ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
29 დეკემბერი 2023, 10:41
2023-12-29
NYT საავტორო უფლებებით დაცული სამუშაოს გამოყენებისთვის OpenAI-სა და Microsoft-ს უჩივის
The New York Times-მა OpenAI-სა და Microsoft-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. Კომპანიებმა მასალა უნებართვოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გაწვრთვნისთვის გამოიყენეს.
New York Times პირველი მსხვილი ამერიკული მედია ორგანიზაციაა, რომელმაც კომპანიებს უჩივლა. მანჰეტენის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამტკიცებს, რომ New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მილიონობით სტატია ჩათბოტების მოსამზადებლად გამოიყენებოდა, რომლებიც ახლა საინფორმაციო გამოშვებებს, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს, კონკურენციას უწევენ.
სარჩელი ზუსტ ფულად მოთხოვნას არ შეიცავს, მაგრამ ნათქვამია, რომ ბრალდებულები «მილიარდობით დოლარის კანონიერ და ფაქტობრივ ზარალზე» პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ. ის ასევე კომპანიებს მოუწოდებს, რომ ჩათბოტის ნებისმიერი მოდელი და ტრენინგის მონაცემები გაანადგურონ, რომლებიც The New York Times-ისგან საავტორო უფლებებით დაცულ მასალას იყენებენ.
თავის საჩივარში The New York Times-მა განაცხადა, რომ მან აპრილში Microsoft-სა და OpenAI-ს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართა და კომერციული შეთანხმებაც შესთავაზა. მაგრამ ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებმა პრობლემა ვერ მოაგვარა.
OpenAI-ის სპიკერმა, ლინდსი ჰელდმა განაცხადა, რომ კომპანია The New York Times-თან მოლაპარაკებებში «კონსტრუქციულად მიიწევდა წინ» და ის სარჩელით «გაკვირვებული და იმედგაცრუებულია».
Microsoft-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
სარჩელს შეუძლია გენერაციული AI-ის მიერ წარმოქმნილი სამართლებრივი კონტურები გამოსცადოს და ახალი ამბების ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. The New York Times იმ მცირე რაოდენობის გამოცემათა შორისაა, რომლებმაც ონლაინ ჟურნალისტიკისგან წარმატებული ბიზნეს მოდელები შექმნეს.
ამავე დროს, OpenAI და ხელოვნური ინტელექტის სხვა კომპანიები — რომლებიც ონლაინ ტექსტების მრავალფეროვნებას იყენებენ, საგაზეთო სტატიებიდან დაწყებული, ლექსებით დამთავრებული — მილიარდობით დოლარის დაფინანსებას იზიდავენ.
OpenAI ახლა ინვესტორების მიერ 80 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად არის შეფასებული. Microsoft-მა OpenAI-სთვის 13 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო და კომპანიის ტექნოლოგია თავის საძიებო სისტემაში, Bing-ში ჩართო.
ბრალდებულებს სასამართლოში პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდათ.
ინტელექტუალური საკუთრების უკომპენსაციო გამოყენების შესახებ შეშფოთებამ სხვა კრეატიულ ინდუსტრიებამდეც მიაღწია. მსახიობი სარა სილვერმანი ივლისში მწერლების სარჩელს შეურთდა, რომელშიც Meta და OpenAI მემუარების «გადაყლაპვაში» დაადანაშაულეს. ასევე, Getty Images-მა უჩივლა ერთ-ერთ AI კომპანიას, რომელიც სურათებს წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე ქმნის. საჩივრის მიხედვით, პლატფორმა Getty-ის საავტორო უფლებებით დაცული ვიზუალური მასალების არაავტორიზებულ გამოყენებას არ ერიდებოდა.
«უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად გარდაუვალია». — თქვა არაკომერციული ნიუსრუმის, ProPublica-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და ახალი ამბების ბიზნესის კონსულტანტმა, რიჩარდ ტოფელმა სასამართლო პროცესების უახლესი ტალღის შესახებ.
Microsoft-მა ადრე პოტენციური საავტორო უფლებების დარღვევა აღიარა. სექტემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ თუ სავარაუდო დარღვევას აღმოაჩენდნენ იურიდიულ ხარჯებს თავად აანაზღაურებდნენ.