თამაზ გიორგაძის Raisin-ის აქტივების მოცულობა, ბოლო 9 თვეში, 66%-ით გაიზარდა
ქართველი ანტრეპრენერის, თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-კომპანიის, Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობა, ბოლო ცხრა თვეში, 66%-ით გაიზარდა და €50 მილიარდი შეადგინა.
ამის შესახებ გიორგაძემ Linkedin-ის გვერდზე დაწერა. Financial Times-ის ცნობით, aisin-ის მრჩეველთა საბჭოს UBS-ის ყოფილი თავმჯდომარე და გერმანიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, აქსელ ვებერი შეუერთდა.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას გერმანელი ბანკირი მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ შესაძლოა აქსელ ვებერი Raisin-ის თავმჯდომარეც გახდეს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ამ თანამდებობაზე ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და Raisin-ის ადრეულ ინვესტორს, ლადო გურგენიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც მრჩეველთა საბჭოს წევრად დარჩება.
თამაზ გიორგაძემ Financial Times-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ვებერის გამოცდილება კომპანიას ძალიან გამოადგება.
«თუ დღეს, აშკარად, ქვედა საბაზრო სეგმენტში ვოპერირებთ, მომავალში საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტების შემოთავაზებაც გვსურს». — თქვა გიორგაძემ.
Financial Times-ის ინფორმაციით, წელს, Raisin $150 მილიონის შემოსავალს მიიღებს. საერთო ჯამში, დაფუძნების შემდეგ, კომპანიას 1.3 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო დეპოზიტებზე დარიცხულმა სარგებელმა €1 მილიარდს გადააჭარბა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, საშუალო საბაზრო სარგებელთან შედარებით, დაახლოებით €570 მილიონით მეტია.
თამაზ გიორგაძის თქმით, კომპანიის აქტივების მოცულობის ბოლოდროინდელი 66%-იანი ზრდის უდიდესი ნაწილი, სწორედ გერმანიის გარედან მოდის, მაგრამ კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან, ანტრეპრენიორს არ დაუკონკრეტებია. დღევანდელი მდგომარეობით, Raisin გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ოპერირებს.
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.