ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
5 დეკემბერი 2023, 14:00
2023-12-05
Apple-მა ჟურნალისტებს ნება მისცა, ჩიპების ტესტირების საიდუმლო ლაბორატორია გადაეღოთ
Apple იმ ოთახებს, სადაც თანამშრომლები მომავალ პროდუქტებზე მუშაობენ, მომხმარებლებისთვისა და დაინტერესებული პირებისთვის მაქსიმალურად იდუმალს ხდის — ზოგჯერ იმდენად წარმატებით, რომ ზოგიერთი პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია უშუალოდ პროცესში ჩართულ თანამშრომლებსაც არ აქვთ.
ასე რომ, როდესაც Apple ჟურნალისტებს თავის სამუშაო სივრცეში უშვებს ეს დიდი ამბავია — კომპანიამ CNBC-ის რეპორტიორებს ჩიპების ტესტირების საიდუმლო ლაბორატორიის გადაღების უფლება მისცა. გამოცემის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეპორტიორებმა ამ კონკრეტულ ლაბორატორიაში ვიდეოს გადაღება შეძლეს.
სიუჟეტში ჩიპების ტესტირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ჩანს. ოთახს უტილიტარული სახე აქვს — იქ Apple-ის დახვეწილი სათაო ოფისის სხვა ლაბორატორიებთან შედარებით ნაკლებად მომხიბვლელი ატმოსფეროა.
CNBC -ის მიხედვით, ოთახი თაროებით არის სავსე, რომელზეც Apple-ის ახალი ჩიპების ტესტირებისთვის განკუთვნილი 70 მანქანა დევს. Apple ფერად კოდირებულ სისტემას იყენებს, რათა დაალაგოს, რომელი მანქანა რა ტიპის ჩიპს აწარმოებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საინფორმაციო გამოშვების გადამღებ ჯგუფს კონკრეტულ ლაბორატორიაში ვიდეოს გადაღების საშუალება მიეცა, თუმცა პირველად არ ხდება, როდესაც საზოგადოება Apple-ის ჩიპების ტესტირების პროცესს ნახულობს — Bloomberg-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნაჩვენებია ოთახი მსგავსი წყობით.
Apple საკუთარი ჩიპების წარმოებას მაქსიმალურად ზრის, რადგან სურს, რომ ზოგიერთი ძირითადი ელემენტი, რომლებიც მის პროდუქტებს სრულყოფილ სახეს აძლევენ, გააკონტროლოს.
2020 წელს Apple-მა განაცხადა, რომ Mac-ებისთვის საკუთარი კომპიუტერული ჩიპების შექმნას დაიწყებდა. წინა წლებში კომპანია კომპიუტერული ჩიპებისთვის Intel-თან თანამშრომლობდა.
Apple-ს ჩიპების სერიები აქვს. არსებობს A სერია, რომელიც iPhone-ებისთვის, iPad-ებისთვის, Apple TV-ებისთვის და HomePods-ებისთვის პროცესორებს ქმნის. შემდეგ მოდის ჩიპების M სერია, რომელიც Macbook-ებს და ზოგიერთ iPad-ს ამუშავებს.
Apple უფრო მცირე ჩიპებს თავისი აქსესუარებისთვისაც აწარმოებს. S სერიის ჩიპები Apple Watches-სთვის, ხოლო H და W ჩიპები AirPods-ისთვის არის დამზადებული. კომპანიამ ვირტუალური რეალობის ყურსასმენისთვის, Apple Vision Pro-სთვის, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა, R1 ჩიპი შეიმუშავა.