ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
27 თებერვალი 2023, 10:49
2023-02-27
დაკარგული ჩინელი მილიარდერი ბანკირი "ხელისუფლებას გამოძიებაში ეხმარება"
ჩინელი ბანკირი, ბაო ფანი, რომელიც 11 დღის წინ გაუჩინარდა, ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებაში ეხმარება. ინფორმაცია «ჩინეთის რენესანს ჰოლდინგმა» გაავრცელა — ბაო ფანი ამ კომპანიის დამფუძნებელი და მმართველია.
ბანკირი 11 დღის წინ გაუჩინარდა. ამ დრომდე მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
ბაო ფანის კომპანიის კლიენტებს შორის ტოპ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, Didi და Meituan არიან. ბაო ფანი ჩინეთის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ტიტანად მიიჩნევა. მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ონლაინ სამომხმარებლო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. ბაო ფანმა «ჩინეთის რენესანს ჰოლდინგი» 2005 წელს, Morgan Stanley-სა და Credit Suisse-ში საბანკო კარიერის შემდეგ ჩამოაყალიბა.
2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ბაომ დაწერა, რომ მის კომპანიას შეხება ჰქონდა ჩინეთის საზოგადოებისთვის ცნობილი ინტერნეტ კომპანიების 70%-თან.
მისი გაუჩინარების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, თუმცა, რამდენიმე დღეში ისევ გაიზარდა.
«ჩინეთის რენესანს ჰოლდინგის» მმართველთა საბჭომ შეიტყო, რომ ამჟამად ბაო ფანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოძიების ჩატარებაში ეხმარება. კომპანია სათანადოდ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, როცა და თუ ეს საჭირო გახდება». — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ეს ერთადერთი განცხადებაა, რომელიც კომპანიის მხრიდან ამ საკითხზე გავრცელდა. თუმცა, «ჩინეთის რენესანს ჰოლდინგს» არ დაუზუსტებია დეტალები გამოძიების ან ბაპ ფანის ადგილმდებარეობის შესახებ.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ ბაო ფანი თებერვლის დასაწყისში «წაიყვანა"კომპანიის ყოფილი პრეზიდენტის, კონგ ლინის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
ბაო ფანი არ არის პირველი ადამიანი ჩინეთში, რომელიც მსხვილ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული და უჩინარდება — 2020 წლის ბოლოს Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა 3 თვის განმავლობაში გამქრალი იყო. იმ პერიოდში მას სურდა, ციფრული გადახდების თავისი სისტემა, Ant Financial ჩამოეყალიბებინა, რაც მას ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად აქცევდა.
გარდა ამისა, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძიპინის «ანტი-კორუფციული» კამპანიის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ათობით კომპანიის აღმასრულებელი გაქრა. 2015 წელს, სულ მცირე, 5 კომპანიის ხელმძღვანელი გახდა ხელმიუწვდომელი, მათ შორის, Fosun Group-ის თავმჯდომარე, გუო გუანჩანგი. მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ ის ეხმარებოდა ხელისუფლების გამოძიებას პერსონალურ საკითხთან დაკავშირებით.
2017 წელს გაიტაცეს კანადელი-ჩნელი ბიზნესმენი, შაო ჩინეუა. ის ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, გასულ წელს კი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.