ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
16 ოქტომბერი 2023, 17:00
2023-10-16
პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
ღაზა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი რეგიონია მსოფლიოში, ყოველთვის იყო ტექნოლოგიური ცენტრი — არა მხოლოდ პალესტინისთვისა და პალესტინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის: საერთაშორისო კომპანიები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, ამ რეგიონიდან მაქსიმალურად ბევრი თანამშრომელი მოეზიდათ. მაგალითად, ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კომპანია, Nvidia, წლების განმავლობაში რეგიონიდან მინიმუმ 100 ინჟინერთან თანამშრომლობდა.
სილიკონის ველის წარმოამდგენლებს პალესტინის, როგორც ტექნოლოგიური ცენტრის მიმართ მზარდი ინტერესი ჰქონდათ, მაგრამ როგორც თავად ეკოსისტემა, ის ახალბედაა: დღეისათვის, რეგიონში მომუშავე ადამიანების შეფასებით, პალესტინის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს Salesforce-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ბენიოფი სილიკონის ველის კორიფეებს შეურთდა — მათ ღაზაში კოდირების პირველი აკადემიას შექმნეს.
Alphabet-ის მხარდაჭერილი ინიციატივა, Gaza Sky Geeks, რომელიც ღაზაში დაფუძნდა, რეგიონში მეწარმეობის შუქურა იყო. კომპანია პალესტინელებისთვის წინასწარ ინვესტიციებს, ტრენინგებსა და ტექნოლოგიურ რესურსებს უზრუნველყოფდა.
ეს ყველაფერი ახლა, ფაქტობრივად, გაქრა, ისევე როგორც თავად შენობები.
ისრაელი ამჟამად მძევლების დაბრუნებას ცდილობს, რომლებიც ჰამასმა აიყვანა — ღაზას მმართველმა ორგანიზაციამ, რომელმაც მინიმუმ 150 ადამიანი გაიტაცა.
ისრაელი ბომბებით ანადგურებდა ღაზის სექტორს ჰამასზე თავდასხმისა და მძევლების დაბრუნების მიზნით. ამ დროისთვის პალესტინაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელში — ქვეყნის ყველაზე დიდი ექსპორტი და ყველაზე დიდი კონტრიბუტორი მშპ-ში — ძალიან დიდ დარტყმას განიცდის, თუმცა გავლენა ღაზის უფრო პატარა და მყიფე ეკოსისტემაზე ბევრად მძიმე და მნიშვნელოვანია. თავდასხმის შედეგად გამოწვეული ფიზიკური, ეკონომიკური და სოციალური ზიანი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნებისმიერ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს.
«ისრაელი ღაზის ტექნოლოგიურ განვითარებას სამუდამოდ აჩერებს. ისინი ყველაფერს ანადგურებენ». — განუცხადა TechCrunch-ს ერთ-ერთმა წყარომ.
ისრაელმა ახლა ჯარისკაცები ღაზას ჩრდილოეთით, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის წინ შეკრიბა. ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრებ დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს უთხრეს, რომ ტერიტორია 24 საათში დატოვონ და ჩრდილოეთით გადავიდნენ. გაერომ ისრაელი «დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების» შესახებ გააფრთხილა. ტერიტორიაზე საწვავის, საკვებისა და წყლის ამოწურვის გამო სრული ბლოკადა მიმდინარეობს. ისრაელი აცხადებს, რომ შეზღუდვებს არ გააუქმებს, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
ამერიკელ მოქალაქესთან და Gaza Sky Geeks-ის (GSG) აქსელერატორის ყოფილ ხელმძღვანელთან, რაიან სტურგილთან საუბრისას გამოჩნდა, რომ სიტუაცია ადგილზე სამხედროების მიერ დაბომბვის შემდეგ მძიმეა.
«Mercy Corps-ის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც Gaza Sky Geeks მდებარეობდა განადგურებულია. შენობის წინა ნაწილი აღარ არსებობს». — თქვა მან.
Gaza Sky Geeks უმსხვილესი ტექნოლოგიური ცენტრია პალესტინაში, რომელიც მოსახლეობას ტექნოლოგიური ტრენინგის ფართო სპექტრს სთავაზობს. 2022 წელს პროგრამა დასავლეთ სანაპიროდან და ღაზადან 5000-მა დეველოპერმა დახურა.
«ვინ იცის, რა მოხდება. განადგურებულია ოფისები, განადგურებულია ბოჭკოვანი ხაზები, დანგრეულია უნივერსიტეტები. ღაზის სამი ძირითადი უნივერსიტეტი აღარ არსებობს. არც კი ვიცი, შეძლებს თუ არა ხალხი ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნებას იმის შემდეგ, რაც დღეს ხდება. საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც იქ არის, გაქრა». — დასძინა სტურგილმა.
ის იანვრიდან მოყოლებული პალესტინის ტექნოლოგიურ სტარტაპებს კაპიტალის მოზიდვაში ეხმარებოდა.
«აქამდე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო. ბევრი კომპანია საუდის არაბეთიდან პალესტინაში ოფისებს ხსნიდა. Nvidia-ს და სხვა საერთაშორისო კომპანიებს პალესტინაში აუთსორსინგის ოპერაციები აქვთ — კერძოდ Apple-ს, Microsoft-ს აქვს R&D და მათ სურთ, რომ გაფართოვდნენ. არიან კომპანიები, რომლებსაც რეგიონიდან უამრავი დეველოპერი ჰყავთ დაქირავებული». — თქვა მან.
მზარდი კომპანიები, პალესტინადან არიან: Menalytics-ს (მონაცემთა ანალიტიკა, ინვესტიცია Flat 6-ის ლაბორატორიების მიერ); Olivery (ლოჯისტიკა, Flat6Labs და Ibtikar Fund); Koretava (თანამშრომლებისა და მომხმარებლების ლოიალობა); და Sellenvo (Amazon-ის პარტნიორი).
სტურგილმა თქვა, რომ ღაზაში მძიმე მდგომარეობასთან ერთად, ვითარება რამალაშიც «სუპერ დაძაბულია». «ვგრძნობ, რომ სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდება იქ უახლოეს კვირებში».
Manara-ს (სოციალური გავლენის სტარტაპი) თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილიანა მონტაუკმა TechCrunch-ს ელექტრონული ფოსტით განუცხადა, რომ კავშირი გასული 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
«მიუხედავად იმისა, რომ ღაზა სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ დაბომბეს, ამჟამინდელი ზარალი ტექნოლოგიური სექტორისთვის რამდენიმე მიზეზის გამო სრულიად განსხვავებულია. ელექტროენერგია მთლიანად გათიშულია. დაიბომბა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი (მათ შორის, როგორც ინტერნეტ პროვაიდერები, ასევე მრავალი მაღალი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც განთავსებულია მობილური ტელეფონების ანძები). ნადგურდება საშუალო კლასის უბნები».
მისი თქმით, წარსულში თუ მთელი უბანი ნადგურდებოდა, ეს ძირითადად ისრაელის მოსაზღვრე ან ღარიბი უბანი იყო, რაც ტექნოლოგიურ სექტორზე ნაკლებად ახდენდა გავლენას.
«ტექნოლოგიური სექტორი სრულად ვერ ფუნქციონირებს». — თქვა მან. «ადამიანთა უმეტესობას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება იმისთვის, რომ მუშაობა შეძლოს. მათ საცხოვრებლის შეცვლა ხშრად უწევთ, რადგან ყოველთვის ახალ-ახალი ადგილი იბომბება. ისინი, როგორც წესი, გაფრთხილებებს იღებენ, რომ დაბომბვამდე 10 წუთით ადრე თავიანთი სახლები დატოვონ, ამიტომ არ სძინავთ და სიტუაციას მუდმივად აკონტროლებენ».
«ადამიანთა უმეტესობამ მობილური ტელეფონის კავშირები და ინტერნეტთან წვდომა სრულიად დაკარგა. ზოგს კი წვდომა მხოლოდ 2G-ზე აქვს. ელექტროენერგია დღე-ღამეში რამდენიმე საათიც კი აღარ მიეწოდებათ და ხალხს გენერატორებისთვის გაზი ეწურება». — დასძინა მან.
Manara-ს ღაზაში დაახლოებით პროგრამული უზრუნველყოფის 100 ინჟინერი ჰყავს — ზოგიერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში დისტანციურად მუშაობს.
დალია ავადი ქალია, რომლის პოსტიც Google-ში მოხვედრის შესახებ ვირუსული გახდა 2021 წელს. Google-სა და Datadog-ში სტაჟირების შემდეგ უნივერსიტეტის დასამთავრებლად ღაზაში დაბრუნდა. მას Datadog-ში სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ სახლში და დისტანციური სამუშაოს ძებნა გადაწყვიტა, რათა ოჯახთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო.
«ეს ყველაზე ცუდი ღამე იყო. საბედნიეროდ, მე და ჩემი ოჯახი კარგად ვართ. დაბომბვა ყველგან იყო, თუმცა, კონრეტულად სად არ ვიცით, რადგან ინტერნეტი არ გვქონდა. ჩემმა ბევრმა მეგობარმა სახლი დაკარგა. არ არის ინტერნეტი — მობილური ტელეგონი 2G-ის რამდენიმე წუთით იჭერს და შემდეგ ითიშება. ჩვენ მხოლოდ Whatsapp შეტყობინებების გაგზავნა შეგვიძლია. ასე რომ, სოციალურ მედიაში სიახლეებს ვერ ვკითხულობთ. დილით მეგობრებისგან ვიდეოები მივიღე, მაგრამ მათ ჩამოტვირთვას საუკუნე სჭირდება». — წერს ავადი.
Manara-ს პირველი თანამშრომელი, მაი თემრაზი კალიფორნიაში ცხოვრობს, თუმცა, მისი ოჯახი — ღაზაში. ისინი დაბომბვას ძლივს გადაურჩნენ.
«ჩემი ოჯახი თავდასხმას ძლივს გადაურჩა. ხალხს წასვლას სთხოვენ, მაგრამ სად?». — წერს მაი თემრაზი Instagram-ზე.
Gaza Sky Geeks-ის ყოფილმა დირექტორმა, მონტაუკმა განაცხადა, რომ ამ ესკალაციამდე ღაზის ტექნოლოგიური პროგრესი მზარდი იყო, თუმცა ახლა მომავალი ბუნდოვანია.
«Upwork და Silicon Valley-ის სხვა კომპანიები ღაზიდან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს დისტანციურად ქირაობენ. გარდა ამისა, ზოგი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Google, Amazon, Qualtrics და ა.შ. ღაზაში ბოლო ვიზიტისას ვისთანაც ვისაუბრე, ყველა მეკითხებოდა, როგორ შეძლებდნენ სამუშაოს შოვნასა და ღაზის დატოვებას. ისინი დაბომბვის გამო წუხდნენ და შვილების აღზრდა უსაფრთხო გარემოში სურდათ. ამ ადამიანებს უბრალოდ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება უნდათ.
ისინი, ვინც დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ღაზაში განხორციელებულმა თავდასხმებმა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე გარდაუვალი და მძიმე გავლენა იქონია.
«ჩემნაირი პალესტინელი ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს, მარტივი შესამჩნევია, რომ აქტივობის თვალსაზრისით გაყინვა მოხდა». — თქვა Sawaed19-ის თანადამფუძნებელმა, ლინ აბუბეკერმა. «ტექნოლოგიური კომპანიები ძალიან შეზღუდული მასშტაბით მუშაობენ — თანამშრომლებს ოფისებამდე მისვლა უჭირთ. ისინი იძულებულნი არიან, ბიზნესი მთლიანად დატოვონ».
მან დასძინა, რომ ღაზაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის მრავალი შენობა განადგურდა, როგორიცაა ბურჯ ალ-ვატანი. ლინ აბუბეკერი ფიქრობს, რომ ასეთ დროს საკუთარი ბიზნესის პრიორიტეტად ჩათვლა არასწორია.
«როგორ შეგიძლიათ, გაექცეთ რეალობას და მხოლოდ თქვენს ბიზნესზე იდარდოთ».