ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
30 იანვარი 2023, 10:00
2023-01-30
The Economist: ფოტოს სიყალბის დამტკიცება ერთია, მისი ნამდვილობის - მეორე
სიმართლე ომის პირველი მსხვერპლია — ამ ძველი აფორიზმის თანამედროვე და ნათელი მაგალითი უკრაინასა და სირიაში მიმდინარე ომებიდან დამუშავებული, შეცვლილი სურათებისა თუ ვიდეოების გავრცელებაა. ზოგიერთი მათგანი აშკარად ყალბია. დანარჩენები კი გულწრფელად ჩაწერილი მასალის მანიპულირებული ვერსიებია. გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დამუშავებული ვიდეოც გამოჩნდა, რომელშიც მთავარსარდალი ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს.
ტყუილის მსგავსმა მასშტაბურობამ ყალბი სურათებისადმი ახალი და დახვეწილი მიდგომა ჩამოაყალიბა. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ეჭვის შეტანაა უსიამოვნო ფოტოების უტყუარობაში, რომლებიც რეალურად ნამდვილია.
მაგალითად, 2022 წელს რუსების უკრაინაში შეჭრიდან მალევე ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მარიუპოლის დაბომბვისას დასახიჩრებული ახალგაზრდა ქალი ჩანს, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ მოახერხეს. კადრები მალევე რუსულ ტელევიზიაშიც გამოჩნდა, თუმცა, იარლიყით — «ყალბი». იქიდან გამომდინარე, რომ საპირისპიროს დამტკიცება რთულია, (რომ ეს მასალა არ არის დამუშავებული) მსგავსი ბრალდება შესაძლოა სასამართლოშიც კი გასაჩივრდეს.
ამიტომ, ციფრული გამოსახულების ავთენტურობის დადგენის გზები სულ უფრო და უფრო ღირებული ხდება. მათგან ერთი უკვე ხელმისაწვდომია.
Glass-to-glass გამაფრთხილებელი სისტემები სპეციალურ პროგრამულ «ეკოსისტემებს» ქმნიან, რომლებშიც სურათისა და ვიდეოს გადაღება, შენახვა და გადაცემა ისე შეიძლება, რომ მაყურებელს ინფორმაცია თითოეული განხორციელებული ცვლილების შესახებ მიეწოდოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცვლილებები როდის და სად მოხდება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, გამოსახულების მოგზაურობისას — ობიექტივიდან ეკრანამდე.
ერთ-ერთი ასეთი სისტემა საქველმოქმედო ორგანიზაცია EyeWitness to Atrocities-მა შეიმუშავა, რომელიც ლონდონში მდებარეობს. აპლიკაცია ორ რამეს აკეთებს:
პირველი: როდესაც ფოტოს ამ აპლიკაციით აღჭურვილი ტელეფონით იღებთ, ის მოქმედების დროსა და ადგილს ინახავს. მას ზურგს ძნელად უარსაყოფი მოწმეები უმაგრებენ, როგორიცაა gps თანამგზავრები, ახლომდებარე მობილური ტელეფონის ანძები და Wi-Fi ქსელები. ეს ცნობილია, როგორც «მეტამონაცემების კონტროლირებადი აღბეჭდვა» და უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მეტამონაცემების თავად ტელეფონიდან შეგროვება, რადგან ტელეფონის დროისა და მდებარეობის პარამეტრები თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს.
მეორე: აპლიკაცია გამოსახულების მთელ ციფრულ თანმიმდევრობას კითხულობს და სტანდარტულ მათემატიკურ ფორმულას იყენებს, რათა ალფანუმერული მნიშვნელობა გამოთვალოს, რომელიც ცნობილია, როგორც hash. შემდეგ აპლიკაცია მეტამონაცემებსა და hash-ს ფაილში ათავსებს, რომელსაც «მტკიცებულების პაკეტი» (proof bundle) ეწოდება. ის გამოსახულებისგან განცალკევებულია და გამოსახულების დაშიფრულ ასლსა და მისი მტკიცებულების პაკეტს უკვე სპეციალურ სერვერზე აგზავნის.
EyeWitness to Atrocities-ის დირექტორი, ვენდი ბეტსი ამ სერვერს ციფრული მტკიცებულებების საცავს უწოდებს. თუ ფოტოს ავთენტურობის შემოწმება საჭირო გახდა, საკმარისია ციფრული თანმიმდევრობის ხელახლა სკანირება, hash-ის ხელახალი გამოთვლა და უკვე საცავისთვის კითხვა — შეიცავს თუ არა ის იდენტურ hash-ს. თუ სურათის თუნდაც ერთი პიქსელი შეცვლილია, მაშინ ის ვიღაცამ დაამუშავა და გარდაქმნა. და თუ ისინი ემთხვევა, მაშინ სურათი ხელშეუხებელია.
დამატებითი სერვისის სახით, დაახლოებით 80 ადვოკატი საქველმოქმედო ორგანიზაციებში ანაზღაურების გარეშე მუშაობს. კვირაში რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი შემოსულ ფოტოებს განიხილავენ. რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში კი ფოტოებს ლუქავენ და პროკურატურას უგზავნიან, მათ შორის ევროკავშირის სამართალდამცავ სააგენტო ევროპოლს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და უკრაინის გენერალურ პროკურატურას.
თავად უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი EyeWitness-ის გულშემატკივარია, თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაც ავთენტურობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მას ის ფაქტიც მოსწონს, რომ აპლიკაცია საკუთარი საქმიანობის თანმდევი სხვა დაბრკოლების გადალავაშიც ეხმარება: მოწმეების შიში იმისა, რომ სიმართლე გაირკვეს.
EyeWitness-ის სისტემის პირველი ვერსია 2015 წელს გამოვიდა, ამიტომ ხარვეზების უმეტესობა მოგვარებული და აღმოფხვრილია. გასული წლის განმავლობაში უკრაინაში მისი ათვისების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ბეტსი ამბობს, რომ 2022 წელს მიღებული 40 000 წარდგინებიდან, რომელსაც მისი გუნდი იძიებს, 27 000-ზე მეტი უკრაინიდან იყო გაგზავნილი.
განსაკუთრებულად მონდომებულ მომხმარებლებად პოლიციელები და ჟურნალისტები მიიჩნევიან. ასევე არიან უკრაინის ჯანდაცვის ცენტრის ანალიტიკოსები, რომლებიც აპლიკაციას სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმების მტკიცებულებების შესაგროვებლად იყენებენ.
EyeWitness Glass-to-glass სერვისის ერთადერთი მიმწოდებელი არ არის. Guardian Project-მა, რომელიც ადვილად გამოსაყენებელ უსაფრთხო აპლიკაციებსა და ღია კოდის პროგრამულ ბიბლიოთეკებს ქმნის, ნიუ-იორკში, სმარტფონის აპლიკაცია — ProofMode გამოუშვა.
EyeWitness-ის მსგავსად, ProofMode-იც კონტროლირებადი გადაღების მეტამონაცემებსა და სურათის hash-ს მტკიცებულების პაკეტში აერთიანებს. თუმცა, საკუთარი მიმღები სერვერის ოპერირების ნაცვლად, სხვა კომპანიის — Google-ის საცავებს იყენებს.
მალე Guardian Project ახალ ფუნქციას — სინქრონულობას დაამატებს. ეს სურათის მდებარეობასა და გადაღების დროს მსოფლიოს ონლაინ კარტოგრაფს, OpenStreetMap-ს დაუკავშირებს, რაც ადგილსა და დროს შორის შეუსაბამობების შემოწმებას გაამარტივებს.
«ჩვენი იდეა გამოსახულებების რეალურ სამყაროსთან სინქრონიზაციას ემსახურება. ვიმედოვნებ, მალე ისეთ მონაცემთა ბაზებს დავუკავშირდებით რომლებიც, მაგალითად, აფიქსირებენ, როდის და სად მოხდა ქუჩის პროტესტი». — ამბობს Guardian Project-ის დამფუძნებელი, ნათან ფრეიტასი.
გამოსახულების ავთენტურობის მაკონტროლებელი კიდევ ერთი ოპერატორი Truepic, რომელიც კალიფორნიაში დააარსეს, უფრო კომერციულ მიდგომას იყენებს. საქველმოქმედო ორგანიზაციები პროგრამული უზრუნველყოფისთვის არაფერს იხდიან, ამიტომ Truepic ისეთ კომპანიებზე მუშაობს, რომლებიც მომსახურებისთვის სოლიდურ თანხას იხდიან.
Truepic მომხმარებლებს საინტერესო მომსახურებას სთავაზობს: სმარტფონებს იმ მავნე პროგრამებისგან ასუფთავებს, რომლებიც მეტამონაცემების გაყალბების გასაადვილებლად არის შექმილი.
2021 წელს Truepic-მა ძალები Adobe-ს, arm-ს, bbc-ს, Intel-სა და Microsoft-ს შეურთა და მათ კონტენტის ავთენტურობის დასაცავად კოალიცია ჩამოაყალიბეს. მათი მიზანია, რომ მეტამონაცემების შეგროვება, hash-ირებისა და მონაცემთა საცავებში გადაცემის პროცესი კულისებში, ყოველგვარი ჰონორარების გარეშე ხორციელდებოდეს.
მოკლედ, «Glass-to-glass» სისტემები გამოსახულების ავთენტურობის, რეალურობის, ტყუილისა თუ სიმართლის დადგენის აწმყო და მომავალია. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ეს პროცესი დაიწყო, ამიტომ სისტემებს განვითარების უდიდესი პოტენციალი გაააჩნიათ.
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
2024 წლის 2 იანვარს Steam-ის მომხმარებლებმა რუსული თამაში Atomic Heart-ს კატეგორიაში «უნიკალური ვიზუალური სტილი» გამარჯვებულად დაასახელეს. ამ და ყველა სხვა კატეგორიაში გამარჯვებულები სწორედ გეიმერებმა აირჩიეს.
«ვიზუალური სტილის ამოცანა არაა რეალობის ზუსტი რეპროდუქცია (თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანია)… ამის ნაცვლად, მან თამაშს უნდა შესძინოს უნიკალური იერსახე და შეგრძნებები, რომლითაც შეგიძლიათ სრულად და მთლიანად ჩაეფლო მასში», — ნათქვამია კატეგორიის აღწერაში.
dev.ua შეგვახსენებს, როგორ გაჟღენთილია Atomic Heart რუსული პროპაგანდით.
2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების «დამოუკიდებლობა აღიარა». რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ზუსტად ერთი წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში რუსულმა სტუდია Mundfish-მა გამოუშვა თამაში Atomic Heart. მასში მოთამაშე, როგორც KGB-ს აგენტი, ჯერ კიდევ არდანგრეული სსრკ-ის ტერიტორიაზე დარბის და რობოტებზე ნადირობს.