ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
The Economist-ზე გამოქვეყნდა ხელოვნური ინტელექტის და კვანტური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, SandboxAQ-ის CEO-ს, ჯეკ ჰიდარის ბლოგი, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
The Economist-ზე გამოქვეყნდა ხელოვნური ინტელექტის და კვანტური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, SandboxAQ-ის CEO-ს, ჯეკ ჰიდარის ბლოგი, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
კვანტური ტექნოლოგიები, რომლებიც სუბატომური სფეროს უცნაური ბუნდოვანებით სარგებლობენ, ჩვენს საზოგადოებაზე დიდ გავლენას მოახდენს — მედიცინითა და მეცნიერებით დაწყებული, საბანკო და სუფთა ენერგიით დამთავრებული. ასეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც კომუნიკაციებს, გამოთვლებს, კვანტურ ზონდირებასა და სიმულაციებს მოიცავს, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგრამ, ამასთან, კვანტური კომპიუტერები გლობალური კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში დრამატულ ცვლილებებს შეიტანენ. ეს არის პროცესი, რომელიც სერიოზულად 2023 წელს დაიწყება.
კვანტური ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, მაგრამ რაც უფრო მძლავრი და საიმედო გახდება ის, ჩვენს კონფიდენციალურ მონაცემებს, მათ შორის საბანკო ტრანზაქციებს, სენსიტიურ სამთავრობო ინფორმაციას და ინტელექტუალურ საკუთრებას საფრთხეს შეუქმნის. ეს მოხდება იმიტომ, რომ არსებული კომპიუტერებისგან განსხვავებით, კვანტურ კომპიუტერებს შეეძლებათ დაშიფვრის სისტემების გარღვევა, რომლებიც მონაცემთა უსაფრთხოდ შენახვაზე არიან პასუხისმგებელნი.
კრიმინალებმა და სხვა «ანტაგონისტებმა» იციან, რომ ეს ერთ დღეს შესაძლებელი იქნება. არ ელოდებიან სენსიტიური მონაცემების ხელში ჩავარდნას და შეტევებს უკვე ახორციელებენ. «ახლავე შენახვა, მოგვიანებით გაშიფვრა» (sndl) — კვანტური კომპიუტერებით მომავალი გაშიფვრისთვის მონაცემებს უკვე იპარავენ. ამერიკის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის თანახმად, ამ მონაცემების გაშიფვრა 2030 წელს იქნება შესაძლებელი.
კრიმინალური ჯგუფები ისეთი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, რომლებსაც ღირებულება წლების შემდეგაც ექნება, ანუ იმ დროს, როცა მათ გაშიფრავენ.
ეს მომავლის პრობლემა არ არის: sndl თავდასხმები ახლაც ხდება. მოპარვის შემდეგ დაშიფრული მონაცემების დაცვის საშუალება, რეალურად, არ არსებობს. მაგალითად, საჰაერო კოსმოსურმა კომპანიამ შეიძლება მილიარდობით შემოსავალი დაკარგოს, თუ მისი საკუთრების დიზაინს მოიპარავენ. მთავრობის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციები შეიძლება გაიშიფროს იმ შემთხვევაში, თუ გეგმები მოწინააღმდეგის ხელში მოხვდება.
ამის საპასუხოდ, მკვლევრებმა ბოლო წლებში კვანტური რეზისტენტული კრიპტოგრაფიული სქემები შეიმუშავეს. ეს არის დაშიფვრის ახალი ფორმები, რომელთა გატეხასაც მომავალი კვანტური კომპიუტერებიც კი ვერ შეძლებენ. ისინი ცნობილია, როგორც «პოსტ-კვანტური» კრიპტოგრაფია (pqc).
ამერიკის ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ეროვნულმა ინსტიტუტმა (nist) 2022 წლის ივლისში, ახალი pqc სტანდარტების დასაყენებლად ექვსწლიანი პროცესის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ალგორითმების შემუშავებასა და დადასტურებაზე 25-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტი მონაწილეობდა. nist-მა ასევე კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი შექმნა, რომელიც 12 წამყვანი კომპანიისგან შედგება.
2023 წელი კიბერუსაფრთხოებისთვისა და და განვითარებადი კვანტური ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს იქნება ახალი საფრთხეებისგან დაცვის აუცილებლობით განპირობებული წელი, როდესაც საჯარო და კერძო სუბიექტები მიგრაციის პროცესს დაიწყებენ.
კიბერუსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ის ცნობიერებას აამაღლებს და კვანტური ტექნოლოგიების მიღებას სხვა სფეროებში წაახალისებს. ფინანსური სერვისების, ჯანდაცვის, ფარმაცევტული პროდუქტების, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, თავდაცვისა და სხვა ინდუსტრიების პერსპექტიული კომპანიები კვანტური გამოთვლების პოტენციალს გამოიკვლევენ.