ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება, როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში

25 წლის მარიამ გაგუა უკვე ხუთი თვეა, ლონდონის ცენტრში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანია Klarna-ში მუშაობს.

კომენტარის დატოვება
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება, როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში

25 წლის მარიამ გაგუა უკვე ხუთი თვეა, ლონდონის ცენტრში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანია Klarna-ში მუშაობს.

სამუშაო დღეს 09:00 საათზე იწყებს და ახალ თანამშრომლებთან ერთად განიხილავს, როგორ გაუმარტივოს მომხმარებლებს შოპინგის გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით — სულ 147 მილიონ ადამიანს. 

მარიამ გაგუა
«მართალია, ოფისში სიარული სავალდებულო არ არის, თუმცა იმდენად მომწონს გარემო, ოფისში შემოთავაზებული ბენეფიტები და თანამშრომლებთან კოლაბორაცია, რომ კვირაში 3-ჯერ მაინც დავდივარ».

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელი მისი წარმატების შესახებ პოსტებმა ააჭრელა, თუმცა ბრიტანეთამდე მისასვლელი გზა მარტივი არ ყოფილა. 

1990-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს, მარიამის ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყო და ყველაფერი ნულიდან დაეწყო.

მარიამ გაგუა
«გამუდმებით მქონდა უსუსურობის განცდა, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თუმცა ყველა ნაბიჯი, რომელიც ცხოვრებაში გადამიდგამს, ოჯახის დასახმარებლად იყო».

იმ ტკივილის დასაძლევად, რომელიც მის ოჯახს ჰქონდა, მარიამმა საკუთარი ძალებით დაიწყო ახალი მომავლის შენება და მათი დახმარება. როგორც თავად ამბობს, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მთელი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა იყო, რომელსაც, მისი აზრით, მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარება შეუწყობდა ხელს. გადაწყვიტა, თავადაც დაუფლებოდა ამ სფეროს.

სწორედ ამიტომ ჩააბარა კომპიუტერულ ინჟინერიაზე, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება არავის ესმოდა. ხშირად მხოლოდ იმის გამო უწუნებდნენ არჩევანს, რომ გოგო იყო. მისმა ბრძოლამ შეზღუდვების წინააღმდეგ თუ იმის დასამტკიცებლად, რომ ქალები არაფრით არიან კაცებზე ნაკლები, შედეგი გამოიღო და სწავლა მალევე გააგრძელა აშშ-ში, სან დიეგოში. 

კალიფორნიაში მიღებული გამოცდილება უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, ის ცოდნა, რომელიც ამერიკაში დააგროვა, საქართველოში ჩამოეტანა. სურდა, ტექნოლოგიები სხვა ადამიანებისთვისაც შეეყვარებინა. ამ მიზნით სხვადასხვა სოციალურ ქსელში გააკეთა არხები, სადაც ადამიანებს ტექნოლოგიების, მომავლის პროფესიების შესახებ უყვებოდა. 

2022 წლის ზაფხულში მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო — Klarna-ს გუნდში პროდუქტების მენეჯერის პოზიცია დაიკავა. როგორც ამბობს, კომპანიაში მოსახვედრად გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი, რის გამოც ამ პოზიციაზე შეარჩიეს, კომპიუტერულ ინჟინერიაში უმაღლესი განათლებაა.

ახლა მარიამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლონდონშიც ისეთი ხარისხიანი კავშირების დამყარებაა, როგორიც საქართველოში ჰქონდა. 

მარიამ გაგუა
«საქართველოში ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, ვიყავი ერთ-ერთი ტექ-კომუნას დამფუძნებელი და ჩემი წრე ძალიან მეხმარებოდა სხვადასხვა სირთულის გადალახვაში. ამ კავშირებს წლების განმავლობაში ვაშენებდი და აქ ყველაზე მეტად იმ ფაქტთან შეგუება გამიჭირდა, რომ საქმიანი თუ პირადი კავშირების შენება ნულიდან უნდა დამეწყო».

მარიამი გვიყვება, რომ Klarna-ს ამოცანაა, ცდილობს მომხმარებლებს შოპინგის გამოცდილებები კიდევ უფრო გაუმარტივოს. სწორედ ამ მიმართულებით კომპანიამ ახალი გუნდი შექმნა, რომელიც უკვე არსებულ აპლიკაციას კიდევ უფრო დახვეწს. 

მარიამ გაგუა
«ოფისში მისვლის შემდეგ, დეტალურად ვწერ იმ დღის საქმეებს. შემდეგ იწყება ყოველდღიური, 15-წუთიანი შეხვედრები გუნდთან, სადაც ყველა ვყვებით, რა გავაკეთეთ გუშინ და რას ვაპირებთ დღეს. მომდევნო 15 წუთი ეთმობა შეხვედრას, სადაც ინჟინრები მთელ გუნდს გვიზიარებენ დასრულებულ ფუნქციონალს და ჩვენ საშუალება გვაქვს, დავაკვირდეთ და დავუბრუნოთ უკუკავშირი».

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო რთული და საპასუხისმგებლოა, მარიამი დასვენებისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებს.

მარიამ გაგუა
«ჩემი სამუშაო დღე 17:00 საათზე სრულდება და შემდეგ ვსეირნობ, მეგობრებს ვნახულობ, სავარჯიშოდ გავდივარ ან ჰაიდ პარკში წამოვწვები და მუსიკას ვუსმენ ხოლმე. შიგადაშიგ ვლოგებს ვიღებ და ვიდეოებს ვამონტაჟებ ჩემი YouTube არხისთვის».

ახალ სამუშაო გარემოში ყველაზე მეტად თანამშრომლების მიმართ კომპანიის დამოკიდებულებები მოსწონს.

მარიამ გაგუა
«აქ არავინ მუშაობს ზეგანაკვეთურად, საშუალება გვაქვს ავიღოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დღე, თუ თავს კარგად არ ვგრძნობთ და ა.შ. საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს კულტურა…».

მარიამის აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მუშაობის გამოცდილება კიდევ უფრო თავდაჯერებულს გახდის. როცა ჩათვლის, რომ საკმარისი გამოცდილება დააგროვა, აპირებს საქართველოში დაბრუნდეს და კოლეგებთან ერთად საკუთარი კომპანიის შექმნას.



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.