ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძედასაქმება
9 მაისი 2024, 16:00
2024-05-09
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
ზედმეტად გადატვირთულ ბაზარზე სამუშაოს შოვნის საუკეთესო გზაა, დამსაქმებელმა თავად გიპოვოს. ახლა, როდესაც LinkedIn-ს გლობალურად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, პლატფორმაზე თქვენი აღმოჩენა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
პლატფორმის რეგულარულ მომხმარებლებს შეუძლიათ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის კავშირები ნახონ. რეკრუტერებს, რომლებიც LinkedIn Recruiter ინსტრუმენტს იყენებენ, მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის პოვნა შეუძლიათ. LinkedIn-ს მძლავრი ალგორითმების სერია აქვს, რომელიც დამქირავებლებსა და რეგულარულ მომხმარებელს კონკრეტული მიზნის მიღწევაში ეხმარება.
გასწავლით LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკს, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება.
გამოიყენეთ უნარების განყოფილება
LinkedIn-მა ცოტა ხნის წინ უნარების რაოდენობა 50-დან 100-მდე გაზარდა. თქვენ შეგიძლიათ, უნარები პროფილზე სამ განსხვავებულ განყოფილებას დაამატოთ — თქვენ მიერ თითოეულ შესრულებულ როლს, ნებისმიერ მოხალისეობრივ თანამდებობასა და განათლების განყოფილებას. უნარების ფუნქციონალის გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან პლატფორმის მასშტაბით დამსაქმებლების ძიების 40% ახლა უნარებით იწყება. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ზოგად უნარებს, როგორიცაა «პროექტის მენეჯმენტი» და ყურადღება მიაქციეთ უფრო მეტ კონკრეტიკას.
ურთიერთობა იმ კომპანიებთან, სადაც მუშაობა გსურთ
რეკრუტერი ძებნას სამუშაოს დასახელებით ან უნარებით იწყებს. LinkedIn Recruiter რეკრუტერებს კანდიდატების ქვეჯგუფს სთავაზობს — თუ მომხმარებლები LinkedIn-ზე კონკრეტული კომპანიის გვერდს გამოიწერენ ან კომპანიის გვერდზე განთავსებულ პოსტებს გამოეხმაურებიან, ამ «აუზში» მარტივად გამოჩნდებიან. თვალი ადევნეთ იმ კომპანიების ყველა გვერდს, რომლებშიც გსურთ მუშაობა.
გამოიყენეთ Open To Work ფუნქცია
იმის გაცნობიერებით, რომ ყველას არ სურს ხაზგასმა, რომ ისინი შემდეგი როლისთვისა და ახალი შესაძლებლობისთვის მზად არიან, LinkedIn ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფუნქციას გთავაზობთ. ყველა მომხმარებლისთვის ხილულმა მწვანე ბანერმა Open To Work დიდი კამათი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ LinkedIn-ის მონაცემების თანახმად, ის ზუსტად ისეთ შედეგებს იძლევა, რისთვისაც შეიქმნა. მომხმარებლები, რომლებიც ამ ფუნქციას იყენებენ, დამსაქმებლებისგან 40%-ით მეტ ინფორმაციას იღებენ.
ატვირთეთ თქვენი რეზიუმე LinkedIn-ზე
თქვენი რეზიუმეს ატვირთვა ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება: ის საშუალებას გაძლევთ, რეზიუმე პირდაპირ აპლიკაციიდან გააგზავნოთ და ამასთან, მისი დამატება თქვენი აღმოჩენის შანსს მნიშვნელოვნად აძლიერებს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი რეზიუმე ხილული მხოლოდ იმ რეკრუტერებისთვის იქნება, რომლებიც LinkedIn Recruiter პროდუქტს იყენებენ.
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი შეტყობინებები
LinkedIn-ის როგორც აპლიკაციის, ასევე დესკტოპის ვერსიებში, შეტყობინებები ახლა «ფოკუსირებულ» და «სხვა» კატეგორიებად არის დაყოფილი და თქვენ ორივე რეგულარულად უნდა შეამოწმოთ. მთელი LinkedIn-ის მასშტაბით, რეკრუტერებს პასუხს მხოლოდ 30% სცემს — ყოველი ათი კანდიდატიდან მხოლოდ სამი პასუხობს.
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.