ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
16 იანვარი 2023, 13:03
2023-01-16
Amazon-ის HR-ები კომპანიიდან გათავისუფლებამდე ახალ სამსახურს ეძებენ
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების მასობრივ შემცირებასთან ერთად, Amazon-ის HR-ებმაც კი დაიწყეს LinkedIn-ის მწვანე ნიშნების ჩართვა იქამდე, სანამ კომპანიიდან ოფიციალურად გაათავისუფლებენ.
რატომ უნდა ელოდო გათავისუფლებას, როცა შეგიძლია, კომპანია უბრალოდ დატოვო?
ამ ნაბიჯს «კარიერული ბალიშები» (career cushioning) ეწოდება, რაც მარტივად რომ ვთქვათ, B გეგმის შედგენას გულისხმობს მაშინ, როცა ჯერ კიდევ დასაქმებული ხარ, მაგრამ სამუშაო ადგილების შემცირება გარდაუვალია.
Amazon-ის ზოგიერთი ჯერაც მოქმედი თანამშრომელი ამ ტაქტიკას აქტიურად იყენებს და LinkedIn-ზე წერს, რომ ახალი სამუშაოსთვის ღიაა.
Amazon-ის ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი კაია ლუკია, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შფოთვა საგრძნობლად გაიზარდა, როცა ნოემბერში მასობრივი შემცირება გამოცხადდა. არდადეგები ახლოვდებოდა, ხარჯები და გაურკვევლობა კი იზრდებოდა.
არდადეგებამდე 1 კვირით ადრე, Amazon-მა თანამშრომლების გათავისუფლების გეგმა შეაჩერა. ლუკი ფიქრობდა, რომ მშვიდად დასვენება შეეძლო, მაგრამ კომპანიამ ახალი, 18 000 ადამიანის მასობრივად გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ლუკის შფოთვა დაბრუნდა.
ლუკი მიხვდა, რომ აქტიურობის დრო იყო.
«უკვე ორთვენახევარია, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ვნერვიულობ, შფოთვით დავიღალე». — თქვა მან.
გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, როდესაც ლუკის ერთ-ერთმა მენეჯერმა LinkedIn-ზე მწვანე ნიშანი ჩართო.
«ის ჩემი ერთ-ერთი ლიდერია. თუ ის ჩვენს შანსებში დარწმუნებული არ არის, მეც აუცილებლად უნდა გავყვე. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ლოიალური არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჯობია, საკუთარ თავს მიხედო». — განაცხადა ლუკმა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკს Amazon-ში დარჩენა სურს, რეზიუმეებს სხვა კომპანიებში მაინც აქტიურად აგზავნის.
რობინ რაინი, რომელიც კარიერულ მწვრთნელად მუშაობს, ფიქრობს, რომ Amazon-ში, რომელსაც 1,5 მილიონი თანამშრომელი ჰყავს, HR-ის სამუშაო რთულია.
«იქ მუშაობა დაუჯერებელია. უმეტესობა ტოვებს სამსახურს. სამუშაოსთვის ეს ზედმეტად სტრესული ადგილია». — თქვა რაიანმა.
ლუკი იმედოვნებს, რომ ლოდინი მალე დასრულდება.
«მათ წერილების გაგზავნა მომავალ კვირას უნდა დაიწყონ. გულწრფელად, აღფრთოვანებული ვარ, რადგან მზად ვარ, საბოლოოდ გავარკვიო, ვრჩები თუ მივდივარ». — განაცხადა ლუკმა.
Amazon ამბობს, რომ თანამშრომლების გათავისუფლება მარტივად მისაღები გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.
«ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მსუბუქად არ ვუყურებთ და გათავისუფლებულების ძალიან კარგად გვესმის» — წერს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ჯასი უახლოეს წერილში მომაცალი შემცირების შესახებ, რომელიც განსაკუთრებით კონცენტრირებული ტექნოლოგიების განყოფილებაზე იქნება.
«ჩვენ დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. პაკეტებს ვთავაზობთ, რომლებიც კომპენსაციას, გარდამავალ ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებელს და გარე სამუშაოს დასაქმების მხარდაჭერას მოიცავს». — განაცხადა ენდი ჯასიმ.