ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
8 ნოემბერი 2023, 12:00
2023-11-08
YouTube-ის მიერ რეკლამის დამბლოკავის (ad blocker) აკრძალვა EU-ის კანონებს არღვევს
გასულ კვირას YouTube-მა ad blocker (რეკლამის დამბლოკავი) აკრძალა. ვებ ბრაუზერების გაფართოება, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მომხმარებელი იყენებდა, ახლა YouTube-ის გამოყენებას შეუძლებელს ხდის. აუცილებელია მისი გაუქმება ან ფასიანი პაკეტის ყიდვა.
თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის ამ გადაწყვეტლებით ევროკავშირის პერსონალური მონაცემების კანონი ირღვევა.
პერსონალურ მონაცემთა ექსპერტმა, ალექსანდრ ჰანფმა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში (DPC), რომელიც ევროკვაშირის პერსონალურ მონაცემთა მთავარი რეგულატორია, საჩივარი შეიტანა. ჰანფის მტკიცებით, სისტემა, რომელიც YouTube-ზე რეკლამის მბლოკავს აღმოაჩენს, კონფიდენციალურობას არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, უკანონოა.
«AdBlock-ის აღმომჩენი კოდი ჯაშუშური პროგრამაა — შეუძლებელია, მათ რამე სხვა ვუწოდოთ.ნებართვის გარეშე მისი განთავსება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩემი მოწყობილობების თვალთვალისთვის, უმეტეს სიტუაციაში არაეთიკური და უკანონოა». — უთხრა ალექსანდრ ჰანფმა გამოცემა The Verge-ს.
YouTube-ის მფლობელი Google უარყოფს ბრალდებას, რომ მომხმარებლების კონფიდენციალურობის პოლიტიკა დაარღვია.
რეკლამის ბლოკერების აღმომჩენის წინააღმდეგ ბრძოლაში არაფერია ახალი. ახლა YouTube-ის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, რომელიც მთელ მსოფლიოზე აისახა, საკითხის მიმართ ინტერესი გააღვივა.
ისეთ ვებსაიტებს, როგორიც YouTube-ია, ads blockers-ების აღმოჩენა შეუძლიათ JavaScript-ის კოდის ჩამოტვირთვით, რომელიც ამოწმებს, რამე ხომ არ შეიცვალა გვერდზე, ასევე, შეუძლიათ იმის გამოვლენა, თუ როდის არის დაბლოკილი რეკლამის ჩასატვირთად საჭირო ელემენტები.
Wired-ის ანგარიშის თანახმად, YouTube-ის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის შემდეგ მომხმარებლები რეკორდული სიხშირით აინსტალირებენ და შლიან სხვადასხვა ad blocker-ს — ეძებენ ისეთ მათგანს, რომელიც YouTube-ის შეზღუდვებს გადაურჩა.
პარალელურად, YouTube აცხადებს, რომ ad blocker-ები არღვევენ პლატფორმის მოხმარების წესებს, კრეატორებს კი რეკლამებიდან შემოსავლის მიღებაში ხელს უშლიან.