ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეცხოვრების სტილი
8 თებერვალი 2024, 16:28
2024-02-08
12 კვირა წელიწადში — წაიკითხეთ, როგორ მუშაობს დროის მენეჯმენტის ეს სისტემა
გიჭირთ მომავალზე ფიქრი? ისე შორს გეჩვენებათ, რომ თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია? 12-კვირიანი წელიწადი შეიძლება იყოს ის, რაც გჭირდებათ. დროის მენეჯმენტის ეს სისტემა 12-კვირიან სპრინტებში მიზნების დასახვაზეა ფოკუსირებული, რათა ყოველ სამ თვეში ერთხელ დიდ წინსვლას მიაღწიოთ.
12-კვირიანი წელიწადი დროის მართვის სისტემაა, რომელიც ბრაიან პ. მორანის მიერ შეიქმნა — ის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის ავტორია. მორანი 12 კვირიანი წელიწადის არსს ერთი წინადადებით აღწერს: «შეწყვიტე ფიქრი მთლიან წელზე; ამის ნაცვლად, მოკლე ვადებზე ფოკუსირდი».
ორგანიზაციების უმეტესობა გრძელვადიან მიზნებს კალენდარული წლის მიხედვით ადგენს, თუმცა მორანის სისტემა განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს, სადაც «წელი» 12 კვირაა. მიზნებზე ფიქრი უფრო მოკლევადიან სპრინტებში გაიძულებთ, სწრაფად იმოქმედოთ და ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რითაც თავიდან აიცილებთ ხარვეზებს, რომლებიც მთლიან წელიწადზე გათვლილ აზროვნებას ახლავს თან.
როგორ მუშაობს 12-კვირიანი წელიწადი?
რაც შეეხება 12-კვირიანი წლის დაგეგმვას — არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დროის მართვის ამ სისტემის გამოყენებისას უნდა გადადგათ:
დასვით კითხვა «რატომ»
როდესაც იჯდებით და იმაზე იფიქრებთ, მომდევნო 12 კვირის განმავლობაში რისი მიღწევა გსურთ, უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, რატომ იწვევს ის ამ ძალისხმევას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ არის ეს პროექტები/მიზნები მნიშვნელოვანი? როგორ დაეხმარებიან ისინი ჩემს გუნდს?
დაწერეთ ორი განსხვავებული ისტორია: პირველში უნდა ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გსურთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თქვენი ცხოვრება გამოიყურებოდეს. მეორე უფრო მოკლე უნდა იყოს, სადაც ძირითად მიზნებზე ისაუბრებთ, რომელთა მიღწევაც მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში გსურთ.
ჩამოაყალიბეთ მიზნები თითოეულ 12 კვირაზე
12 კვირა იგივეა, რაც სამი თვე, ასე რომ, არსებითად საკუთარ თავს ეკითხებით: რა უნდა გავაკეთო ამ მოკლე დროში?
«არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს 12 კვირა თუ მეოთხედი, ჯადოქრობა ამ მოკლევადიან სპრინტებშია, რომლებიც გეხმარებათ, რომ უფრო კონცენტრირებულნი იყოთ და ასევე რაიმეს გადადებისგან ან დავიწყებისგან გიცავთ». — ამბობს ვებ დეველოპერი, გენკი ჰაგატა.
შექმენით სამოქმედო გეგმა
იმისათვის, რომ პროგრესი დაიწყოთ ქმედითი ნაბიჯების სერია დაგჭირდებათ, რომელიც ფინიშის ხაზამდე მიღწევაში დაგეხმარებათ. დაინიშნეთ რეალისტური ვადები თითოეული დავალების შესასრულებლად და წინასწარ გაითვალისწინეთ პოტენციური დაბრკოლებები.
«მე აღმოვაჩინე, რომ კვარტლების, როგორც ჩემი ძირითადი დროის ჰორიზონტის გამოყენება, სრულყოფილი ბალანსია ყოველდღიური/ყოველკვირეული დაგეგმვის უკიდურესობასა და წლიურ დაგეგმვას შორის». — თქვა თავისუფალმა მარკეტერმა, როქსინ კიმ.
ხშირად გადახედეთ ამ გეგმას
12-კვირიანი წელიწადის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პროგრესის ხშირი მიმოხილვაა — შეგიძლიათ, ზუსტად შეაფასოთ, როგორ მიდის საქმეები. შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები ყოველკვირეულ კალენდარში, რათა მარტივად გადახედოთ იმას, რაც მიღწეულია და რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელი.
«მე ეს მიდგომა მიყვარს და ხშირად ვამოწმებ, თუ როგორ მივდივართ. იმავე მეთოდოლოგიას ჩვენს კლიენტებთან ვიყენებთ და ეს ძალიან ეფექტურად მუშაობს». — Savvy Revenue-ის დამფუძნებელი, ენდრიუ ლოლკი.
შეინახეთ დრო რთული და ღრმა სამუშაოსთვის
თქვენ ასევე დროის სწორად შენახვა უნდა ისწავლოთ — ამ დროს შეგიძლიათ, რომ სტრატეგიულ პროგრესზე კონცენტრირდეთ. ეს შეიძლება სატელეფონო ზარებზე «არას» თქმას და/ან ოფისის კარის დახურვას ნიშნავდეს, მაგრამ ეს განადგურების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ და დავალებების შესასრულებლად რეალური დრო გექნებათ.
«12-კვირიანი წელიწადი ერთადერთი სისტემაა, რომელსაც ვემორჩილები. მას ყოველთვის 100%-ით არ ვიცავ, მაგრამ ეს არის ძირითადი სისტემა, რომელსაც ყველაფრისთვის ვიყენებ!». — ამბობს ბიზნეს სისტემის დიზაინერი, მარი პულინი.
12-კვირიანი წელიწადის ძირითადი ელემენტები
მორანი წერს, რომ რვა ელემენტი არსებობს, რომლებიც დროის მართვის ამ სისტემის წარმატებისთვის გადამწყვეტია:
ხედვა: მყარი ხედვა მომავლის ნათელ სურათს ქმნის.
დაგეგმვა: ეფექტური გეგმა იმ უმთავრეს პრიორიტეტულ ინიციატივებსა და ქმედებებზეა ორიენტირებული, რომლებიც ხედვის მისაღწევად საჭიროა.
პროცესის კონტროლი: პროცესის კონტროლი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
გაზომვა: წინსვლისა და ჩამორჩენის ინდიკატორები, რომლებიც ყოვლისმომცველ უკუკავშირს უზრუნველყოფენ, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესია.
დროის გამოყენება: თქვენი დროის მკაფიო განზრახვით გამოყენება აუცილებელია.
ანგარიშვალდებულება: ანგარიშვალდებულება, საბოლოო ჯამში, კონტროლის ქონაა. ეს თქვენი ხასიათი, ცხოვრებისეული პოზიციაა, ქმედებებისა და შედეგების სურვილი, განურჩევლად გარემოებისა.
ვალდებულება: სხვებისთვის მიცემული დაპირებების შესრულება ძლიერ ურთიერთობებს ამყარებს, ხოლო საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირებების შესრულება ხასიათს, პატივისცემასა და წარმატებას აყალიბებს.
წარმატება: შედეგები არა დიდებულების მიღწევა, არამედ უბრალოდ მისი დადასტურებაა.
თუ რომელიმე მათგანი თქვენს სამუშაო სტილს, სამუშაოს ტიპს ან ზოგადად პერსპექტივას ბუნებრივად არ შეესაბამება, ეს შეიძლება თქვენთვის სწორი სტრატეგია არ იყოს.
როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად — ნანა ჯანაშიას რჩევები
ნანა ჯანაშია 33 წლის IT სპეციალისტია, რომელიც ტექნოლოგიების ენთუზიასტებისთვის საკუთარი YouTube არხით (TechWorld with Nana) არის ცნობილი. ნანას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს და მათთან კომუნიკაციას ხშირად LinkedIn-ის საშუალებით ამყარებს.
15 იანვარს ნანამ გამომწერებს გამოცდილება გაუზიარა — როგორ ახერხებს შაბათ-კვირის შემდეგ პროდუქტიულობისა და მოტივაციის შენარჩუნებას.