აკეთებ.
სტრატეგია ნაცნობი ხდება მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ, რომ Temu ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის, Pinduoduo-ს «დაძმობილებული კომპანიაა», რომელიც მსგავს მომსახურებას რამდენიმე წლის განმავლობაში გვთავაზობდა. Pinduoduo-მ წარმატებას ჩინეთში, ფასდაკლებული პროდუქტების გაყიდვით მიაღწია. კომპანიას ახლა 102 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალი აქვს და მისი აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კონკურენტებს, მათ შორის Alibaba-ს, სერიოზული დარტყმები მიაყენა
Pinduoduo-მ Temu სექტემბერში გამოუშვა, რათა ამერიკული ბაზარი აეთვისებინა. Temu-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიის ფასები ვაჭრების, ლოჯისტიკური პარტნიორებისა და წლების განმავლობაში შექმნილი ეკოსისტემის ღრმა ქსელის მიერ არის მხარდაჭერილი.
მიუხედავად იმისა, რომ Temu-ზე ყველაფერი იაფია, ბევრი ახალი მომხმარებელი, რეალურად, საერთოდ არაფერს იხდის. როგორც ვთქვით, Temu-მ კამპანია წამოიწყო, რომლის მიხედვითაც, ერთი მომხმარებლის მიერ მოწვეული ადამიანების რაოდენობა საჩუქრებში პირდაპირპროპორციულად აისახება. ეს კი საშუალებას გაძლევთ, Temu-ზე საკრედიტო ბარათის დამატების გარეშეც კი იშოპინგოთ.
«როგორც ჩანს, მათ სუბსიდირებას უწევენ, რათა ზარალის ლიდერები იყვნენ და ბაზრის წილი მოიპოვონ. ეს ახალი არ არის, Amazon ამას დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა» -, ამბობს ვანდერბილტის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, დუგლას შმიდტი.
ბრიანა ლუკი, რომელიც ფორტ უორტში ცხოვრობს, ამბობს, რომ Temu-სგან 200 დოლარის ღირებულების ნივთები სრულიად უფასოდ მიიღო. მან აპლიკაციის შესახებ მეგობრისგან გაიგო და მაშინვე დაინტერესდა.
«ვიცი, რომ ბევრი რამ არ არის კანონიერი, მაგრამ ასე იყო». — ამბობს ლუკი.
ლუკიმ Temu-ს შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე, TikTok-სა და Snapchat-ზე გამოაქვეყნა და საბოლოოდ დაარწმუნა მეგობრები, რომ აპლიკაცია გადმოეწერათ, რისთვისაც დამატებითი კრედიტები მიიღო. მან გამოიყენა ისინი და თაბაშირის ხელოვნების მცირე ბიზნესისთვის ბეჭდის შუქი (ფასი 25.48 დოლარი), ასევე ზეთის დიფუზორი (5.48 დაოლარი) და რამდენიმე ყელსაბამი შეუკვეთა.
ასევე, შვილისთვის კომპიუტერის მაუსი და კლავიატურა იყიდა, რაც 20 დოლარიც კი არ დაჯდა. ლუკი ამბობს, რომ ყველაფერი იდეალურად მუშაობს: «არ მეგონა, ასეთი კარგი ხარისხის თუ იქნებოდა. ამ ყველაფრისთვის მადლიერი ვარ».
Temu ნივთებს უფასოდ გასცემს, მაგრამ სანაცვლოდ რეკლამას უამრავი ადამიანის სოცილაური ქსელის დახმარებით იღებს. საკუთარ თავს გაერთიანებას უწოდებენ, რომელიც ხალხის ფულის დაზოგვაზე ზრუნავს. მათი სლოგანია: «გუნდი მაღლა, ფასი დაბლა» («Team Up, Price Down»).
პოზიტიურ კომენტარებში ჯული როპერ მალოის კომენტარიც გაერია, რომელიც მომსახურებით უკმაყოფილოა. მან Temu-ზე ყუთი შეუკვეთა, რომელიც საშობაო საჩუქრებს აერთიანებდა, ის ადრესატამდე არასდროს მისულა.
«ჯერ კიდევ ველოდები ჩემს შეკვეთას! მადლობა, Temu, შენ გააფუჭე შობა!» — დაწერა მალოიმ.
მალოი, რომელმაც საჩუქრებზე 178 დოლარი დახარჯა, თანხის დაბრუნების საკითხზე კომპანიას რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ. «მომავალში აუცილებლად ონლაინ შეკვეთის დროს აუცილებლად უფრო დაკვირვებული ვიქნები» — წერს იგი.
ჯული როპერ მალოი არ არის ერთადერთი, ვინც მსგავს პრობლემას აწყდება. თავად Temu-ც აღიარებს, რომ შეკვეთების ადრესატამდე მიტანას იმაზე მეტი დრო უნდა, ვიდრე ამას, მაგალითად, Amazon აკეთებს. დაახლობით, 7-15 დღე, რადგან ისინი საზღვაო საწყობებიდან მოდის.
Temu-ს რეიტინგი BBB-ზე არის «C», მომხმარებლების საშუალო შეფასება კი — 1,4 ვარსკვლავი. მაკგოვერნი ამბობს, რომ ახალი კომპანიისთვის ამდენი საჩივრის, ასეთ მოკლე დროში, მიღება უჩვულოა. Pinduoduo-ს დიდი ხანია ადანაშაულებენ ყალბი, უკანონო საქონლისა და პროდუქტების გაყიდვაში, რომლებიც მათ აღწერილობას არ ემთხვევა. მსგავსი საჩივარი, Temu-ს შემთხვევაში, ჯერ არ ყოფილა.
დუგლას შმიდტი, რომელიც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სპეციალისტია, ამბობს, რომ Temu-ს მონაცემები და კონფიდენციალურობის პრაქტიკა უჩვეულო არ არის: კომპანია უამრავ პერსონალურ მონაცემს აგროვებს და მას უკანონოდ იყენებს. თუმცა შმიდტს მიაჩნია, რომ Temu-ს აღზევება იმაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს აშშ-სთვის, ვიდრე მხოლოდ კონფიდენციალურობაა. იგი ფიქრობს, რომ პლატფორმა ამერიკულ კომპანიებზე დიდ ზეწოლას მოახდენს.
კერძოდ, თუ ბევრი მომხმარებელი გადავა Temu-ზე, ეს Amazon-სა და სხვა კონკურენტებს ფასების დაწევას აიძულებს, რაც გავლენას ხელფასებზე მოახდენს.
«ეს არის საინტერესო მაგალითი იმისა, რომ ჩინეთის საწარმოო ბაზა იმდენად დახვეწილია, რომ მას დისტრიბუტორების მეშვეობით გავლა აღარ სჭირდება. ისინი ყველაფერს პირდაპირ მომხმარებლებზე ყიდიან. Temu აშკარად აპირებს, ზეწოლა საქონლის მწარმოებლებზე მოახდინოს, რათა აშშ-ში შიდა წარმოების შემდგომი ეროზია გამოიწვიოს» — ამბობს შმიდტი.