ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
18 მარტი 2024, 09:00
2024-03-18
ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის გამოყენებას შეეხება
ხელოვნური ინტელექტი (AI) უკვე თითქმის ყველგან გვხვდება. ბევრი ჩვენგანი AI-ზე დაფუძნებულ ხელსაწყოებს ყოველდღიურ საქმიანობაშიც იყენებს. ამიტომაც, ProductTank Tbilisi-მა გადაწყვიტა, მორიგ შეხვედრას საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) ერთად უმასპინძლოს.
Შეხვედრაზე მოწვეული სამი სპიკერი შეკრებილ აუდიტორიას გაუზიარებთ თავის გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება AI პროდუქტების მენეჯმენტში.
სპიკერები არიან:
ანი ჯანელიძე — ის AI სერვისების კონსულტანტია ბრიტანულ სტარტაპ V7-ში, ასევე — საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-თავმჯდომარე. ანის ხელოვნური ინტელექტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას უმუშავია სტარტაპებსა და დიდ კომპანიებში, მათ შორის, MaxinAI, Exadel და სხვა.
მარიამ გაგუა - ის უფროსი პროდუქტის მენეჯერია. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს. მარიამმა კარიერა საქართველოს ბანკში, მობილური აპლიკაციის დეპარტამენტში დაიწყო. 2022 წელს კი შეუერთდა ფინტექ სტარტაპ Klarna-ს ლონდონის ოფისს, სადაც კონტენტ კრეატორების მობილურ- და ვებაპლიკაციებზე იმუშავა, ხოლო 2023 წელს სტარტაპ Beetl-ის პროდუქტების ხელმძღვანელი გახდა.
გაგი ნინოშვილი — ისპროდუქტის მენეჯერი და პროექტების მენეჯმენტის ლექტორია. Მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Setanta Sports Eurasia, Space International, EPAM Systems. ამჟამად გაგი მუშაობს AI გადაწყვეტებზე ორიენტირებული ციფრული სააგენტოს — «მოიისფროს» შექმნაზე, რომელიც კავკასიის, უკრაინისა და ცენტრალური აზიის წამყვან კომპანიებს დაეხმარება ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ღონისძიება გაიმართება 20 მარტს, ოთხშაბათს, 19:30–ზე სასტუმრო სტამბის საკონფერენციო სივრცეში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.
ProductTank-ზე დასწრება უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას Meetup.com-ზე
ProductTank-ის შესახებ
ProductTank არის ადგილობრივი ყოველთვიური შეხვედრების გლობალური ქსელი, სადაც ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ProductTank-ის შეხვედრები ღიაა პროდუქტების მენეჯერებისთვის, UI/UX დიზაინერებისთვის, დეველოპერებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ტესტერებისთვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ციფრული პროდუქტებით.
ProductTank 2010 წელს ლონდონში დაიწყო და ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 200 ქალაქს აერთიანებს. თბილისში კი ProductTank-ის შეხვედრები 2018 წლიდან ტარდება.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) შესახებ
GAIA ხელოვნური ინტელექტის (AI) პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა.
GAIA-ს მისიაა, დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ AI-ის საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობით. ასოციაცია მუშაობს AI-ის შესახებ განათლების გავრცელებაზე და მხარს უჭერს აკადემიურ, კერძო და საჯარო სექტორებს AI ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.